ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულება – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, რომელშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს;

გ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული;

დ) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

ე) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;

ზ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება;

თ) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი;

ი) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

კ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება;

ლ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;

მ) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი;

ნ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

ო) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;

პ) შრომითი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას;

ჟ) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;

რ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;

ს) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია, ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა;

ტ) კომერციული შუამავალი – იურიდიული პირი, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება აქვს მინდობილი;

უ) e-VISA PORTAL − სამინისტროს სპეციალური ვებგვერდი − www.evisa.gov.ge, რომელიც გამოიყენება სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელისთვის ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებისათვის;

ფ) www.geoconsul.gov.ge − სამინისტროს მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ ვიზის გაცემასთან, გარდა e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემასთან, დაკავშირებული მოქმედებების განსახორციელებლად;

ქ) სამახსოვრო ბარათი − დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია ვიზის მიღების მსურველი უცხოელის პერსონალური მონაცემები, ვიზის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაიცვას ვიზის მიღების მსურველმა უცხოელმა.

თავი II. ვიზის მიმღები სუბიექტე