მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №483

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოსახლეობისათვის სურსათის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:

 1. ერთჯერადი ღონისძიების სახით შემოღებულ იქნეს სურსათის ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს ფულად გასაცემელს 30 ლარის ოდენობით.

 2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

 ა) ვაუჩერი – მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ერთჯერადად მიიღოს ფულადი გასაცემელი 30 ლარის ოდენობით. ვაუჩერი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;

 ბ) ვაუჩერის მოსარგებლე – „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შეღავათით მოსარგებლე ოჯახი (მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახი). ამასთან, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებით დამტკიცებულ ვაუჩერის მოსარგებლეების ნუსხაში დამატებების შეტანის შემთხვევაში დამატებული ოჯახი ელექტროენერგიის ვაუჩერთან ერთად ავტომატურად მოიპოვებს სურსათის ვაუჩერის მიღების უფლებასაც.

 3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:

 ა) ერთჯერადად, საბანკო დაწესებულების მეშვეობით მიიღოს სურსათის ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი – 30 ლარი; ან

 ბ) 2011 წლის 1 ივლისამდე ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით კუთვნილი ვაუჩერი გადასცეს საჩუქრად სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ამის საფუძველზე ისარგებლებს ვაუჩერით გათვალისწინებული 30-ლარიანი ფულადი გასაცემლით.

 4. ვაუჩერის მოსარგებლე ვაუჩერით გათვალისწინებულ ფულად სარგებელს (30 ლარი) იღებს სოციალური დახმარების სახით.

 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს:

 ა) № 1 დანართის შესაბამისი ფორმის 30-ლარიანი სურსათის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;

 ბ) 2011 წლის 10 აპრილამდე ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

 გ) ვაუჩერის განაღდებისათვის საჭირო შესაბამისი საბანკო მომსახურების შესყიდვა. საბანკო მომსახურების ღირებულება შეადგენს ვაუჩერების განაღდებით გაცემული საერთო თანხის 0,5%-ს;

 დ) ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის ვაუჩერების საერთო ღირებულების არა უმეტეს 30%-ის წინასწარი გადარიცხვა, წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე;

 ე) 2011 წლის 1 აგვისტომდე საბანკო დაწესებულებასთან საბოლოო ანგარიშსწორება მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე;

 ვ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის საინფორმაციო კლიპების დამზადება და განთავსება.

 6. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:

 ა) ვაუჩერის წარმდგენისათვის ფულადი გასაცემლის გაცემას 30 ლარის ოდენობით;

 ბ) ვაუჩერის განაღდებისას (30-ლარიანი ფულადი გასაცემლის) ვაუჩერის წარმდგენის იდენტიფიცირებას (მათ შორის, წარმდგენი დასაჩუქრებული პირია თუ კუთვნილი ვაუჩერის მფლობელი) და საჭირო რეესტრ(ებ)ის წარმოებას;

 გ) მოთხოვნისთანავე სააგენტოსათვის დაფინანსებული (განაღდებული) ვაუჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 7. დამტკიცდეს:

 ა) ვაუჩერის ფორმა, № 1 დანართის შესაბამისად;

 ბ) „ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი“, № 2 დანართის შესაბამისად;

 გ) პერსონალური რეესტრის ფორმა, № 3 დანართის შესაბამისად.

 8. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით (შეთანხმება შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირი ფორმით) შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

 9. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს არა უმეტეს 2650 ერთეულით (გარდა სააგენტოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობისა).

 10. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულების მე-10–მე-11 პუნქტების საფუძველზე დამატებული ორგანიზაციული კოდის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა“.

 11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისადб საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე ორგანიზაციული კოდის: „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა“ – ასიგნების არა უმეტეს 31 429 465.0 ლარით შემცირების ხარჯზე, ამავე თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდის: „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა“– ასიგნება.

 12. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააგენტომ საჭირო საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, საბანკო მომსახურება) შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

 

დანართი №1

 

 

 

დანართი №2

 ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) მუშაკი – სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დელეგირებული სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში მუშაკი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);

 ბ) პერსონალური რეესტრი (№3 დანართი) – ამ განკარგულებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის ფაქტი.

    მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური  რეესტრები

1. სააგენტო უზრუნველყოფს პერსონიფიცირებული (ვაუჩერის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების სტამბური წესით ბეჭდვას.

 2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ვაუჩერით მოსარგებლეთა (მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა) ელექტრონული სიით.

 3. დარიგებისათვის მომზადებული ვაუჩერები შესაბამისი პერსონალური რეესტრების თანხლებით გადაეცემა მუშაკს, არსებული წესით.

 4. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობისათვის.

    მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

 1. მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს მუშაკი პერსონალური რეესტრის შესაბამისად, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.

 2. ვაუჩერი შეიძლება გადაეცეს პერსონალური რეესტრით (ან ვაუჩერით) გათვალისწინებულ მისამართზე მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად).

 3. პერსონალური რეესტრის (№3 დანართი):

 ა) I, II, III და IV გრაფები შევსებული სახით გადაეცემა მუშაკს;

 ბ) V და VI გრაფებს მუშაკი ავსებს ვაუჩერის მოსარგებლის მისამართზე ვიზიტის დროს. ამ გრაფებში შეიტანება იმ ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია პერსონალური რეესტრით გათვალისწინებულ მისამართზე და რომელმაც ოჯახის სახელით ჩაიბარა ვაუჩერი. გრაფებში შეიტანება ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი) გათვალისწინებული მონაცემები. ვაუჩერი არ გაიცემა, თუ არ მოხდა ამ გრაფების შევსება;

 გ) VII გრაფაში მუშაკის მიერ შეტანილი უნდა იქნეს აბონენტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 დ) VIII გრაფას: „შენიშვნა“ – მუშაკი ავსებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს განსაკუთრებულ შემთხვევას ვაუჩერის გადაცემის დროს, რაც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ვაუჩერის გადაცემას;

 ე) IX გრაფაში: „შედეგი“ – აღინიშნება ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის ან არგადაცემის მიზეზის შესაბამისი სტანდარტული კოდი, რომელიც შეესაბამება საბოლოო შედეგს. შედეგის სათანადო კოდები მითითებულია პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე;

 ვ) X გრაფაში ფიქსირდება V და VI გრაფებში მითითებული, ოჯახის სახელით ვაუჩერის მიმღები პირის ხელმოწერა, რითაც დასტურდება ვაუჩერის ჩაბარების ფაქტი.

  4. პერსონალური რეესტრის III და V გრაფებით გათვალისწინებული მონაცემები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

 5. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება მუშაკის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით _ „შევასწორე“.

    მუხლი 4. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დარიგება

1. მუშაკი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პერსონალური რეესტრით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს დაურიგოს ვაუჩერები. 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს მინიმუმ 3 ვიზიტი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ გადასცა მოსარგებლეს ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.

 2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად მუშაკი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.

 3. მუშაკი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ფართზე აკითხავს მოსარგებლეს.

 4. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ მოსარგებლის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ მუშაკის მიერ ხორციელდება პერსონალური რეესტრის შესაბამისი გრაფების შევსება, მკაფიო, გასაგები ხელწერით.

 5. მუშაკი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერით სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის გაჩუქების პირობებს.

 6. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში _ „ვაუჩერის მიღების დადასტურება“.

 7. მუშაკი ვალდებულია ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს იგი პერსონალური რეესტრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში მუშაკის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. ვაუჩერის დაფინანსება (განაღდება)

1. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი ვალდებულია მიმართოს ვაუჩერის განაღდების მონაწილე შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).

 2. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე კუთვნილ ვაუჩერს საჩუქრად გადასცემს სხვა ფიზიკურ პირს, აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული დასაჩუქრებული პირის და მჩუქებლის (ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი) სახელი, გვარი და პირადი ნომერი და მჩუქებლის ხელმოწერა. ეს მონაცემები ვაუჩერში შეტანილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან.

 3. ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს უნდა მიმართოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა პირმა და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).

 4. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების მიზნით ვაუჩერის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს მიმართოს 2011 წლის 1 ივლისამდე.

 5. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ვაუჩერის წარმდგენ პირთა იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის – 30 ლარის გაცემა.

 6. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:

 ა) აღრიცხოს ვაუჩერის წარმდგენი პირები, მათი სახელის, გვარის, პირადი და ვაუჩერის ნომრების მიხედვით;

 ბ) ერთმანეთისაგან გამიჯნოს ვაუჩერის წარმდგენი დასაჩუქრებული და ვაუჩერის უშუალოდ მიმღები პირები;

 გ) შეთანხმებული პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სააგენტოს ინფორმაცია დაფინანსებული ვაუჩერებისა და ავანსად მიღებული თანხის ხარჯვის (გაცემის) თაობაზე.

 7. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის დაფინანსების საფუძველია საბანკო დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი განაღდებული ვაუჩერების რეესტრები.

    მუხლი 6. შეზღუდვები

1. თითოეულ ფიზიკურ პირს აქვს მხოლოდ ერთი ვაუჩერის განაღდების უფლება, გარდა საჩუქრად მიღებული ვაუჩერის განაღდების შემთხვევისა.

 2. თითოეულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ მოახდინოს ვაუჩერის სხვა პირისათვის საჩუქრად გადაცემა.

 3. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მიერ ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების (ვაუჩერის განაღდება) შემდეგ ვაუჩერის გაჩუქება, ან ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად საბანკო დაწესებულებისათვის მიმართვა.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა

1. ვაუჩერის მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მუშაკს.

 2. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტებზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ვაუჩერის მფლობელ (მოსარგებლე) პირს.

 

 

დანართი №3

 

პერსონალური რეესტრი

 

N

ვაუჩერის ნომერი

გვარი, სახელი

მისამართი

ვაუჩერის მიმღები პირის გვარი, სახელი

ვაუჩერის მიმღები პირის პირადი ნომერი

საკონტაქტო ტელეფონი

შენიშვნა

შედეგი

ვაუჩერის მიღების დასტური

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

IX

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          –––––––––––––––––––––––––––

მუშაკის სახელი, გვარი                               ხელმოწერა

 

01 – ვაუჩერი გადაეცა მოსარგებლეს; 02 – ვერ მოხერხდა მოსარგებლესთან შეხვედრა; 0 3 – მოსრგებლე უარს აცხადებს ვაუჩერის მიღებაზე; 0 4 – არ მოიძებნა მითითებული მისამართი; 0 5 – ერთი და იმავე მოსარგებლისათვის ზედმეტად დაბეჭდილი ვაუჩერი.