საქართველოს 2005-2006 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ფარგლებში მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის კომპონენტით განხორციელებული ოპერაციის ფინანსურ-ბუღალტრული გატარებისა და პროგრამის ხარჯის დაზუსტების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №410
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს 2005-2006 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ფარგლებში მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის კომპონენტით განხორციელებული ოპერაციის ფინანსურ-ბუღალტრული გატარებისა და პროგრამის ხარჯის დაზუსტების შესახებ
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია მიეკუთვნება უმძიმეს დაავადებათა რეგისტრს და სათანადო მაღალტექნოლოგიური მკურნალობის გარეშე იწვევს ლეტალურ დასასრულს. საკითხის მაღალი მორალურ-ეთიკური კოეფიციენტისა და სამკურნალო ღონისძიებების რესურსტევადობის გათვალისწინებით თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიით დაავადებულ პაციენტთა დიალიზითა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციით უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო.
2004 წელს მოსახლეობის სტაციონარული დახმარების, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საშუალებით ხორციელდებოდა, ხოლო 2005 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თანახმად ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს გადაეცათ.
იმისათვის, რომ 2005 წლის პროგრამა არ შეწყვეტილიყო და ამით საფრთხე არ შექმნოდა პაციენტთა სიცოცხლეს, მასალების ვარგისიანობის ვადების გათვალისწინებით ფონდის მარაგში არსებული მედიკამენტური ნაშთი, სულ 842 807 ლარის ღირებულების სადიალიზო მასალები, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის მიერ მოწოდებული ნუსხის საფუძველზე პირდაპირი წესით გადაეცათ შესაბამისი პროგრამის მონაწილე კლინიკებს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციის ფინანსურ-ბუღალტრული გატარების მიზნით არსებული პირველადი დოკუმენტების თანახმად და საქართველოში მოქმედი საფინანსო-საბუღალტრო წესების დაცვით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სამმხრივი შეთანხმების ოქმის საფუძველზე შეთანხმდნენ ზემოთ აღნიშნული ოპერაციის საბალანსო ჩასწორების თაობაზე.
მიმდინარე პერიოდისათვის აღნიშნული პროგრამა დეფიციტურია, რადგანაც ბოლო პერიოდში პროგრამის მონაწილე ავადმყოფების საერთო რიცხვი გაიზარდა. საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის მიერ 2005 წელს შესრულებული სამუშაოს ნაწილი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დღემდე არ აუნაზღაურებიათ.
ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად:
1. მიღებულ იქნეს ცნობად:
ა) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამის უწყვეტობის მიზნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით 2005 წელს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიით დაავადებულ პაციენტთა დიალიზითა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციით უზრუნველსაყოფად გასცა თავის ბალანსზე რიცხული სადიალიზო საშუალებათა ნაშთი და რომ ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საბალანსო ჩასწორებები;
ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა სრულად ვერ აანაზღაურეს საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიის და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის მიერ 2005 წელს შესრულებული სამუშაო.
2. ეთხოვოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის მიმართ 2005 წლის პროგრამის ფარგლებში არსებული დავალიანების დაფარვა.
3. ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის სახელმწიფო პროგრამის 2006 წლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიეცეს უფლება ამ პროგრამის ფარგლებში 2006 წლის ფაქტობრივი ხარჯვა განახორციელოს მის მიერ 2005 წლის პროგრამის შესასრულებლად გადაცემული მედიკამანტებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დავალიანების დაფარვის შედეგად საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირში შექმნილი მედიკამენტური და ფულადი ნაშთების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი