მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №290

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:

1. ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის ერთჯერადი ღონისძიების სახით შემოღებულ იქნეს ელექტროენერგიის ვაუჩერი – 20 ლარის ოდენობით; ხოლო დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ (რეგისტრირებულ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ვაუჩერის ნაცვლად ერთჯერადი ღონისძიების სახით გაიცეს ფულადი სოციალური დახმარება, ოჯახზე – 20 ლარის ოდენობით.

2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ვაუჩერი – განკარგულებით გათვალისწინებული მომხმარებლებისათვის განკუთვნილი მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ავტომატურად ანიჭებს ვაუჩერის მოსარგებლეს მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ერთჯერადად 20 ლარის ოდენობის შეღავათს. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ბ) ელექტროენერგიის მომხმარებელი – №2 და №3 დანართებით განსაზღვრული ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რომელმაც მიიღო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 და 2011 წლის 17 დეკემბრის №2475 განკარგულებებით გათვალისწინებული შეღავათი ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად;

გ) ვაუჩერის მოსარგებლე – №2 დანართით განსაზღვრული მომხმარებელი.

3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:

ა) ავტომატურად, ერთჯერადად მიიღოს მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ღირებულების 20‑ლარიანი შეღავათი; ან

ბ) 2012 წლის 1 ივლისამდე თავის პირად ბარათზე არსებული 20‑ლარიანი შეღავათი ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით აჩუქოს სხვა ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ამის საფუძველზე ავტომატურად ისარგებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 20‑ლარიანი შეღავათით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს:

ა) №1 დანართის შესაბამისი ფორმისა და №2 დანართში მოცემული სიის მიხედვით 20‑ლარიანი ელექტროენერგიის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;

ბ) დაბეჭდილი სახელობითი ვაუჩერებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება, რომლებიც იდენტური იქნება შესაბამისი ვაუჩერის მოსარგებლის სააბონენტო ნომრისა;

გ) 2012 წლის 1 აპრილამდე განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული მომხმარებლებისათვის ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებები, ხოლო მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე არყოფნის შემთხვევაში – სააგენტოდან მისი გაცემა 2012 წლის 1 ივლისამდე;

დ) №3 დანართის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ (რეგისტრირებულ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის 20 ლარის გაცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, ამ ღონისძიების განხორციელებისათვის გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სოციალური გასაცემლების თაობაზე შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან უკვე არსებული კონტრაქტი;

ე) 2012 წლის 30 მარტამდე:

ე.ა) №2 დანართით განსაზღვრული ვაუჩერის მოსარგებლეებისათვის შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი) გადარიცხვა, მოსარგებლეებისათვის ვაუჩერის გადაცემის მიუხედავად;

ე.ბ) №3 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე – 20 ლარი) გადარიცხვა შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. ამავდროულად, ამ დახმარების მიმღებად განისაზღვროს №3 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი, მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.

5. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა უზრუნველყონ:

ა) თანხის ჩარიცხვისთანავე მისი ასახვა იმ მოსარგებლეთა პირად ბარათებზე (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი), რომლებიც განისაზღვრებიან №2 დანართის შესაბამისად;

ბ) ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში დასაჩუქრებულისათვის (ვის სასარგებლოდაც გაჩუქდა ვაუჩერი) 20‑ლარიანი შეღავათის ასახვა ელექტროენერგიის მომხმარებლის პირად ბარათზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან სხვადასხვა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის აბონენტები;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა მომხმარებლებისათვის ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გადაცემის აღრიცხვის (რეესტრი) წარმოება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმის იდენტიფიცირება, რომ ნაჩუქარი ვაუჩერის სადისტრიბუციო კომპანიაში წარმდგენი პირი და ამ ვაუჩერით დასაჩუქრებული აბონენტი ერთი და იგივე პირია ან არის დასაჩუქრებული აბონენტის მისამართზე რეგისტრირებული პირი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ე) ვაუჩერის დარიგების პროცესში სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა იმ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება აბონენტის მისამართის მიგნება.

6. დამტკიცდეს:

ა) ვაუჩერის ფორმა – №1 დანართის შესაბამისად;

ბ) 1,212,891 მომხმარებლების სია – №2 დანართის შესაბამისად;

გ) 38,907 კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სია – №3 დანართის შესაბამისად;

დ) „ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი“ – №4 დანართის შესაბამისად.

7. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში.

8. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა (გარდა კანონმდებლობით მისთვის უკვე განსაზღვრული რაოდენობისა) გაზარდოს 2 900 ერთეულით. სააგენტომ უზრუნველყოს შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასების გაცემისათვის საჭირო საბანკო მომსახურების შესყიდვა, რომლის საფუძველზეც საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშების გახსნას და მიწოდებული რეესტრის შესაბამისად შრომის ანაზღაურების თანხების განაწილებას შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის.

9. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის სააგენტომ უზრუნველყოს საინფორმაციო კლიპების დამზადება და განთავსება.

10. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა“ ფარგლებში პროგრამულ კლასიფიკაციაში დაამატოს ქვეპროგრამა „მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნველყოფა“;

ბ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 25 629 000 (ოცდახუთი მილიონ ექვსას ოცდაცხრა ათასი) ლარი;

გ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გათვალისწინებული პროგრამის „იუსტიციის სახლების ფარგლებში მომსახურებათა ეფექტიანი წარმოება და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა“ ასიგნებები შეამციროს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

 

 

 „დანართი №4

ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);

ბ) პერსონალური რეესტრი – სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია №2 დანართით გათვალისწინებული ბენეფიციარების საკონტაქტო მონაცემები და რომლის საფუძველზეც ხორციელდება მოსარგებლეთათვის ვაუჩერის დარიგება;

გ) სადისტრიბუციო კომპანია – მოსარგებლისათვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი სადისტრიბუციო კომპანია.

    მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები

1. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერის სტამბური წესით პერსონიფიცირებული (აბონენტის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების ბეჭდვას.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისი ელექტრონული სიით.

    მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

1. მოსარგებლეს ვაუჩერი გადაეცემა პერსონალური რეესტრის საფუძველზე, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.

2. ვაუჩერის მიმღები შეიძლება იყოს აბონენტის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). 2012 წლის 1 ივლისამდე მომხმარებლისათვის ვაუჩერი შესაძლებელია აგრეთვე გადაცემულ იქნეს სააგენტოში მისი მომართვის შემთხვევაშიც.

    მუხლი 4. ანაზღაურება საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის შესაბამისად

1. ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათი აბონენტის პირად ბარათზე აისახება ავტომატურად, ვაუჩერის დარიგებამდე და არ არის საჭირო მისი წარდგენა სადისტრიბუციო კომპანიაში.

2. მომსახურე სადისტრიბუციო კომპანიის სერვისცენტრში ვაუჩერის წარდგენა სავალდებულოა:

ა) თუ 2012 წლის 30 მარტამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე;

ბ) ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის სხვა აბონენტისაგან საჩუქრად მიღების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული სასურველი აბონენტის (დასაჩუქრებულის) მონაცემები და სადისტრიბუციო კომპანიაში ვაუჩერის წარდგენა მოხდეს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა.

4. ვაუჩერი სადისტრიბუციო კომპანიაში უნდა წარადგინოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა აბონენტმა ან ამ აბონენტის მისამართზე რეგისტრირებულმა ნებისმიერმა პირმა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში–მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა და თან იქონიოს პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 5. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დარიგება

1. მოსარგებლეებს ვაუჩერი გადაეცემათ №2 დანართით გათვალისწინებულ მისამართზე. ვაუჩერის გადაცემისათვის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელებს მინიმუმ 3 ვიზიტს, იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მიზეზით ვერ გადაეცა მოსარგებლეს ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად უფლებამოსილი პირი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.

3. უფლებამოსილი პირი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ბინაში აკითხავს მოსარგებლეს.

4. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ აბონენტის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ პერსონალურ რეესტრში მკაფიო, გასაგები ხელწერით შეიტანება:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) გრაფაში „შენიშვნა “ აღინიშნება რაიმე განსაკუთრებული, საყურადღებო ინფორმაცია მოსარგებლის ადგილსამყოფელთან ან მის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელობა აქვს ვაუჩერის გადაცემისათვის;

გ) გრაფაში „შედეგი “ აღინიშნება შედეგი ვაუჩერის გადაცემის შესახებ ან ვადის ამოწურვის (მინიმუმ სამი ვიზიტის) შემდეგ დაფიქსირებული ის მიზეზი, რის გამოც მუშაკმა ვერ შეძლო ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის. სტანდარტული მიზეზები სათანადო კოდით მითითებული უნდა იყოს პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე.

5. უფლებამოსილი პირი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერის სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გაჩუქების წესს.

6. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში „ვაუჩერის მიღების დადასტურება “.

7. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს იგი მრიცხველის სააბონენტო ნომრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში უფლებამოსილი პირის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

    მუხლი 6. საგანგებო შემთხვევები

1. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით „შევასწორე “.

2. ვაუჩერის მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ პირს.

3. თუ პერსონალურ რეესტრში ან ვაუჩერზე აბონენტის მისამართი არ არის დაბეჭდილი ან დაბეჭდილია არასრულად, ან დაბეჭდილი მისამართის მიგნება ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ აბონენტის ადგილმდებარეობა უნდა დადგინდეს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით, აბონენტის ნომრის გამოყენებით.“.