1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით პესტიციდებთან მუშაობის დროს, მ.შ. პრეპარატების სხვადასხვა ხერხებით შეტანისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენება, ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და გარემოს დაცვის წესების მკაცრი შესრულება.
2. საშიშროების I კლასის პესტიციდებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ პირები, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან პროფესიული მომზადება.
3. გლეხურ/ფერმერულ/კუსტარულ და ოჯახურ მეურნეობებში პესტიციდების გამოყენებისას უნდა იყოს დაცული ტარის ეტიკეტზე და გამოყენების რეკომენდაციებში „პესტიციდების მარკირების წესის“ შესაბამისად მოყვანილი უსაფრთხოების ზომები.
4. დაქირავებული პერსონალი, რომელიც უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას პესტიციდების გამოყენების, ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციის სამუშაოთა ორგანიზებასა და შესრულებაში, შეირჩევა იმ პირებისაგან, რომელთაც გააჩნიათ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან მომზადება პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების საკითხებში.
5. პესტიციდებთან, შრომის მავნე და საშიშ პირობებში მომუშავე პირები არსებული წესის მიხედვით, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯებით, გადიან პერიოდულ სამედიცინო შემოწმებებს და პესტიციდებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქტაჟს.
6. პირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს სამუშაოს შესრულებას, ვალდებულია, პესტიციდებთან მომუშავე პირებს, დაუხასიათოს გამოსაყენებელი პრეპარატები, გააცნოს ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედების თავისებურებანი, უსაფრთხოების წესები, საწარმოო და პირადი ჰიგიენის მოთხოვნები, ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ტექნიკური უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, გააცნოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ღონისძიებანი.
7. საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სთ-ს, დანარჩენი პესტიციდების შემთხვევაში 6 სთ-ს. მფრინავთა ეკიპაჟის მუშაობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სპეციალური ინსტრუქციები. პესტიციდებთან მუშაობის დღეებში მომუშავენი ღებულობენ სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად გათვალიწინებულ სხვადასხვა პროდუქტებს. ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში (4 სთ-ის ზევით), შრომის ანაზღაურება მოხდება „შრომის კოდექსის“ მიხედვით.
8. ყველა პირი, ვინც პესტიციდებთან მუშაობს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
9. პესტიციდებთან მუშაობის ადგილიდან 100 მ-მდე მოშორებით (გაბატონებული ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხრიდან) უნდა მოეწყოს მცირე მოედნები დასვენებისა და საკვების მისაღებად, უნდა მოხდეს მომარაგება სასმელი წყლით, თითოეული პირი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებით და პირველადი დახმარების აფთიაქით, რომელიც კომპლექტდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების (შხამქიმიკატების) შენახვა-ტრანსპორტირების და გამოყენების მოქმედი სანიტარიული წესების თანახმად.
10. პირველადი დახმარების აფთიაქით უზრუნველყოფა ევალება: პესტიციდების შენახვისა და ტრანსპორტირების დროს პესტიციდების მფლობელს, ხოლო მათი გამოყენებისას – იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლის ნაკვეთებზეც ხდება პესტიციდების გამოყენება. პესტიციდებთან მუშაობის ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ვალდებულია თვალყური ადევნოს მომუშავეთა მდგომარეობას. მუშაკის პირველივე ჩივილისას პასუხისმგებელმა პირმა უნდა მოარიდოს ის სამუშაოდან, აღმოუჩინოს მას პირველადი დახმარება, გამოუძახოს ექიმს.
11. პესტიციდებთან მომუშავენი ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები. სამუშაოთა მიმდინარეობისას დაუშვებელია საკვებისა და წყლის მიღება, მოწევა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოცილება; ეს დასაშვებია დასვენების დროს, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე.
12. ნათესების, ნარგაობათა და სხვა ობიექტების ქიმიური დამუშავება ხდება მათი წინასწარი დათვალიერების და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მიერ დამუშავების მიზანშეწონილობის შესახებ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
13. მცენარეთა ქიმიური დამუშავებისათვის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ „სახელმწიფო კატალოგით“ ნებადართული პესტიციდები.
14. პრეპარატის მოხმარებამდე უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობის ვადები და გამოყენების მიზანშეწონილობა ეტიკეტზე მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე.
15. პესტიციდების გამოყენება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული გამოყენების რეკომენდაციებით, აგრეთვე წინამდებარე წესების შესაბამისად. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას, სამუშაო ხსნარების ხარჯვის ნორმას და დამუშავებათა ჯერადობას. აკრძალულია ხარჯვის ნორმის და დამუშავების ჯერადობის გაზრდა იმასთან შედარებით, რაც „სახელმწიფო კატალოგშია“ ნაჩვენები.
16. პესტიციდების გამოყენება ხდება რეკომენდირებულ ვადებში, დასაცავი მცენარისა და მავნე ორგანიზმების ბიოლოგიის გათვალისწინებით. განსაკუთრებით მკაცრად უნდა იქნეს დაცული მოსავლის აღების წინა /ბოლო/ დამუშავების ვადები, ანუ ლოდინის პერიოდი, რომელიც ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.
17. საქონლის ძოვების ვადები დამუშავებულ ნაკვეთებზე ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“, აკრძალულია პესტიციდებით დამუშავებული ნაკვეთიდან აღებული სარეველებით საქონლის გამოკვება.
18. პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ ფერმერები აკეთებენ ჩანაწერებს. ფერმერულ მეურნეობებში ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს სამუშაოთა ხარისხის შემოწმების, მაკონტროლებელი ორგანოების მიერ პროდუქციის ჰიგიენური შეფასებისათვის და გასაყიდი ან მოსამარაგებლად მომზადებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი საბუთის შესადგენად, აგრეთვე აუცილებელ პირობას პროდუქტებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდების დაშლის დინამიკის დასადგენად.
19. საშიშროების I კლასის პესტიციდებით დამუშავებული ნაკვეთების ნაპირებზე უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი კონტრასტული ნიშნები, ერთი ნიშნიდან მეორემდე მხედველობის მანძილზე. ნიშნები აიღება მას შემდეგ, როცა გაივლის დადგენილი ვადები საველე სამუშაოზე მომსახურე პერსონალის გასვლისა, საქონლის ძოვებისა და მოსავლის აღებისათვის. მოსავლის აღების ვადები (ანუ ლოდინის პერიოდი) ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.
20. პესტიციდებით ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს დილით ადრე ან საღამოს საათებში. ღრუბლიან ან გრილ ამინდებში, როგორც გამონაკლისი, შესაძლებელია მათი გამოყენება დღის საათებშიც.
21. პირები რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების გამოყენების ეფექტურობის შემოწმებას, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
22. ქიმიურ დამუშავებების დროს დაცული უნდა იყოს აუცილებელი უსაფრთხოების ზომები, რომ გამოირიცხოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და საკვები პროდუქტების პესტიციდებით ზენორმატიული დაბინძურება. ჰიგიენური ნორმატივები დამტკიცებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.
23. საავიაციო-ტექნიკური სამუშაოებისათვის ნაკვეთების გამოყოფისას აუცილებელია მკაცრად იქნეს დაცული დადგენილი დაცვითი ზონები მგრძნობიარე კულტურების მიმართ, მათ შორის, მოსაზღვრე ტერიტორიებზეც.
24. პესტიციდების ზემოქმედებისაგან ფუტკრების დაცვის მიზნით ნაკვეთების დამუშავება უნდა მოხდეს საღამოს საათებში მიწისზედა აპარატურის გამოყენებით, ამასთან, სკები აუცილებელია გატანილ იქნეს შესხურების ადგილიდან 1-5 კმ-ის დაშორებით ან მოვახდინოთ ფუტკრის იზოლირება „სახელმწიფო კატალოგში“ ნაჩვენები დროის განმავლობაში.
25. ფერმერული მეურნეობების ტერიტორიაზე განლაგებულ წყლის ობიექტებზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით, უნდა დადგინდეს წყალსატევების (მათ შორის, თევზ-სამეურნეო) დაცვის სანიტარიული ზონები. ასეთ ზონებში პესტიციდების გამოყენების შეზღუდვები განსაზღვრულია „სახელმწიფო კატალოგით’’, აგრეთვე კონკრეტული პრეპარატების გამოყენების დამტკიცებული რეკომენდაციებით.
26. მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში უნდა დაინერგოს სურსათის წარმოებისას პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა, დადგინდეს ამ საფრთხეების საკონტროლო კრიტიკული წერტილები, დაინერგოს მათი მონიტორინგის მეთოდები. გატარდეს სათანადო ზომები საფრთხეთა რეალიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნი