1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული, ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) იმ პირთა სახელები (იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა) და მისამართები, რომლებმაც სამინისტროში შეიტანეს განაცხადი;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;

გ) ინფორმაცია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები;

დ) ცნობები შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ – მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, შეუფერხებლად გაეცნოს მას უმოკლეს ვადაში, აგრეთვე მიიღოს მთელი რეესტრის ან მისი გარკვეული ნაწილის ასლი ასლის გადაღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანხის გადახდის შემთხვევაში.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში არ შეიტანება ის ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონფიდენციალურ ინფორმაციად არის მიჩნეული.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016წ.

თავი VIIIგენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვ