1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
3.გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
5.დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე. 8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ- დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
19.ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
24. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
26. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას, ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
27. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ.
28. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
29. უფლებამოსილი ორგანო – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
30. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი. აგრეთვე ხეები, თუ მისის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2,5 მეტრზე ნაკლებია.
31. სამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ-ს, ხოლო 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისთვის – ხის სიმაღლის 1/3-ს.
32. ნახევრადსამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან ნახევრადსამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 მეტრამდე
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებე