წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს სამხედრო ძალები – შეიარაღებული ფორმირება, რომელიც შექმნილია კანონმდებლობით, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, აგრეთვე, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.  საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან;

ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) უფროსები (მეთაურები) და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები – სამსახურებრივი მდგომარეობისა და სამხედრო წოდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები სხვათა მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები. უფროსებს უფლება აქვთ, უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და შეამოწმონ ბრძანების შესრულება. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივად ემორჩილებიან არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივად უახლოეს უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი. სამხედრო წოდების მიხედვით, უფროსები არიან სამხედრო წოდებით ზემდგომნი სამხედრო წოდებით ქვემდგომების მიმართ;

დ) ექსტრემალური სიტუაცია – სიტუაცია, რომელშიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება;

ე) ხელფასი – თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დანამატები;

ვ) არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში, ერთჯერ ან მეტჯერ ჩადენილი იმავე სახის დისციპლინური გადაცდომა;

ზ) სასწავლებელი - სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) დისციპლინური წელი – იუნკერთათვის ყოველი სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის  დაწყებამდე პერიოდი, ხოლო მსმენელთათვის  - სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდი;

ი) დისციპლინური ქულა – სასწავლებლის ყველა იუნკერს/მსმენელს სასწავლო წლის/კურსის (დისციპლინური წელი) დასაწყისში მიეცემა 100 საკრედიტო ქულა, რომელიც იუნკერის/მსმენელის მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, შემცირდება განსაზღვრული წესით;

კ) სტიპენდია - იუნკერზე გაცემული თანხა;

ლ) სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;

მ) სამხედრო დისციპლინა - სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებებით გათვალისწინებული წესების მკაცრი და ზუსტი დაცვა.

თავი II

წესდების მოქმედების ფარგლე