1. ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური (A კატეგორია);
ბ) სპეციალური (B კატეგორია);
გ) ორდინალური (C კატეგორია);
დ) საიმიგრაციო (D კატეგორია);
ე) ტრანზიტული (T კატეგორია).
2. ვიზა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. მოკლევადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო გრძელვადიანი – მხოლოდ მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.
3. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით.
4. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
5. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. წინა წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნის პირობის დაცვა არ მოითხოვება დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, ასევე e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მრავალჯერადი მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის მიზნებისთვის.
6. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა შეიძლება იყოს მხოლოდ A2, B2, B3 და D კატეგორიების. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში.
7. უცხოელი უფლებამოსილია, ვიზის გამცემ ორგანოს მიმართოს D4 კატეგორიის ვიზის გაცემის მიზნით:
ა) თუ მისი ოჯახის წევრს წარდგენილი აქვს სავიზო განაცხადი D1, D2 ან D3 კატეგორიის ვიზის გაცემის მიზნით ან მიღებული აქვს ამ კატეგორიის ვიზა. ამ შემთხვევაში, უცხოელზე D4 კატეგორიის ვიზა გაიცემა, თუ უცხოელის ოჯახის წევრზე გაიცა D1, D2 ან D3 კატეგორიის ვიზა;
ბ) თუ მისი ოჯახის წევრი კანონიერად იმყოფება საქართველოში. უცხოელზე D4 კატეგორიის ვიზის გაცემის მიზნებისათვის კანონიერად ყოფნაში არ ითვლება ვიზის მიღების მსურველი უცხოელის ოჯახის წევრის საქართველოში ყოფნა ვიზის საფუძველზე, გარდა D1, D2 და D3 კატეგორიის ვიზის საფუძველზე ყოფნის შემთხვევისა.
8. გამონაკლის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, უცხოელზე შეიძლება გაიცეს B4 კატეგორიის ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა, 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით.
9. ნებისმიერი კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ორდინალური ვიზის საფუძველზე საქართველოში მეორე და ყოველი შემდგომი შემოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აღარ არსებობს ან შესრულდა მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა შესაბამისი კატეგორიის ორდინალური ვიზა, თუმცა არსებობს რომელიმე სხვა კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ორდინალური ვიზის მიზანი ან მისი გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობ