„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2177
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2177

 2015 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 - „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ - მინისტრი   ღარიბაშვილი

დანართი №1

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ (შემდგომში - პროექტი) ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს: „შეღავათიან აგროკრედიტს საბრუნავი საშუალებებისთვის“, „შეღავათიან აგროკრედიტს ძირითადი საშუალებებისთვის“, „შეღავათიან აგროლიზინგს“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ აგრონაწილს.

2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

3. პროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში არსებული შემდეგი კრედიტის კატეგორიებიდან ერთ-ერთი: შეღავათიანი აგროკრედიტი, შეღავათიანი აგროლიზინგი, აწარმოე საქართველოში;

ბ) ქვეკომპონენტი - კომპონენტის ქვეკატეგორია;

გ) ანუიტეტი - სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას;

დ) არასტანდარტული გრაფიკი - ინდივიდუალურად შემუშავებული სესხის დაფარვის გრაფიკი;

ე) ბენეფიციარი - მატერიალური სარგებლის მიმღები პირი/მხარე;

ვ) თავდაპირველი სესხი − პროექტის ფარგლებში გაცემული სესხი, რომელიც გაიცა მის რეფინანსირებამდე;

ზ) ინვენტარი − ნივთების, საგნების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება წარმოების, დამუშავებისა და რეალიზაციის დროს;

თ) ინფრასტრუქტურა − მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და განაპირობებს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფართო გაგებით, იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის დარგებს;

ი) იურიდიული პირი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სუბიექტი;

კ) კრედიტის ვადა − კრედიტის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციასა და კრედიტის მიმღებ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი დროის შესაბამისად;

ლ) კრედიტის მიზნობრიობა − კონკრეტული კომპონენტით/ქვეკომპონენტით განსაზღვრული სესხის გაცემის მიზანი;

მ) მეორადი უზრუნველყოფა − სესხის უზრუნველყოფა, რომლის გადახდის ალტერნატივად გამოყენება ხდება პირველადი უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ დარჩენილი დაუფარავი ვალდებულების შემთხვევაში;

ნ) მსესხებელი − კრედიტის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი;

 ო) პარალელური სესხი – ერთი მსესხებლის მიერ ორი ან მეტი დაუფარავი სესხი ერთი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში;

 პ) საბრუნავი საშუალებები – ის მიმდინარე აქტივები, რომელთა ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში;

 ჟ) საგრანტო თანადაფინანსება – საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული დაფინანსება;

 რ) საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხვის განაკვეთი;

 ს) საფინანსო ინსტიტუტი – ბანკები და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციები;

 ტ) საშეღავათო პერიოდი − პერიოდი, რომლის განმავლობაში, მსესხებელს სავალდებულო წესით არ მოეთხოვება სესხის ძირითადი თანხის და/ან მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა;

 უ) სესხი/კრედიტი − საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტითა და მიზნობრიობით;

 ფ) სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიო − საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელსაც კლიენტი იხდის სესხის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;

 ქ) სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება - სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები;

 ღ) სესხის დაფარვის გრაფიკი − სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით დაფარვის განრიგი;

 ყ) სესხის რეფინანსირება − ერთი პირის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული ახალი სესხით;

 შ) უზრუნველყოფა − მსესხებლის მიერ წარდგენილი საფინანსო ინსტიტუტისთვის მისაღები ნებისმიერი ქონება, რომლის რეალიზაციით საფინანსო ინსტიტუტი აინაზღაურებს კრედიტის დაუბრუნებლობით მიღებულ ზიანს;

 ჩ) ფიზიკური პირი − საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

 ც) ძირითადი საშუალება − მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

 ძ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმო − საწარმო, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;

 წ) ეკვივალენტი ლარში − უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული თანხის ეკვივალენტი ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის/ლიზინგის დამტკიცების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

 ჭ) ეკვივალენტი დოლარში − საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრული თანხის ეკვივალენტი აშშ დოლარი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის/ლიზინგის დამტკიცების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

 ხ) რესტრუქტურიზაცია - სესხის/ლიზინგის დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანა, მათ შორის რეფინანსირების გზით;

 ჯ) ლიზინგი - ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების ხელშეკრულებაში დათქმული ვადით სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ლიზინგის მიმღების მიერ დადგენილი პერიოდულობით, საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით;

 ჰ) ლიზინგის გამცემი - პროექტში მონაწილე სალიზინგო კომპანია, რომელთანაც სააგენტო გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას;

 ჰ1) ლიზინგის მიმღები - ნებისმიერი მეწარმე ფიზიკური პირი ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის მიმღებს სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შეღავათიანი აგროლიზინგის მოთხოვნებს;

 ჰ2) ლიზინგის ხელშეკრულება - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება ყველა დანართით, ცხრილებით, ცვლილებებითა და დამატებებით;

 ჰ3) ლიზინგის საგანი - ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება;

 ჰ4) ლიზინგის ვადა - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმებული ვადა, რომლითაც ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგანს გადასცემს ლიზინგის მიმღებს;

 ჰ5) ლიზინგის საგნის ღირებულება - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ლიზინგის საგნის ხელშეკრულებით დადგენილი ღირებულება;

 ჰ6) ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობა - ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებიდან ავანსად გადასახდელი თანხა;

 ჰ7) ლიზინგის გამცემის ინვესტიცია - ლიზინგის გამცემის მიერ დაფინანსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც დაერიცხება წლიური სარგებელი;

 ჰ8) სალიზინგო საზღაური - ლიზინგის მიმღების მიერ პერიოდულად გადასახდელი თანხები, ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით;

 ჰ9) დარიცხული სარგებელი - ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული წლიური სარგებელი;

 ჰ10) ლიზინგის მიზნობრივი თანადაფინანსება - სააგენტოს მიერ ლიზინგის მიმღებისთვის გადასახდელი სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსების თანხა;

 ჰ11) საგრანტო პროექტი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო;

 ჰ12) გრანტი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გაცემული თანმხვედრი დაფინანსება;

13) სეზონი - შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული ყოველწლიური დროის შუალედი.

    მუხლი 3. პროექტის მიზნები

1. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. ასევე ფერმერების გამსხვილება და კოოპერაციის ხელშეწყობა.

2. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

3. პროექტის ფარგლებში, სესხი გაიცემა მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

    მუხლი 4. კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

1. პროექტის ფარგლებში, აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გაიცემა საწარმოებისთვის შემდეგი ქვეკომპონენტების ფარგლებში:

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები;

ბ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით;

გ) ატმის შემსყიდველი საწარმოები;

დ) არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები;

ე) მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები.

2. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

3. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხის გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს შესაბამისი ქვეკომპონენტით ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური სესხის მაქსიმალურ თანხას ერთ სეზონზე.

4. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად, სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციამდე გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.

5. დასაშვებია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

6. დაუშვებელია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა იმავე სეზონზე შესაბამისი ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.

7. ამ მუხლის პირობები არ ვრცელდება საგრანტო პროექტზე.

8. თითოეული ქვეკომპონენტის ასამოქმედებლად, რომლებიც არ არის პროექტით დარეგულირებული, გამოიცემა მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რომელიც განსაზღვრავს ქვეკომპონენტ(ებ)ის სპეციალურ პირობებს.

    მუხლი 5. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

1. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ ყურძნის შესაძენად, შეღავათიანი პირობებით.

2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემა2015 წელს დასაშვებია სააგენტოს მიერ საფინანსო ინსტიტუტთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

3. კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო კრედიტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 თვეს.

5. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

6. სააგენტო განახორციელებს,მხოლოდ ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ყურძნის შეძენას.

7. 2015 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

8. დაუშვებელია ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე ქვე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.

9. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით

  ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 15%-ისა

50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 14%-ისა

100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 13%-ისა

400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 12%-ისა

1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 11%-ისა

5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 10-%-ისა.

 

10. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

11. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, მიცემულ უნდა იქნეს2015წლის პირველ დეკემბრამდე. 2015 წლის პირველი დეკემბრის შემდეგ, საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

12. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 4 000 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (50 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (15 თვე) და გამრავლებული ანუიტეტის სავარაუდო კოეფიციენტზე (0.8).

13. ის პირობები, რაც არ არის რეგულირებული ამ მუხლით, დარეგულირდება მე-4 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

14. 2014 წლის სეზონზე, ყურძნის შესყიდვის მიზნით გაცემულ სესხებზე, ბენეფიციარსა და ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია სესხის არსებული ვადის არაუმეტეს 21 თვემდე გახანგრძლივება სესხის რესტრუქტურიზაციის გზით, რა დროსაც ბენეფიციარს სააგენტოს მიერ გამონაკლისის სახით დაუფინანსდება თანადაფინანსების გაზრდილი მოცულობა (სხვა არსებული პირობების შენარჩუნებით).

    მუხლი 6. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით

1. ამ მუხლის შესაბამისად, კრედიტი შეიძლება გაიცეს,მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც ყურძნის შეძენას ახდენენ სპირტის წარმოების მიზნით.

2. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით კრედიტის გაცემა დასაშვებია 2015 წლის 25 აგვისტოდან პირველ ნოემბრამდე.

3. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით კრედიტის მიღება შეუძლიათ,მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს, ხოლო კრედიტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.

5. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ამ მუხლით განსაზღვრული აგროკრედიტის პირობებით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

6. სააგენტო განახორციელებს,მხოლოდ „საფერავის“, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს შესაბამისი ყურძნის ჯიშის შეძენას და/ან შეძენილი ყურძნით ვერ ან არ მოხდება სპირტის წარმოება. ინფორმაციას,შეძენილი და/ან გადამუშავებული ყურძნის მოცულობისა და ღირებულების შესახებ,სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.

7. ამ მუხლის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ, საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს საფინანსო ინსტიტუტისთვის დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

8. 2015 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ,სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპირტის წარმოებისთვის ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, არა უგვიანეს 2016 წლის პირველი მარტისა,გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

9. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე მუხლის ფარგლებში გაცემული სესხებისა.

10. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 15%-ისა

50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 14%-ისა

100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით

ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 13%-ისა

400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით

  ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 12%-ისა

1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 11%-ისა

5 000 001 ლარიდან 15 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში

არაუმეტეს 10 %-ისა.

 11. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.

12. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარს უნდა მიეცეს საშეღავათო პერიოდი არანაკლებ 2016 წლის პირველ მარტამდე,როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე.

13. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 9 600 000 ლარს, რაც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (50 000 000 ლარი) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (36 თვე) და გამრავლებული ანუიტეტის სავარაუდო კოეფიციენტზე (0.8).

14. ის პირობები, რაც არ არის რეგულირებული ამ მუხლით, დარეგულირდება მე-4 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

    მუხლი 7. კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

 1. „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას სააგენტოს მიერ.

2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების საფუძველზე.

3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.

4. ძირითადი საშულებების კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი − მხოლოდ 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) 30 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი), სესხების შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე − ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი − ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში.

5. პროექტის ფარგლებში, ძირითადი საშუალებებისთვის სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და არსებულ საწარმოებში სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობ(ებ)ით:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

ა.გ) ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;

ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;

ა.ვ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

ა.ზ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

ა.თ) თამბაქოს წარმოება;

ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;

ა.ლ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

 ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

 ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

 ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

 ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

 ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

 გ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:

 გ.ა) მეცხოველეობის ფერმა (მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც შეიმუშავებს სააგენტო სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე);

 გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

 გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

 გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

 გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

 გ.ვ) თევზის წარმოება;

 გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

 გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

 გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.

 6. შესაძლებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა:

ა) არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;

ბ) ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;

გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

დ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

ე) წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება;

ვ) შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:

ვ.ა) ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები;

ვ.ბ) ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;

ვ.გ) საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის, მუყაოს ასეპტიკური და პლასტმასის ტარა, ხუფები;

ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

თ) მხოლოდ დადგენილი ჯიშების მერძეული/მეხორცული ან/და კომბინირებული (მერძეულ/მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების შეძენა, როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალს და შესყიდვის წესს გასაზღვრავს სააგენტო სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად. მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საქართველოში შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნეობების სიას განსაზღვრავს სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. შეძენილი მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია ბენეფიციარს ეკრძალება სესხის გაცემიდან მომდევნო 36 თვის განმავლობაში), ასევე ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების, ფუტკრის ოჯახის, ღორის შეძენა;

ი) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის:

ი.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები;

ი.ბ) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;

ი.გ) კაკლოვანი კულტურები;

ი.დ) კენკროვანი კულტურები;

ი.ე) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;

ი.ვ) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;

ი.ზ) მრავალწლიანი ყვავილები;

 ი.თ) მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობები;

კ) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა;

ლ) სარწყავი სისტემების მოწყობა;

მ) მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) რემონტი;

 ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე);

ო) მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.

7. დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) მიწის შეძენა;

 ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი;

ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

ვ) სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა.

8. შეღავათიანი აგროკრედიტით შესაძლებელია დაფინანსდეს, ასევე „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.

9. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის, პარალელური სესხების) მოცულობებს, საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსების პროპორციებს, მიზნობრიობას (მათ შორის ისეთ მიზნობრიობას, რომელიც ამ მუხლით აკრძალულია ან არ არის განსაზღვრული) და ტრანშების გაცემის ვადებს განსაზღვრავს საგრანტო პროექტი.

10. ძირითადი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია, მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

11. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციამდე გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.

12. დასაშვებია მიმდინარე სესხის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მიზნობრიობებით. იმ შემთხვევაში, თუ სესხის რეფინანსირების მომენტისათვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

13. დასაშვებია ინდივიდუალური მეწარმის მიერ, პროექტის პირობების შესაბამისად, საკუთარი სესხის რეფინანსირება, რომელიც მის მიერ აღებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე.

14. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის, კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

15. შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის თანხა ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრება 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი), ვადა - არაუმეტეს 84 თვისა.

16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობ ა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) 30 000 აშშ დოლარის (ან ეკვივალენტი ლარი) ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 14%-ისა

100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 13%-ისა

200 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 12%-ისა.

 

17. სააგენტოს მონაწილეობა:

ა) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად;

 ბ) ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის (გარდა საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისა) ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 50 000 ლარამდე − 0.5%-ს;

ბ) 50 001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.

 19. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კლიენტს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

 20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კლიენტს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

 22. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით, შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

 23. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

 24. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

 ა) სესხის სრულად დაფარვა;

 ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ ვადაგადაცილების დროს თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში;

 გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პროექტის შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;

 დ) პროექტის პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების გაცემა;

 ე) ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;

 ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში.

 25. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის განსაზღვრული სესხების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით. ძირითადი საშუალებების კომპონენტსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.

    მუხლი 8. კომპონენტი შეღავათიანი აგროლიზინგი

 1. აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც საგრანტო პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

 2. აგროლიზინგის კომპონენტი დაფინანსდება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ბიუჯეტიდან (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე).

 3. სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის თანადაფინანსებას ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.

 4. სააგენტო ლიზინგის გამცემთან გააფორმებს ხელშეკრულებებს და დაადგენს ლიზინგის გამცემისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა უნდა დააკმაყოფილოს სააგენტოს თანამონაწილეობის სანაცვლოდ.

 5. პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო განახორციელებს შეღავათიანი აგროლიზინგის მიმღების (ბენეფიციარის) მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე.

 6. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

 ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს;

 ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა).

 7. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

 8. ამ კომპონენტით ისარგებლებენ ის სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს.

 9. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:

 ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

 ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

 ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

 ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;

 ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

 ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;

 ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

 ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

 ა.თ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

 ა.ი) თამბაქოს წარმოება;

 ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

 ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა;

 ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

 ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

 ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;

 ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

 ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

 ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

 ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

 ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

 ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

 ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

 გ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:

 გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

 გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

 გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

 გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

 გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

 გ.ვ) თევზის წარმოება;

 გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

 გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

 გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.

 10. შეღავათიანი აგროლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ:

 ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;

 ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;

 გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.

 11. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:

 ა) მიწის ლიზინგი;

 ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;

 გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) ლიზინგი;

 დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;

 ე) საოფისე ფართის ლიზინგი.

 12. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე ან არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

 13. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარით (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) და არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი ლარი), ლიზინგის მაქსიმალური ვადა − 84 თვით, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი ლარი).

 14. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარი (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) და არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარი (ან ეკვივალენტი ლარი), ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარი.

 15. პროექტის ფარგლებში, დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება იმ პირობით, რომ ამგვარი ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარი), ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარი).

 16. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.

 17. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.

 18. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში − სალიზინგო საზღაურის 2%-ს.

 19. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

 20. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.

 21. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

 22. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული სარგებლის წლიური 12%-ის ოდენობით, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს სალიზინგო საზღაურის გადახდას.

 23. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის განხილვას, მას შეუძლია, სააგენტოს მიმართოს თხოვნით, მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ ამავდროულად ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის შესახებაც, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

 24. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

 ა) ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდა;

 ბ) ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში - წყდება;

 გ) ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა;

 დ) ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია, ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 ე) საგრანტო პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში, საწარმოს შეეცვალა პროფილი. პროფილის შენარჩუნება გულისხმობს საგრანტო პროექტის ფარგლებში, შესაბამისი ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის შესრულებას;

 ვ) ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს ლიზინგის გამცემს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

 25. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადასცეს სააგენტოს.

 26. სააგენტო უფლებამოსილია, თავად მოახდინოს ლიზინგის საგნის რეალიზაცია. აღნიშნული მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განათავსოს ლიზინგის საგნის რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია საკუთარ (ან კონტრაქტორი პირის) ვებგვერდზე, სალიზინგო კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ფასით.

 27. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი, რომელიც უნდა შეადგენდეს:

 ა) მომსახურების წლიური სარგებლის თანხაზე − არანაკლებ 12 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან;

 ბ) აგროლიზინგის ძირითად თანხაზე − არანაკლებ 24 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.

 28. დაუშვებელია ამ მუხლის 27-ე პუნქტში მითითებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ლიზინგის გამცემის მიერ გადასახდელი თანხის კაპიტალიზაციის წესით დაანგარიშება.

 29. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დამატებით მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს უზრუნველყოფის წარდგენა.

 30. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის განსაზღვრული ლიზინგების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით. შეღავათიანი აგროლიზინგის პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.

    მუხლი 9. შეღავათიანი აგროკრედიტისა და აგროლიზინგის სპეციალური პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის

1. შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროლიზინგის სპეციალური პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისათვის მიზნად ისახავს, მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის დაფინანსებას, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტით, ასევე შეღავათიანი აგროლიზინგით.

2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

 ბ) მუნიციპალური საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი;

 გ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო − სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო, ან სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები, ასევე სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.

 3. ბენეფიციარები არიან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მოპოვებული ექნებათ საგრანტო თანადაფინანსება.

 4. ერთი განსახილველი პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე ნაკლები.

 სესხის/ლიზინგის გასაცემად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

 ა) სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50 (ორმოცდაათი)%-ს, ამავდროულად, სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის, პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) შეადგენს მაქსიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

 ბ) გაცემულ სესხზე/ლიზინგზე ვადა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 84 თვეს;

 გ) საშეღავათო პერიოდი ძირითადი საშუალებების შესაძენ სესხზე/ ლიზინგზე არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე და 24 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, ხოლო საბრუნავი საშუალებების შესაძენად გაცემულ სესხზე არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე და 18 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, თუ ბანკი და მეწარმე სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.

 5. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით/აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის/სალიზინგო კომპანიის პირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

 6. შეღავათიანი აგროკრედიტის/აგროლიზინგის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

 ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“) წარმოება;

 ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის „შებოლილი“) წარმოება;

 გ) რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება;

 დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

 ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

 ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

 ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

 თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

 ი) ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);

 კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);

 ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.

 სესხები/ლიზინგი არ გაიცემა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:

 ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);

 ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;

 გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).

 სესხი/ლიზინგი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მიწის (მათ შორის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად, ხოლო სესხის თანხით შენობა-ნაგებობების შეძენა დასაშვებია, მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.

 7. ამ კომპონენტით დადგენილია სესხის შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობ ა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) 30 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 15%-ისა

30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 14%-ისა

100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 13%-ისა

200 001 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

არაუმეტეს 12%-ისა.

 

 8. ეკვივალენტი თანხა იანგარიშება სესხის დამტკიცების დღისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

 9. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.

 10. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.

 11. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.

 12. სესხის ან ლიზინგის გამცემის მიერ სესხის/ლიზინგის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივით (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა). მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია, სესხის/ლიზინგის გამცემის მიერ მოთხოვნილ იქნეს უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება.

    მუხლი 10. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

 „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ II თავით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტებისთვის სესხი გაიცემა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.