მოსახლეობის სურსათის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2474
2011 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობის სურსათის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსახლეობისათვის სურსათის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:
1. პირებს, რომლებმაც ვერ ისარგებლეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებით გათვალისწინებული ფულადი სარგებლით, ერთჯერადი ღონისძიების სახით მიეცეთ სურსათის ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს ფულად გასაცემელს 30 ლარის ოდენობით.
2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვაუჩერი – მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ერთჯერადად მიიღოს ფულადი გასაცემელი 30 ლარის ოდენობით. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ვაუჩერის მოსარგებლე – ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული ბენეფიციარი.
3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:
ა) ერთჯერადად, საბანკო დაწესებულების მეშვეობით მიიღოს სურსათის ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი – 30 ლარი; ან
ბ) 2012 წლის 1 მარტამდე ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით კუთვნილი ვაუჩერი გადასცეს საჩუქრად სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ამის საფუძველზე ისარგებლებს ვაუჩერით გათვალისწინებული 30-ლარიანი ფულადი გასაცემლით.
4. ვაუჩერის მოსარგებლე ვაუჩერით გათვალისწინებულ ფულად სარგებელს (30 ლარი) იღებს სოციალური დახმარების სახით.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისი ფორმის 30‑ლარიანი სურსათის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;
ბ) 2012 წლის 15 თებერვლამდე ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
გ) ვაუჩერის განაღდებისათვის საჭირო შესაბამისი საბანკო მომსახურების შესყიდვა. საბანკო მომსახურების ღირებულება შეადგენს ვაუჩერების განაღდებით გაცემული საერთო თანხის 0,5%-ს, რომელიც წინასწარი გადახდის სახით გადაერიცხება საბანკო დაწესებულებას წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე;
დ) ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის ვაუჩერების საერთო ღირებულების წინასწარი გადარიცხვა წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე;
ე) 2012 წლის 20 მარტამდე საბანკო დაწესებულებასთან საბოლოო ანგარიშსწორება მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.
6. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) ვაუჩერის წარმდგენისათვის ფულადი გასაცემლის გაცემას 30 ლარის ოდენობით;
ბ) ვაუჩერის განაღდებისას (30‑ლარიანი ფულადი გასაცემლის) ვაუჩერის წარმდგენის (მიუხედავად იმისა, წარმდგენი დასაჩუქრებული პირია თუ კუთვნილი ვაუჩერის მფლობელი) იდენტიფიცირებას და საჭირო რეესტრ(ებ)ის წარმოებას;
გ) მოთხოვნისთანავე სააგენტოსათვის დაფინანსებული (განაღდებული) ვაუჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
7. დამტკიცდეს:
ა) ვაუჩერის ფორმა №1 დანართის შესაბამისად;
ბ) 1053 ვაუჩერით მოსარგებლის სია №2 დანართის შესაბამისად;
გ) ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი №3 დანართის შესაბამისად.
8. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით (შეთანხმება შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირი ფორმით), შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში.
9. მოსახლეობის სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებები და საჭირო ხარჯები დაფინანსდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებიდან ორგანიზაციული კოდი – 3516 „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერებით უზრუნველყოფა“.
10. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტომ საჭირო საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, საბანკო მომსახურება) შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
დანართი №3
ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სათანადო უფლება‑მოვალეობით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);
ბ) პერსონალური რეესტრი – სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული ბენეფიციარების საკონტაქტო მონაცემები და რომლის საფუძველზეც ხორციელდება მოსარგებლეთათვის ვაუჩერის დარიგება.
მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები
1. სააგენტო უზრუნველყოფს პერსონიფიცირებული (ვაუჩერის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების სტამბური წესით ბეჭდვას.
2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული მოსარგებლეების ელექტრონული სიით.
მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის
1. მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს უფლებამოსილი პირი პერსონალური რეესტრის შესაბამისად, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით. მოსარგებლისთვის ვაუჩერი შესაძლებელია აგრეთვე გადაცემულ იქნეს სააგენტოში მისი მომართვის შემთხვევაშიც.
2. ვაუჩერი შეიძლება გადაეცეს პერსონალური რეესტრით (ან ვაუჩერით) გათვალისწინებულ მისამართზე მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად).
3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პერსონალური რეესტრით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს დაურიგოს ვაუჩერები. 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს მინიმუმ 3 ვიზიტი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ვაუჩერი ვერ გადასცა მოსარგებლეს პირველი ორი ვიზიტის დროს.
4. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად უფლებამოსილი პირი, მიღება‑ჩაბარების აქტის საფუძველზე, სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.
5. უფლებამოსილი პირი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ბინაში აკითხავს მოსარგებლეს.
6. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ მოსარგებლის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება პერსონალური რეესტრის შესაბამისი გრაფების შევსება.
7. უფლებამოსილი პირი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერით სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის გაჩუქების პირობებს.
8. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში – „ვაუჩერის მიღების დადასტურება“.
9. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს ის პერსონალური რეესტრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში უფლებამოსილი პირის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.
მუხლი 4. ვაუჩერის დაფინანსება (განაღდება)
1. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი ვალდებულია მიმართოს ვაუჩერის განაღდების მონაწილე შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე კუთვნილ ვაუჩერს საჩუქრად გადასცემს სხვა ფიზიკურ პირს, აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული დასაჩუქრებული პირის და მჩუქებლის (ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი) სახელი, გვარი და პირადი ნომერი და მჩუქებლის ხელმოწერა. ეს მონაცემები ვაუჩერში შეტანილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან.
3. ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს უნდა მიმართოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა პირმა და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).
4. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების მიზნით ვაუჩერის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს მიმართოს 2012 წლის 1 მარტამდე.
5. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ვაუჩერის წარმდგენ პირთა იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის – 30 ლარის გაცემა.
6. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:
ა) აღრიცხოს ვაუჩერის წარმდგენი პირები, მათი სახელის, გვარის, პირადი და ვაუჩერის ნომრების მიხედვით;
ბ) ერთმანეთისაგან გამიჯნოს ვაუჩერის წარმდგენი დასაჩუქრებული და ვაუჩერის უშუალოდ მიმღები პირები;
გ) შეთანხმებული პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სააგენტოს ინფორმაცია დაფინანსებული ვაუჩერებისა და ავანსად მიღებული თანხის ხარჯვის (გაცემის) თაობაზე.
მუხლი 5. შეზღუდვები
1. თითოეულ ფიზიკურ პირს აქვს მხოლოდ ერთი ვაუჩერის განაღდების უფლება, გარდა საჩუქრად მიღებული ვაუჩერის განაღდების შემთხვევისა.
2. თითოეულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ მოახდინოს ვაუჩერის სხვა პირისათვის საჩუქრად გადაცემა.
3. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მიერ ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების (ვაუჩერის განაღდება) შემდეგ ვაუჩერის გაჩუქება ან ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად საბანკო დაწესებულებისათვის მიმართვა.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა
1. ვაუჩერის, მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა, სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ პირს.
2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტებზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ვაუჩერის მფლობელ (მოსარგებლე) პირს.