იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ძალადაკარგული 13.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2602
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.05.001.002.151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 20/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომში – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე.

2. სკოლის დანიშნულებაა, საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით უზრუნველყოს მოსამართლედ გასამწესებელი პირის – იუსტიციის მსმენლის პროფესიული მომზადება. სკოლის ფუნქციაა, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენლის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენლის მიერ მომავალი პასუხისმგებლობის და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენლის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.

3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფის მიზნით მისი გადამზადება.

თავი II. სკოლის მართვა და სტრუქტურა

    მუხლი 2. სკოლის მართვა

სკოლის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი საბჭო და დირექცია.

    მუხლი 3. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომში – დამოუკიდებელი საბჭო), რომელიც იქმნება 3 წლის ვადით, 6 წევრის შემადგენლობით.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3. დამოუკიდებელ საბჭოში სამ მოსამართლე წევრს წარადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ორ წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ერთ წევრს – საქართველოს გენერალური პროკურორი.

4. დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის დამტკიცებაზე საქართველოს პრეზიდენტის უარის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ახალი კანდიდატურა.

6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს და მოადგილეს.

7. დამოუკიდებელი საბჭო:

ა) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს;

გ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;

დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით:

დ.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;

დ.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს;

დ.გ) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ.დ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;

დ.ე) ამტკიცებს მასწავლებლების და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

დ.ვ) ამტკიცებს სახელფასო ფონდს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

დ.ზ) ირჩევს დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს;

დ.თ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

დ.ი) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს;

დ.კ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას;

ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ. სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.

3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ენიჭება უპირატესი ხმის უფლება.

4. დამოუკიდებელი საბჭოს დასკვნა და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმების სახით, რომლებსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

5. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 5. სკოლის დირექცია

1. სკოლის დირექცია იქმნება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის შემადგენლობით.

2. სკოლის დირექტორს ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო 5 წლის ვადით სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

4. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. სკოლის დირექტორის მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორის მოადგილედ ან სტაჟირების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.

6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

    მუხლი 6. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებანი

სკოლის დირექტორი:

ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო და გადამზადების კურსების წარმართვას;

ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას;

გ) დამოუკიდებელ საბჭოს სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

დ) სკოლის შენობაში ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. სკოლის დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი

1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

    მუხლი 8. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის ვადამდე გათავისუფლება

სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, შეზღუდულქმედუნარიანად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ე) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა;

ვ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ზ) გარდაცვალება;

თ) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 9. სკოლის სტრუქტურა

1. სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

თავი III. სკოლის დაფინანსება

    მუხლი 10. სკოლის ბიუჯეტი

1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით.

2. ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სკოლას დამოუკიდებელი საბჭოს თანხმობით შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური ან სხვა მატერიალური დახმარებები სახელმწიფო ან/და კერძო დაწესებულებებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან.

თავი IV. სკოლაში მიღება

    მუხლი 11. კონკურსის წესით იუსტიციის მსმენლად მიღება

სკოლაში კონკურსის წესით იუსტიციის მსმენლად მიღება ხდება ყოველი წლის ოქტომბერში.

    მუხლი 12. კონკურსში მონაწილე პირი

სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „იურიდიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

    მუხლი 13. კონკურსის ჩატარება

1. კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზეპირი ფორმით (გასაუბრება).

2. გასაუბრების დროს მოწმდება კანდიდატის:

ა) პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) ანალიტიკური აზროვნება;

გ) საქმიანი და მორალური რეპუტაცია;

დ) პროფესიული მუშაობის გამოცდილება.

3. კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. ორი ან ორზე მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობით მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელსაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე ან მასთან ამ კანონის შესაბამისად გათანაბრებულ გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია გასაუბრებისას უზრუნველყოს ყველა კანდიდატის მიმართ თანაბარი მოთხოვნების წაყენება, გასაუბრების ვიდეოგადაღება, ასევე გასაუბრებასთან და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა.

5. კონკურსის ფორმასა და მისი ჩატარების წესთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება სკოლის წესდებით ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა

სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას ყოველწლიურად ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

თავი V. იუსტიციის მსმენლის სტატუსი

    მუხლი 15. იუსტიციის მსმენლის სტატუსი

იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად და მიიღო იუსტიციის მსმენლის დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 16. იუსტიციის მსმენლის სტიპენდია

იუსტიციის მსმენელი სწავლის დროს იღებს სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

    მუხლი 17. იუსტიციის მსმენლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინის ნორმები.

2. იუსტიციის მსმენლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთი შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) ორ თვემდე ვადით სტიპენდიის დაკავება;

დ) სკოლიდან გარიცხვა.

3. იუსტიციის მსმენლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სადისციპლინო კომისია, რომელიც იქმნება სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

4. იუსტიციის მსმენლის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დისციპლინური დევნის განხორციელებისა და სადისციპლინო კომისიის მუშაობის წესები განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.

    მუხლი 18. სწავლის პერიოდის ჩათვლა სპეციალობით მუშაობის სტაჟში

იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სპეციალობით მუშაობის სტაჟში.

თავი VI. სკოლის სასწავლო პროცესი

    მუხლი 19. სწავლების ხანგრძლივობა

1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა არის 14 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.

2. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 9 თვე, სტაჟირების – 3 თვე, სემინარული მუშაობის – 2 თვე.

    მუხლი 20. სასწავლო საგნები

იუსტიციის მსმენელი შეისწავლის:

ა) საქმის განხილვას პირველი ინსტანციის სასამართლოში;

ბ) საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში;

გ) საქმის განხილვას საკასაციო სასამართლოში;

დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს;

ე) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტის (გადაწყვეტილების) მომზადებას;

ვ) პროფესიულ ეთიკას;

ზ) დისციპლინას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;

თ) უცხოურ ენას;

ი) ასევე სხვა საგნებს, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით.

    მუხლი 21. სწავლების ფორმა

სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამების ფარგლებში შეიძლება ასევე გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელთა მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.

    მუხლი 22. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო

1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს.

4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს დირექტორის მოადგილე.

5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

6. იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 23. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი

1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.

2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის.

    მუხლი 24. იუსტიციის მსმენლის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები

1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გაივლის სტაჟირებას.

2. სტაჟირების ფორმებია სავალდებულო სტაჟირება და ალტერნატიული სტაჟირება.

3. სავალდებულო სტაჟირების გავლა ხდება საერთო სასამართლოებში, ხოლო ალტერნატიული სტაჟირებისა – ნოტარიატში, პროკურატურაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

4. ალტერნატიულ სტაჟირებაზე იუსტიციის მსმენლის გამწესება ხდება მისი სურვილის გათვალისწინებით.

    მუხლი 25. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი

1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.

2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

3. სტაჟირების კოორდინატორი:

ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენლის სტაჟირებას;

ბ) სავალდებულო სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელს სტაჟირების დასასრულს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.

4. სტაჟირების დროს იუსტიციის მსმენლის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.

5. სტაჟირების შეფასების სისტემა, საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 26. იუსტიციის მსმენლის მიერ შესრულებული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი

იუსტიციის მსმენელი სავალდებულო სტაჟირების დასასრულს ადგენს წერილობით ანგარიშს თავის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე წერს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, იქ არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე. წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და ერთვება იუსტიციის მსმენლის პირად საქმეს.

    მუხლი 27. სემინარული მუშაობა

1. სტაჟირების დასასრულს სკოლა იუსტიციის მსმენელთათვის აწყობს ორთვიან სემინარებს, რომელთა მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, ასევე სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის იუსტიციის მსმენლის მომზადება.

2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები.

    მუხლი 28. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა

1. სკოლაში სწავლების დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.

2. გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.

3. გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი;

დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული სამი წევრი;

ე) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

7. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის.

თავი VII. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სია

    მუხლი 29. საკვალიფიკაციო სიის შედგენა

სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.

    მუხლი 30. საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები

1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენლის:

ა) სასერტიფიკაციო გამოცდაში ან მასთან ამ კანონის შესაბამისად გათანაბრებულ გამოცდაში მიღებული ქულები;

ბ) სკოლაში თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;

გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები;

დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები.

2. იუსტიციის მსმენლის მიერ დაგროვილი ჯამური ქულის გამოყვანა ხდება სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

    მუხლი 31. სკოლაში სწავლის შედეგების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას

მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) იუსტიციის მსმენლის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაცია, თუ იუსტიციის მსმენელთა რიგითი ნომრები საკვალიფიკაციო სიაში ერთმანეთს ემთხვევა;

გ) იუსტიციის მსმენლის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიში და შესრულებული ნაშრომი, თუ რიგითი ნომრები საკვალიფიკაციო სიაში თანხვედრია და სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაცია დადებითად ახასიათებს იუსტიციის მსმენლებს.

თავი VIII. გადამზადების კურსები

    მუხლი 32. გადამზადების მიზანი

1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლეო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადებისა და გაზიარების გზით.

    მუხლი 33. გადამზადების ფორმები და პროგრამა

1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით.

2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. გადამზადების კურსების ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს. ეს უკანასკნელი განიხილავს მას და დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს ყოველი წლის ოქტომბერში.

5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციის და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს.

    მუხლი 34. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე

1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. განცხადებაში უნდა მიეთითოს, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობით.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს და უპასუხოს გადამზადების მსურველის განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ორი კვირისა გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე.

3. სკოლის დირექციის უარი გადამზადებაში მონაწილეობის მიღებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.

4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 35. პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში

გადამზადების კურსების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

თავი IX. მოსამართლეთა შერჩევის განსაკუთრებული წესი

    მუხლი 36. სასერტიფიკაციო გამოცდისაგან და სკოლაში სწავლისაგან განთავისუფლება

1. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად დაამთავრა სკოლა და მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოეთხოვება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, თუ წინა გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თავისუფლდება როგორც სკოლაში სწავლისაგან, ისე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ კატეგორიის პირთა მოსამართლეებად გამწესება ხდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 37. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე

1. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე მოსამართლედ გამწესება მოხდება არსებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებისთანავე ამ კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც განსაზღვრულია მოსამართლედ გამწესების წესი.

3. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს მხოლოდ ის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 38. სასერტიფიკაციო გამოცდასთან საკვალიფიკაციო გამოცდის გათანაბრება

1. სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

2. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა კონკურსის წესით, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოც-ხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოეთხოვება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, თუ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თავისუფლდება როგორც სკოლაში სწავლისაგან, ისე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან.

მუხლი 39. სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია და სკოლის შექმნა

1. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია და მის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე სკოლის შექმნა და მისი წესდების დამტკიცება.

2. იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე სკოლამ ასევე უზრუნველყოს სამოსამართლო სწავლების ცენტრის ფუნქციების შესრულება არსებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40. ძალადაკარგული აქტების ნუსხა

2007 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 41. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის IV–VII თავები და 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის IX თავი და 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს „საერთო სასამართ-ლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ამ კანონიდან გამომდინარე შეტანილი შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2602-რს