1. თესლის ცენტრალიზებული წესით შეწამვლა ხორციელდება მეთესლეობის ობიექტზე, რომელთა მოწყობა და ექსპლოატაცია უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ ჰიგიენურ მოთხოვნებს და პასუხობდეს სასურსათო და საფურაჟე მარცვლის, ზეთოვანი კულტურების და ბალახების აღების შემდგომ დამუშავების, შენახვის არსებულ ნორმებს.
2. თესლის დამამუშავებელი სტაციონარული შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომდენგამწოვი ვენტილაციით და ასპირაციული მოწყობილობებით სამუშაო ადგილებზე. ორგანიზებული უნდა იყოს საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლი სამუშაო ზონის ჰაერში საშიშროების პირველ-მეორე კლასის პესტიციდების შემცველობაზე.
3. შესაწამლი ობიექტები უნდა განლაგდეს ქარის გაბატონებული მიმართულების და განაშენიანების პერსპექტიული გეგმის გათვალისწინებით 100 მ-ში საცხოვრებელი ადგილებიდან, ცხოველთა და ფრინველთა სადგომებიდან, წყალმომარაგების ობიექტებიდან. აკრძალულია მათი განლაგება კურორტების, ნაკრძალების, აგრეთვე თევზსარეწი წყალსატევების სანიტარიული დაცვის ზონებში.
4. თესლის დეცენტრალიზებული შეწამვლა ტარდება ფერმერულ მეურნეობაში ღია ცის ქვეშ ან მსხვილი ფერმერული მეურნეობების სპეციალურ შენობებში ტექნიკური რეგლამენტის – „მცენარეთა დაცვა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლისა და სარგავი მასალის შეწამვლის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
5. თესლის შეწამვლის წინ უნდა განისაზღვროს მისი სათესად საჭირო რაოდენობა. შეწამვლას ექვემდებარება ისეთი თესლი, რომელიც მიყვანილია სათეს კონდიციამდე.
6. ფერმერულ მეურნეობებში თესლის შესაწამლი მოედნები უნდა განლაგდეს ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლების დონე იქნება არანაკლებ 1.5 მ. მოედანს უნდა ჰქონდეს დაქანება, გააჩნდეს ფარდულის ტიპის გადახურვა, მყარი საფარი /ასფალტი, ბეტონი/. არ დაიშვება ნიაღვრის ნადენის მიშვება წყლის ობიექტებში მისი წინასწარი გაუვნებელყოფის გარეშე.
7. ფერმერული მეურნეობის თესლის შესაწამლი ადგილი უნდა იყოს შემოფარგლული მწვანე ნარგავებით, რათა არ მოხდეს პესტიციდების გაფრქვევა სახვა ნარგავებზე.
8. თესლის შესაწამლ ობიექტზე გასათვალისწინებელია კედლების მოპირკეთება მათი წყლის ნაკადით გარეცხვის მიზნით; იატაკის საჭირო დაქანება წყლის ნაკადის ჩადინებისათვის და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები.
9. შეწამლული თესლის ჩატვირთვა უნდა მოხდეს მყარ, პესტიციდებისათვის გაუმტარ და ჩასატვირთ მოწყობილობასთან მჭიდროდ მორგებულ ტომრებში, ან სათესლე მანქანის ჩამტვირთავში. ტომრებს უნდა გაუკეთდეს წარწერა „შეწამლულია“.
10. არ დაიშვება შეწამლული და დაფასოებული თესლის სხვა ტარაში გადატანა.
11. შენობებში, სადაც ტარდება თესლის შეწამვლა და მათი დაფასოება, აკრძალულია სხვა სამუშაოთა წარმოება.
12. გამოყენებული პესტიციდების ნარჩენი ბრუნდება საწყობში, სამუშაო მოწყობილობებს უკეთდება გაუვნებელყოფა.
13. შეწამლული თესლის შენახვისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციალური სათავსი.
14. შეწამლული თესლის შენახვის, დატვირთვა-ტრანსპორტირების დროს და მისი თესვისას, აუცილებელია დავიცვათ ისეთივე უსაფრთხოების ღონისძიებანი, როგორც პესტიციდებთან მუშაობის დროს.
15. შეწამლული თესლის გაცემა თესლის შესაწამლ ობიექტზე უნდა ხდებოდეს პასუხისმგებელი პირის ნებართვით, მისი აღრიცხვით. გამოუყენებული თესლი /ნაშთი/ უნდა დაბრუნდეს საწყობში. შეწამლული თესლის ნაშთი უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსში მომავალ წლამდე, პესტიციდებისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.
16. შეწამლული თესლი უნდა ინახებოდეს მჭიდროქსოვილიან ქაღალდის ან პოლიეთილენის ტომრებში.
17. აკრძალულია შეწამლული თესლის შერევა შეუწამლავთან, მისი საკვებად და ფურაჟის სახით გამოყენება, აგრეთვე შეწამლული თესლის შენახვა საკვებად და საფურაჟედ გამოყოფილ თესლთან ერთად. აუცილებელია შეწამლული თესლის აღრიცხვა.
18. აკრძალულია შეწამლული თესლის დამატებითი დამუშავება-დაყალიბება, გაწმენდა, დახარისხება და სხვ.
19. შეწამლული თესლის გადაზიდვა შეიძლება მჭიდროდ ნაქსოვი ტომრებით და თესლის სათესი მანქანების საშუალებით.
20. შეწამლული თესლისათვის გამოიყენებენ მხოლოდ გამართულ სათესებს. სათესლე ყუთის სახურავი მჭიდროდ უნდა იხურებოდეს. თესლის დონის გათანაბრება უნდა ხდებოდეს ხის ნიჩბები