1. პესტიციდების გამოყენება საავიაციო მეთოდით რეგლამენტირდება კონკრეტული პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. საავიაციო შესასხურებლების გამოყენებისას პესტიციდის ხარჯვის ნორმები და შესასხურებელი აპარატების გადაადგილების სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს თვითმფრინავის მუშაპარამეტრებს (მოდების განი და სიჩქარე).

3. საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას ტარდება მინდვრების წინასწარი დათვალიერება მათი დამუშავების შესაძლებლობის დასადგენად, რომელიც თანხმდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან.

4. საავიაციო სამუშაოები პესტიციდების შესატანად სოფლის და სატყეო მეურნეობებში უნდა ტარდებოდეს ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარიული და გარემოს დაცვითი მოთხოვნების შესაბამისად.

5. საავიაციო სამუშაოები ტარდება მაშინ, როცა არსებობს შემჭიდროებულ ვადებში დიდი ფართობების დამუშავების აუცილებლობა. სამუშაოების ჩატარებისას უპირატესობა ეძლევა საფრენ აპარატებს, მ.შ. მსუბუქ აპარატებს, რომლებსაც ახასიათებს ფრენის დაბალი სიმაღლე (არ აღემატება 2-5 მ-ს მცენარიდან) და სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა შეადგენს 1-10 ლ-მდე ჰა-ზე, რაც უზრუნველყოფს პესტიციდების მიზანმიმართულ დატანას ნათესების დამუშავებისას და მომიჯნავე ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბინძურების აცილებას.

6. ტყის მასივების დამუშავებისას აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება, განსაზღვრული ვადით სოკოებისა და ველურად მოზარდი კენკროვნების შეგროვების აკრძალვის თაობაზე.

7. აკრძალულია საავიაციო სამუშაოების ჩატარება პესტიციდების გამოყენებით დასახლებული პუნქტებისა და დასვენების ზონების თავზე, გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ზონების, მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების წყალდამცავი ზონების თავზე.

8. აკრძალულია პესტიციდებით იმ ნაკვეთების თვითმფრინავით დამუშავება, რომლებიც იმყოფებიან დასახლებულ პუნქტებთან 2 კმ-ზე უფრო ახლოს. პესტიციდებით ავიადამუშავების დროს დგინდება აუცილებელი სანიტარიული დაცვითი ზონები:

ა) თევზსსამეურნეო წყალსატევებიდან, მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებიდან, საქონლის სადგომებიდან, მეფრინველეობის ფერმებიდან, საძოვრებიდან, ნაკრძალების ტერიტორიებიდან, ბუნებრივი /ეროვნული/ პარკებიდან 2 კმ-ის დაშორებით; სკებიდან 5კმ-ის დაცილებით;

ბ) სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა ადგილებიდან, აგრეთვე თბური დამუშავების გარეშე გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ფართობებიდან – არანაკლებ 2კმ-ის დაშორებით.

9. მსუბუქი საფრენი აპარატი, რომლის წონა არ აღემატება 3000 კგ-ს, მუშაობს მყარი გრუნტის ან ბალახის ასაფრენი ზოლიდან. ასეთი აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს მცირემოცულობიანი გამფრქვევი მოწყობილობებით.

10. სანიტარიულ-დაცვითი ზონა ამ ტიპის აპარატებისათვის უნდა იყოს თევზსსამეურნეო წყალსატევებიდან, მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებიდან, საქონლის სადგომებიდან, მეფრინველეობის ფერმებიდან, საძოვრებიდან, ნაკრძალების ტერიტორიებიდან, ბუნებრივი /ეროვნული/ პარკებიდან არანაკლები 500 მ-ის, სკებიდან 2-5 კმ-ის დაშორებით.

11. ავიადამუშავება დასაშვებია, როცა სამუშაო სიმაღლეზე ქარის სიჩქარე არ აღემატება 3-5 მ/წმ-ს.

12. საავიაციო პერსონალი, რომელიც ატარებს საავიაციო სამუშაოებს, გადის სამედიცინო შემოწმებას მოქმედი წესის შესაბამისად.

13. საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას პესტიციდებთან მომუშავე შემსრულებელ პერსონალს უტარდებათ ინსტრუქტაჟი თავიანთი მოვალეობის შესრულების, თვითმფრინავის /საფრენი აპარატის/ ტექნიკური უსაფრთხოების, აეროდრომზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესახებ.

14. პესტიციდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვით და სატრანსპორტო სამუშაოებით, პესტიციდების სამუშაო ნაზავების შემზადებით და საჰაერო აპარატების ამ ნაზავით გამართვით დაკავებულ პირებს უტარდებათ დამატებითი /რიგგარეშე/ ინსტრუქტაჟი ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარიული წესების შესახებ.

15. საავიაციო სამუშაოთა რაიონში დასაქმებული ეკიპაჟი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით მოქმედი ნორმების შესაბამისად.

16. თვითმფრინავებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, დასახლებული პუნქტებიდან განლაგებულნი უნდა იყოს 2 კმ-ის დაშორებით სავარაუდო უსაფრთხოების ზოლის ბოლო ნაწილიდან და 1კმ-ის დაშორებით უსაფრთხოების გვერდითი ზოლის მხრიდან დასახლებული პუნქტებიდან და წყალმომარაგების წერტილებიდან.

17. სპეციალურად გამოყოფილი ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეგაზაციო საშუალებებით, სასოფლო-სამეურნეო აპარატურისა და დამცავი საშუალებებით ტანსაცმლის პესტიციდებისაგან პერიოდული გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის.

18. თხევადი სამუშაო ნაზავები მზადდება და იტვირთება თვითმფრინავში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ ჩასატვირთ მოედნებზე.

19. პესტიციდებთან მუშაობის ხანგრძლივობა მფრინავი და ტექნიკური შემადგენლობისათვის დგინდება პესტიციდების საშიშროების კლასის მიხედვით, ამ კატეგორიის მუშაკთა სამუშაო და დასვენების დროის შესახებ მოქმედი რეგლამენტების საფუძველზე.

20. საავიაციო შესხურებისას აპარატურა აღჭურვილ უნდა იყოს საიმედო ნაკვეთური მიწყობილობით. აკრძალულია გაუმართავი ნაკვეთური მოწყობილობით მუშაობა, გაუმართავი ტექნიკისა და თვითმფრინავის ექსპლოატაცია.

21. საავიაციო სამუშაოთა დაწყებამდე თვითმფრინავის მეთაური ვალდებულია გაეცნოს დასამუშავებელ მინდვრებს უშუალო დათვალიერების გზით და განსაზღვროს ის უბნები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამის გამო ექვემდებარებიან წუნდებას.

22. თვითმფრინავით დამუშავებისას ერთიანი გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა განთავსდეს 500 მ-ში დასამუშავებელი ნაკვეთიდან. ნიშნები აიღება მხოლოდ განსაზღვრული საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ.

23. თვითმფრინავის მეთაურმა თვითმფრინავი უნდა დააბრუნოს აეროდრომზე, თუ დასამუშავებელ ფართობთან მიახლოვებისას ამ ნაკვეთზე, ან სანიტარიულ-დაცვითი ზონის ფარგლებში /500 მ დასამუშავებელი ფართობიდან/ შეამჩნია ადამიანები ან საქონელი.

24. თვითმფრინავი და სასოფლო-სამეურნეო აპარატურა აუცილებელია იწმინდებოდეს მათზე მოხვედრილი პესტიციდებისაგან მუშაობის პროცესში და სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, თვითმფრინავის და მათი სასოფლო-სამეურნეო აპარატურის პესტიციდებისაგან და მინერალური სასუქებისაგან გასუფთავების, გარეცხვისა და დეგაზაციის ტექნოლოგიის შესახებ მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

25. თვითმფრინავებისა და სასოფლო-სამეურნეო აპარატურის პირველადი გასუფთავება პესტიციდების ნარჩენებისგან ხდება სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გამართულ ადგილზე (წყლის მძლავრი ჭავლით, ჩამორეცხვით).

26. თვითმფრინავისა და მათი აპარატურის რეცხვის დროს ჩამონადენი წყალი უნდა შეგროვდეს სპეციალურად მოწყობილ მიმღებ რეზერვუარებში, სადაც უნდა მოხდეს მისი გაუვნებლობა. ჩამდინარე წყლის ნეიტრალიზაციას ახდენენ მიმღებ ორმოებში. ისინი ნახევრად შევსებული უნდა იყოს. წყლის მოცულობას ამოწმებენ სპეციალური დანაყოფებიანი ლარტყით. თუ ჩამდინარე წყალი დაბინძურებულია ერთი პესტიციდით, მაშინ ნეიტრალიზაცია ტარდება შერჩევითი გამანეიტრალებელი საშუალებით. თუ ჩამდინარე წყალი დაბინძურებულია პრეპარატების კომპლექსით, ნეიტრალიზაცია ტარდება მწვავე ნატრიუმის ხსნარით.

27. აღნიშნული კატეგორიის გაუვნებელყოფილი და გაწმენდილი წყლის გადადინება კანალიზაციის სისტემაში ან ზედაპირულ წყალსატევებში ხორციელდება მოქმედი გარემოსდაცვითი და სანიტარიული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისა