„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2523
2015 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ (დანართი №2).“;
გ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ უზრუნველყოს „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“ პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ ბიზნესგეგმის მომზადების მომსახურების შესყიდვის ღირებულების სუბსიდირება.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
„დანართი №2
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების
დეტალური აღწერილობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი (შემდგომში – თანადაფინანსების პროექტი) ითვალისწინებს ორ კომპონენტს:
ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება;
ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.
2. თანადაფინანსების პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ თანადაფინანსების პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;
ბ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო – სახელწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო ან სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები, სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები. ასევე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.
მუხლი 3. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნებია:
ა) მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია;
ბ) გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
დ) სანედლეულო ბაზის განვითარება;
ე) სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
მუხლი 4. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნობრიობა
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისმიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოები:
ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
გ) რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება;
დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;
ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
ი) ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.
3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარს.
4. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:
ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);
ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;
გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).
მუხლი 5. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებია:
ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ბ) პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
გ) პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს სათანადო შინაარსისა და ფორმის მქონე წერილობით შედგენილი პროექტი (შემდგომში – პროექტი);
დ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს;
ე) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის სესხით ან/და ლიზინგით დაფინანსების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საბანკო ან/და სალიზინგო დაწესებულების გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ;
ვ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ან უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას;
ზ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.
მუხლი 6. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში პროექტების დამუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. პოტენციური ბენეფიციარების მიერ წარდგენილი პროექტების განხილვა და მათზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი პროცედურების მიხედვით:
ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისფარგლებში, განაცხადების მიღებას ახორციელებს სააგენტო ელექტრონული ფორმით, საკუთარი ვებგვერდის – www.apma.ge (შემდგომში – ვებგვერდი) საშუალებით;
ბ) განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოტენციური ბენეფიციარი ადგენს პროექტს. პროექტის შედგენისას, პოტენციური ბენეფიციარი ხელმძღვანელობს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული კითხვარით;
გ) წარდგენილ პროექტს და მასზე საგრანტო ოფიცრის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავს წინასწარი განხილვის კომისია სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად;
დ) წინასწარი განხილვის კომისიის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო;
ე) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ექსპერტიზის აუცილებლობის შემთხვევაში, ექსპერტიზას განახორციელებს შესაბამისი დარგის ექსპერტი. ექსპერტი განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ პროექტს და წარადგენს დასკვნას. ექსპერტიზა შესაძლოა განხორციელდეს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის/ბიზნესგეგმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, ექსპერტიზის აუცილებლობას, ექსპერტის ვინაობას და მის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო;
ვ) წინასწარი განხილვის კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნდა შედგეს სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისი ბიზნესგეგმა, პოტენციური ბენეფიციარის ან სააგენტოს მიერ შერჩეული საკონსულტაციო კომპანიების /კონსულტანტების მიერ;
ზ) კომერციული ბანკი განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ბიზნესგეგმას სააგენტოს წერილთან ერთად (წერილი მზადდება ბიზნესგეგმის შედგენის შემდგომ და მითითებული იქნება ის ძირითადი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს კომერციული ბანკის მიერ ბიზნესგეგმის განხილვისას) და იღებს პირობადებულ გადაწყვეტილებას – სესხი დამტკიცებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის ბიზნესგეგმა დამტკიცდება საგრანტო კომიტეტის მიერ (საგრანტო კომიტეტის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. საგრანტო კომიტეტის შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა).
2. პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ბანკის მიერ სესხის დამტკიცების სტანდარტულ წერილს;
ბ) შეთანხმებული ფორმატის ბიზნესგეგმას;
გ) სხვა დამატებით დოკუმენტაციას, რომელსაც განსაზღვრავს წინასწარი განხილვის კომისია, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარდგენილ ბიზნესგეგმას და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, წარუდგენს ბიზნესგეგმასა და დასკვნას თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად საგრანტო კომიტეტს განსახილველად.
4. საგრანტო კომიტეტი განიხილავს სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტითგათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
5. სააგენტოს და შემდგომ, საგრანტო კომიტეტის მიერ ბიზნესგეგმისა და წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის რიგითობა განისაზღვრება პოტენციური ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის თარიღით.
6. საგრანტო კომიტეტის მიერ თანადაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და მათი საგრანტო კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებას ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ.
7. თანადაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 7. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დასაფინანსებელი ხარჯების სახეები და დაფინანსების წყაროები
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია ახალი საწარმოების შექმნისათვის აუცილებელი შემდეგი დანახარჯების დაფინანსება:
ა) ძირითადი საშუალებების შეძენა ან/და ლიზინგით მიღება;
ბ) საწარმოს საბრუნავი სახსრები, მათ შორის საოპერაციო ხარჯები;
გ) ტექნიკური დახმარებიდან გამომდინარე ხარჯები.
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია ახალი საწარმოების დაფინანსების სამი წყარო:
ა) შეღავათიანი აგროკრედიტი /შეღავათიანი აგროლიზინგი;
ბ) სააგენტოს თანადაფინანსება;
გ) პროექტის ბენეფიციარის თანამონაწილეობა.
3. დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნეს პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.
მუხლი 8. შეღავათიანი აგროკრედიტი/შეღავათიანი აგროლიზინგი
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია შეღავათიანი აგროკრედიტით ან შეღავათიანი აგროლიზინგით დაფინანსების შემდეგი პირობები:
ა) სესხ(ებ)ის/ლიზინგ(ებ)ის მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის, პარალელური სესხ(ებ)ის/ლიზინგ(ებ)ის გაცემის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50 %-ს;
ბ) სესხ(ებ)ის/ლიზინგ(ებ)ის მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის, პარალელური სესხ(ებ)ის/ლიზინგ(ებ)ის გაცემის შემთხვევაში) უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
2. სესხის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთები განსაზღვრულია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირობებით.
3. სესხის მაქსიმალური ვადაა 84 თვე.
4. საშეღავათო პერიოდი განისაზღვრება (თუ ბანკი და ბენეფიციარი სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან):
ა) საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:
ა.ა) საპროცენტო სარგებელზე – არანაკლებ 12 თვისა;
ა.ბ) ძირითად თანხაზე – არანაკლებ 18 თვისა;
ბ) ძირითადი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:
ბ.ა) საპროცენტო სარგებელზე – არანაკლებ 12 თვისა;
ბ.ბ) ძირითად თანხაზე – არანაკლებ 24 თვისა.
5. სააგენტოს თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 11%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის გამოყენება საბრუნავი საშუალებების, თუ ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.
6. სესხი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის შესაძენად, ხოლო სესხის თანხით შენობა-ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.
მუხლი 9. სააგენტოს თანადაფინანსება
1. საკრედიტო/სალიზინგო დაფინანსებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულია ბენეფიციართა დაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსებით, შემდეგი პირობებით:
ა) პროექტის ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება და ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობის თანხის (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%) საწარმოს კაპიტალში შეტანა;
ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ით. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი) და არ უნდა აღემატებოდეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი). ამავდროულად, სააგენტო თანადაფინანსებას განახორციელებს ეროვნულ ვალუტაში ცალკეული ტრანშის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს.
2. სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად.
3. სააგენტო თითოეული დასაფინანსებელი პროექტისათვის ინდივიდუალურად დაადგენს სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების თითოეული ტრანშის გახარჯვისთვის აუცილებელ წინაპირობებს.
4. სააგენტოს თანადაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესაძენად.
5. დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება:
ა) საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) მიწის ნაკვეთის შესაძენად;
გ) შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.
6. სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანადაფინანსების თანხის მშენებლობის ან/და რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გაივლის ექსპერტიზას. სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უნდა ჩატარდეს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, რომელსაც განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ-ერთი, ბენეფიციარის შერჩევით.
მუხლი 10. ბენეფიციარის თანამონაწილეობა
1. პროექტის საკრედიტო/სალიზინგო დაფინანსებასა და სააგენტოს თანადაფინანსებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულია ბენეფიციართა თანამონაწილეობა შემდეგი პირობებით:
ა) ბენეფიციარის თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ის ფულადი სახით საწარმოს კაპიტალში შეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობა აღემატება 62 500 (სამოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ბენეფიციარს უფლება აქვს გადაჭარბებული თანხა არ შეიტანოს საწარმოს კაპიტალში, ასევე ბენეფიციარს უფლება აქვს მოიძიოს დაფინანსების სხვა წყარო;
ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მისაღებად აუცილებელია, პროექტის ბენეფიციარმა განახორციელოს საკუთარი თანამონაწილეობის შესაბამისი ფულადი სახსრების შეტანა საწარმოს კაპიტალში.
2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს თანადაფინანსებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის დამტკიცება მოხდება სხვადასხვა ვალუტაში, პროექტის დაფინანსების წყაროების პროცენტული თანაფარდობის დადგენა განხორციელდება კომერციული ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის დამტკიცების დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლართან მიმართებით.
მუხლი 11. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის სპეციალური პირობები
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის სპეციალური პირობებივრცელდება იმ პროექტ(ებ)ზე, რომლებიც განხორციელდება თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
2. პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 აშშ დოლარს.
3. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 60% -ით, მაგრამ არა უმეტეს 350 000 აშშ დოლარისა;
ბ) შეღავათიანი საბანკო კრედიტი/ლიზინგი განისაზღვრება არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარისა;
გ) ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება სპეციალური პირობების შესაბამისად.
5. თანადაფინანსების სპეციალური პირობები ასევე გავრცელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ახალი საწარმო(ები)ს შექმნის შემთხვევაში.
6. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ყველა სხვა პირობა უნდა გავრცელდეს უცვლელად, ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტ(ებ)ზე.
მუხლი 12. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარ(ებ)ისთვის ტექნიკური დახმარება
1. ტექნიკური დახმარების მიმართულებებია:
ა) პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ის უზრუნველყოფა მანქანა-დანადგარების და მათი მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციით;
ბ) ნედლეულის პოტენციურ მიმწოდებლებთან სწორი კომუნიკაციის აწყობა ახალი/რეაბილიტირებული საწარმოს შესაბამისი სტანდარტის ნედლეულით მომარაგების მიზნით;
გ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, მომსახურების მიმწოდებლებთან ბენეფიციარი საწარმოს დაკავშირება;
დ) მარკეტინგის სფეროში (მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების შესახებ) ბენეფიციარის ინფორმირება და ამ მიზნით შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირება;
ე) საწარმოში სააღრიცხვო საინფორმაციო სისტემების დანერგვის მიზნით, ბენეფიციარი საწარმოს მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირება;
ვ) საწარმოს საკვანძო პერსონალისა და მენეჯმენტის ტრენინგის ჩატარების ხელშეწყობა;
ზ) ბიზნესგეგმების მომზადება;
თ) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა.
2. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების მოძიებასა და ჩართვას პოტენციურ ბენეფიციართა მიერ ბიზნესგეგმების მომზადების პროცესში. ბიზნესგეგმების მომზადება განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ბიზნესგეგმის ფორმატისა და შინაარსის, ასევე ფინანსური უწყისებისა და ცხრილების შესაბამისად;
ბ) პოტენციური ბენეფიციარების მიერ ბიზნესგეგმის მომზადების მომსახურების შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას;
გ) საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმების/სერტიფიცირების თანადაფინანსებას;
დ) სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შეიმუშავებს საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების შესარჩევ კრიტერიუმებს;
ე) უზრუნველყოფს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების ნუსხის შემუშავებას, რომლებიც განახორციელებენ საწარმოების სერტიფიცირებისათვის ან სისტემის დამოწმებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას.
3. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვის და დამოწმების/სერტიფიცირების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობებით: სააგენტო დააფინანსებს საკონსულტაციო მომსახურების საერთო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს დააფინანსებს ბენეფიციარი. საკონსულტაციო მომსახურების ნაწილი შესაძლებელია დაფინანსდეს სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მიერ.
4. საკონსულტაციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვა და დამოწმება/სერტიფიცირება საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში;
ბ) სააგენტოს სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის ან კომერციული ბანკის მიერ გაცემული/დამოწმებული გარანტიის წარდგენა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სააგენტოს მიერ გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება დგება მომსახურების – სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმება/ სერტიფიცირების შემდგომ.
5. სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმება/სერტიფიცირების საერთო ღირებულების არანაკლებ 70%-ის მოძიების დადასტურება.
6. ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების მიღების და თანადაფინანსების გამოყოფის პროცედურებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 13. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი, საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, მაგრამ არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვისა;
ბ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში, შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია /მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.
მუხლი 14. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგსგანახორციელებს სააგენტო.
2. მონიტორინგი განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
ა) პროექტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვა;
ბ) საწარმოს მიერ პროფილის 2 წლის ვადით შენარჩუნება;
გ) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კონტროლი;
დ) ბენეფიციარის მიერ ნაკისრი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები.
მუხლი 15. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეფასება
1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ახლად შექმნილი/რეაბილიტირებული საწარმოების რაოდენობა;
ბ) მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც შეიქმნა ახალი/რეაბილიტირებული საწარმო;
გ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა;
დ) წარმატებული საწარმოების (საწარმოები, რომლებიც პირვანდელი პროფილით ფუნქციონირებენ შექმნიდან 2 წლის შემდეგ) რაოდენობა და მათი პროცენტული წილი შექმნილი საწარმოების რაოდენობიდან;
ე) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება;
ვ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია;
ზ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების ნედლეულის მიმწოდებელთა რაოდენობა;
თ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ შექმნილი ნამატი ღირებულება (ამ მაჩვენებლის დასაანგარიშებლად, შესამუშავებელია მეთოდოლოგია და შესაქმნელია საწარმოთა სტატისტიკური მონაცემების ბაზა);
ი) ახალ/რეაბილიტირებულ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა;
კ) ახალ/რეაბილიტირებულ საწარმოში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა.
2. სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია განისაზღვროს პროექტის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები.
მუხლი 16. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნები და ამოცანებია:
ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;
ბ) მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება;
გ) ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა;
დ) ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა;
ე) შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ვ) შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 17. ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პირობები
1. დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.
2. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.
3. შემნახველ საწარმოს უნდა შეეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადების სრული ციკლის უზრუნველყოფა, კერძოდ:
ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიღება;
ბ) დაკალიბრება;
გ) შეფუთვა;
დ) დასაწყობება.
4. შემნახველი საწარმო უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რომლებსაც განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.
5. შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კერძოდ, ხილი და ბოსტნეული) სპეციფიკაზე.
6. რეგიონების მიხედვით, დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალი:
ა) კახეთი – კურკოვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული კულტურები და ბოსტნეული კენკროვანი;
ბ) შიდა ქართლი - კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი კულტურები და ბოსტნეული;
გ) ქვემო ქართლი - კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული კულტურები და ბოსტნეული;
დ) მცხეთა-მთიანეთი - კურკოვანი, კენკროვანი და თესლოვანი კულტურები;
ე) სამცხე-ჯავახეთი – კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი კულტურები და ბოსტნეული;
ვ) იმერეთი – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები და ბოსტნეული;
ზ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – კურკოვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები და ბოსტნეული;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთი – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული კულტურები და ბოსტნეული;
ი) გურია – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული და თესლოვანი კულტურები;
კ) აჭარა – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები და ბოსტნეული.
7. მუნიციპალიტეტში შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობა დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. მიზანშეწონილობის დასაბუთების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო, რომელსაც დაამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.
8. შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.
მუხლი 18. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის შეზღუდვები
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსებაარ გავრცელდება:
ა) მარცვლეულის შემნახველ საწარმოებზე;
ბ) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
გ) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
დ) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.
მუხლი 19. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი და მისი შესაბამისობის კრიტერიუმები
1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისბენეფიციარი შეიძლება იყოს – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
2. ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საწარმო ან სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო.
3. პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება შემნახველი საწარმოს შექმნა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ 3/4-ს (თითოეულ წევრს) უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სადაც გაშენებულია ბაღი ან მოჰყავთ ბოსტნეული), რომელსაც არ გაასხვისებს/გადასცემს მესამე პირს დროებით სარგებლობაში, შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი უნდა იყოს შესაბამისობაში შესაქმნელი შემნახველი საწარმოს წარმადობასთან/მოცულობასთან. შესაბამისობის დეტალურ კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.
მუხლი 20. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარის თანადაფინანსების სტრუქტურა და მიზნობრიობა
1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 წყაროს გამოყენებით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 250 000 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარი);
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარი);
გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა – პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.
2. დასაშვებია, ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნეს პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.
3. პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: მიწის ღირებულება, საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის, საოპერაციო ხარჯები).
4. სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ით ნაცვლად 40%-ისა და ამავდროულად, საკუთარი თანამონაწილეობა არ იქნება სავალდებულო.
6. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს, სამივე წყაროს გამოყენებით, მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ-ის, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე დაფინანსდება დენის წყაროსთან მიერთების ხარჯები – ტრანსფორმატორის, შესაბამისი ენერგოკომპანიის მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულებების ჩათვლით.
7. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსებაარ გავრცელდება:
ა) მიწის შეძენაზე;
ბ) შენობა-ნაგებობების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან;
გ) არსებული შემნახველი საწარმოს ან შემნახველ საწარმოს კაპიტალში არსებული წილის შეძენა.
მუხლი 21. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია
1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა მუნიციპალიტეტში ახალი შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში – სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საქმიანობის საგნის მითითებით;
დ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა შესაქმნელი შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;
ე) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა შემნახველი საწარმოს მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე დასკვნა დანადგარების/აგრეგატების ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;
ვ) სამშენებლო/სამონტაჟო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი და დანადგარების /აგრეგატების მიმწოდებლის ინვოისი/კონტრაქტი;
ზ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) სამშენებლო ნებართვა;
ი) მშენებლობისა და სამუშაოების განხორციელების ვადაში გაწერილი დეტალური გეგმა;
კ) საკუთარი თანამონაწილეობის თანხის კომპანიის კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ) შემნახველი საწარმოს შექმნისათვის საჭირო საბანკო/სალიზინგო დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმა, რომელიც მოიცავს: პროდუქციის მიღებას, შენახვას, გაცემას, გაწეულ მომსახურებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 22. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების გაცემის ეტაპები
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსების გაცემის ეტაპებია:
ა) განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა;
ბ) სააგენტოს მიერ დაფინანსების სტრუქტურირება – ტრანშების გაცემის წინაპირობებისა და მიზნობრიობების დადგენა;
გ) ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
დ) თანადაფინანსების გაცემა (გაიცემა ტრანშებად).
მუხლი 23. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებები
1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებებია:
ა) შემნახველი საწარმოს შექმნიდან მინიმუმ 2 წლის განმვალობაში, უზრუნველყოს საწარმოს ფუნქციონირება;
ბ) შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი, ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. შემნახველი საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვისა;
გ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი;
დ) ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს წარდგენილი ბრუნვის გეგმის შესრულება. ბრუნვის გეგმა შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება წარდგენილი გეგმის არანაკლებ 50%.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, დაუშვებელია კოოპერატივის წევრების რაოდენობის და მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის შემცირება, კოოპერატივის მიერ შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.“.