1. თბილისში ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.
2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობითსხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.
4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან.
5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. თბილისის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.
11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.
12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს.
13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს.
14. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. თბილისის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსში.
15. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება სამსახურის ან ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ, სამსახურთან ან ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისა