1. წინამდებარე შეთანხმების 75-ე მუხლის და XIII დანართის შეულახავად ეს მუხლი განსაზღვრავს შეთანხმების ზოგად პრინციპებს, რომელიც არეგულირებს საბაჟო ორგანოების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებას და მხარეთა საბაჟო ორგანოების ვალდებულებას ურთიერთთანამშრომლობაზე.
2. ინტელექტუალური საკუთრების უფლების აღსრულებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებისას მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი შესრულება ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმებისა GATT 1994 და TRIPS შეთანხმების ფარგლებში.
3. სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირებული წინამდებარე მუხლის დებულებები პროცედურული ხასიათისაა. ისინი ადგენენ სასაზღვრო ორგანოების სამოქმედო პირობებსა და პროცედურებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი პოტენციურად არის ან უნდა ყოფილიყო სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული. ამ დებულებებმა რაიმე სახით არ უნდა იქონიონ გავლენა მხარეთა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მატერიალურ კანონმდებლობაზე.
4. ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობისთვის სასაზღვრო ორგანოებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მიდგომები, რათა გამოვლინდეს სამართალდარღვევით წარმოებული საქონლის შემცველი ტვირთი. ხსენებული მიდგომები მოიცავს რისკების ანალიზის ტექნიკას, რაც, მათ შორის, დაფუძნებული იქნება უფლების მფლობელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, დაზვერვით მოპოვებულ ინფორმაციასა და ტვირთის შემოწმებაზე.
5. მხარეები თანხმდებიან TRIPS-ის შეთანხმების 69-ე მუხლის ეფექტიან განხორციელებაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. ამ მიზნით, მხარეებმა უნდა დააფუძნონ და აცნობონ მათ ტეროტორიაზე მოქმედი საბაჟო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირების შესახებ და მზად უნდა იყვნენ მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის, ორივე მხარეზე გავლენის მქონე ამგვარი საქონლით ვაჭრობის შესახებ. კერძოდ, მათ ხელი უნდა შეუწყონ მათი ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას კონტრაფაქციული და საავტორო უფლების დაღვევით წარმოებული (მეკობრული) საქონლით ვაჭრობის დარგში. ამ შეთანხმების საბაჟო საკითხებში ორმხრივი ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმის დებულებების შეულახავად, საბაჟო ორგანოებმა, სადაც საჭიროება მოითხოვს, ოპერატიულად და მხარეთა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა გაცვალონ ამგვარი ინფორმაცია.
6. თითოეული მხარის საბაჟო ორგანომ უნდა ითანამშრომლოს მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, რათა მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიაწოდოს; განსაკუთრებით ეს ეხება მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალ საქონელს, რომელიც მეორე მხარის ტერიტორიისთვის არის გამიზნული (ან ამ ქვეყნიდანაა წარმოშობილი).
7. ამ შეთანხმების 74–ე მუხლში მითითებულმა ქვე-კომიტეტმა უნდა განსაზღვროს პრაქტიკული მექანიზმები, რომელიც აუცილებელია წინამდებარე მუხლში მითითებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის.
8. ამ შეთანხმების საბაჟო საკითხებში ორმხრივი ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმი ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისას, ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების გამოყენებიდან გამომდინარე თანამშრომლობის ფორმების შეულახავად.
9. ამ შეთანხმების 74-ე მუხლში მითითებული ქვე-კომიტეტი უნდა მოქმედებდეს როგორც პასუხისმგებელი ქვე-კომიტეტი, რათა უზრუნველყოფილი იქნას წინამდებარე მუხლის გამართული მოქმედება და განხორციელებ