1. წინამდებარე ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:
(a) ,,საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი” მოიცავს სატრანსპორტო ოპერაციებს ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტის მიმართულებით და მულტიმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებს, რაც წარმოადგენს ერთზე მეტი სატრანსპორტო სახეობის მეშვეობით ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთების გადაზიდვას ზღვის გამოყენებით და ამ მიზნით, უფლებას უშუალოდ დაიდოს ხელშეკრულება ტრანსპორტის სხვა სახეობის მომწოდებლებთან.
(b) ,,საზღვაო სატვირთო მომსახურება” გულისხმობს სტივიდორული კომპანიების, მათ შორის ტერმინალის ოპერატორების საქმიანობას, მაგრამ არ მოიცავს დოკერების უშუალო საქმიანობას, როდესაც ეს მუშახელი ორგანიზებულია სტივიდორული ან ტერმინალის ოპერატორი კომპანიებისაგან დამოუკიდებლად. მითითებული საქმიანობა მოიცავს შემდეგი ქმედებების ორგანიზებასა და ზედამხედველობას:
(i) ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა გემზე/გემიდან;
(ii) ტვირთის შეკვრა/გახსნა;
(iii) ტვირთის მიღება/გადაცემა და შენახვა გადაზიდვამდე ან გადმოტვირთვის შემდეგ;
(c) ,,საბაჟო შემოწმების მომსახურება” (ან „საბაჟო საბროკერო მომსახურება”) გულისხმობს მეორე მხარის სახელით განხორციელებულ საბაჟო პროცედურებს, რომლებიც უკავშირდება იმპორტს, ექსპორტს ან ტვირთის გადაზიდვას, მიუხედავად იმისა, აღნიშნული მომსახურება მომსახურების მიმწოდებლის ძირითად თუ დამატებით საქმიანობას წარმოადგენს;
(d) ,,საკონტეინერო სადგური და სასაწყობე მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც შედგება კონტეინერების განთავსებისაგან როგორც ნავსადგურის ტერიტორიაზე, ასევე ხმელეთზე მათი შევსების/დაცლის, შეკეთებისა და გადაზიდვისათვის მომზადების მიზნით;
(e) „საზღვაო სააგენტოს მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში ერთი ან მეტი გადამზიდავი ხაზების ან გადამზიდავი კომპანიის ბიზნეს ინტერესების წარმოდგენას აგენტის სახით შემდეგი მიზნებისთვის:
(i) საზღვაო სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებული მომსახურების მარკეტინგი და გაყიდვა ფასების კოტირებიდან ანგარიშ-ფაქტურის წარდგენამდე, კონოსამენტის გაცემა კომპანიების სახელით, აუცილებელი დამხმარე მომსახურების შესყიდვა და შემდგომი გაყიდვა, დოკუმენტების მომზადება და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდება;
(ii) იმ კომპანიების სახელით მოქმედება, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ გემების შესვლას ან საჭიროების შემთხვევაში ტვირთების მიღებას;
(f) „ტვირთის გადაზიდვის მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს გადამზიდავების სახელით გადაზიდვის ოპერაციების ორგანიზებას და მონიტორინგს სატრასპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების, დოკუმენტების მომზადების და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების გზით.
(g) „ფიდერული მომსახურება” გულისხმობს ზღვის მეშვეობით, საერთაშორისო ტვირთების, უმეტესწილად კონტეინერებით, წინასწარ ან შემდგომ გადაზიდვას მხარის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურებს შორის.
2. საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტთან მიმართებაში თითოეული მხარე თანხმდება კომერციულ საწყისებზე ტვირთებთან შეუზღუდავი დაშვების პრინციპის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაზე, საერთაშორისო საზღვაო მომსახურების მიწოდების თავისუფლებაზე, ასევე, ეროვნული რეჟიმის გამოყენებაზე ასეთი მომსახურების მიწოდების ფარგლებში.
საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მხარეთა შორის არსებული ლიბერალიზაციის დონის გათვალისწინებით:
(a) თითოეული მხარე ეფექტიანად გამოიყენებს საერთაშორისო საზღვაო ბაზრებზე და ვაჭრობაში შეუზღუდავი დაშვების პრინციპს კომერციულ და არადისკრიმინაციულ საწყისებზე;
(b) თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის დროშის ქვეშ მცურავ ან მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ოპერირებად გემებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს ან მესამე მხარის გემებს, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი, შემდგომში ჩამოთვლილთან დაკავშირებით, მათ შორის: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გამოყენება, საზღვაო დამხმარე მომსახურების გამოყენება, ასევე მასთან დაკავშირებული საფასურები და გადასახდელები, საბაჟო საშუალებები და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა.
3. აღნიშნული პრინციპების გამოყენებისას თითოეული მხარე:
(a) არ მოიცავს ღონისძიებებს ტვირთის განაწილების შესახებ მესამე ქვეყნებთან მომავალ შეთანხმებებში, რომლებიც შეეხება საზღვაო სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის მშრალ და თხევად ტვირთს და სახაზო გადაზიდვებს, და გონივრულ ვადაში გააუქმებს ღონისძიებებს ასეთი ტვირთის განაწილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოდგენილია წინა შეთანხმებებში; და
(b) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გააუქმებს და თავს შეიკავებს ნებისმიერი ცალმხრივი ღონისძიებების და ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა დაბრკოლებების შექმნისაგან, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ფარულ შეზღუდვას ან ჰქონდეს დისკრიმინაციული ეფექტი საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომსახურების თავისუფალ მიწოდებაზე.
4. თითოეული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე დაფუძნების ნებას რთავს მეორე მხარის საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელს დაფუძნების და საქმიანობის იმ პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი ან მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლისათვის მინიჭებული პირობები, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი.
5. თითოეულმა მხარემ მეორე მხარის საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გონივრული და არადისკრიმინაციული წესებით და პირობებით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნავსადგურებში შემდეგი ტიპის მომსახურება: სალოცმანო გაცილება, გემის ჩაბმა და ბუქსირება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, გემის საწვავითა და წყლით გამართვა, ნარჩენების შეგროვება და ბალასტის ჩაბარება, ნავსადგურის კაპიტნის მომსახურება, სანავიგაციო დახმარება, გემის ოპერირებისთვის აუცილებელი სახმელეთო ოპერაციული მომსახურება, მათ შორის კომუნიკაციები, წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება, გადაუდებელი შეკეთებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ღუზაზე დგომა, ნავმისადგომები და სანავმისადგომე მომსახურება.
6. თითოეული მხარე დაუშვებს ისეთი მოწყობილობების გადაადგილებას, როგორიცაა ცარიელი კონტეინერები, რომელთა გადაზიდვა არ ხდება ტვირთის სახით თანხის გადახდის სანაცვლოდ, საქართველოს ნავსადგურებს ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნავსადგურებს შორის.
7. თითოეული მხარე კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის საფუძველზე უფლებას მისცემს მეორე მხარის საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებს განახორციელონ ფიდერული მომსახურება მათ სახელმწიფო ნავსადგურებს შორი