„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ და „ჰ4“ ქვეპუნქტები:
„ჰ3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება), და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1121 მუხლი:
„მუხლი 1121
1. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება იმ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებების მიერ, თუ:
ა) პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა მისი ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის, მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის ან გარდაცვლილთან სხვაგვარად დაკავშირებული პირის მოძიება (დადგენა);
ბ) პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გამოყენებაზე;
გ) დაცულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა.
2. დაუშვებელია სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მისი (მათი) ამგვარად გამოყენება შელახავს გარდაცვლილის რელიგიურ შეხედულებებს.
3. საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყოს მისი დაკრძალვა დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4921–Iს