„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ცალკეული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება
1. 2006 წლის 1 აპრილამდე საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციებმა უზრუნველყონ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის რეორგანიზება და მათ ბაზაზე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნა. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირება. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩაითვალოს რეორგანიზებული საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრედ.
2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2006 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილმა დამოუკიდებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2006 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს აქტი სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირების შესახებ, ხოლო ამ აქტის მიღებამდე სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 თებერვალი.
№2673–Iს