1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებიდან 24 საათში მიმართოს მას შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების გადაუდებლად დაწყება.
2. ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ იგი არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს.
3. უფლებამოსილი ორგანო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური სახით სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადასცემს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილი ორგანოსგან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია ელექტრონული ეგზემპლარის სახით. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ზედამხედველი მოსამართლე უზრუნველყოფს მის დადგენილი წესით განადგურებას.
4. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ანადგურებს ამ კანონის 143 მუხლით დადგენილი წესით, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
5. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონულ ეგზემპლარს დაუყოვნებლივ აწვდის ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017