ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები;

ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში;

გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში  ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან);

დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი;

ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია;

ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს;

თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;

ი) ოჯახის წევრი − საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;

კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობის წარმომადგენელი.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ