1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან;

გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;

დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2472 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3704 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1706 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5771 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4170 – ვებგვერდი, 29.05.2024