მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება შპს "მუხრანი 98"-ის სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების აღარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/10
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ
17 სექტემბერი 2012 წელი
ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე D დიანა გოგატიშვილი
განმცხადებელი სს„მუხრანი-98”-s გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი
მოთხოვნის არსი – უძრავ ქონებაზე საზოგადოების საკუთრების უფლების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
2012 წლის 11 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველმა –აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 6400 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართ 451 კვ.მ.; სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი 3800 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 475 კვ.მ; სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი 15000 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართობი 2040 კვ.მ; სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 1500 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართობი 237 კვ.მ. სს „მუხრანი-98”-ის საკუთრების უფლების აღიარება.
განმცხადებლის განმარტებით, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილა სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველის თხოვნა და სს ”მუხრანი-98”-ის ფაქტობრივად დარჩენილი შენობა-ნაგებობით და სხვა ობიექტებით დაკავებული 2.67 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გადაეცა საკუთრებაში სს „მუხრანი-98”-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოძიებული იქნა აღნიშნული ფართობი, რომლებიც მდებარეობს სოფელ ქსოვრისში და წარმოადგენს 4 მიწის ნაკვეთს, რომლებზეც წინა გაკოტრების მმართველის მიერ შედგენილი იყო აზომვითი ნახაზები. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული 4 მიწის ნაკვეთიდან სამზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის, ხოლო 15000 კვ.მ ფართობიდან დადგინდა მცირე გადაფარვა, კერძოდ, 335 კვ.მ მიწის ფართი 2011 წლის 11 სექტემბრიდან აღრიცხულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ 26700 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 3800 კვ.მ მიწის ფართით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით სარგებლობს ვაჟა თაბორიძე, რომელმაც გამოთქვა ქონების შეძენის სურვილი. 6400 კვ.მ მიწის ფართით სარგებლობს ირაკლი ბაკურაძე, რომელსაც ასევე სურს ქონების შეძენა. 1500 კვ.მ მიწის ფართით სარგებლობის თენგიზ მიდელაშვილი, რომელთანაც გაკოტრების მმართველს ზვიად გადელიას დადებული აქვს ხელშეკრულება ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 15000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებზე პრეტენზია განაცხადა ზაზა მალაციძემ, რომლის განმარტებით სს „მუხრანი-98”-ის სამეთვალყურეო საბჭოს 2002 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მასზე გასხვისდა ეს ფართი და გადაეცა საკუთრებაში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი გარემოებები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 12 ივნისის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „მუხრანი-98”. წესდების თანახმად, იგი შეიქმნა სს ”მუხრანის” მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე, რომელიც რეგისტრირებულია მცხეთის რაიონის საკრებუოს გამგეობაში 1994 წლის 29 ივლისსის №104 გადაწყვეტილებით და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. (ს.ფ. 4, 75-81. ტომი 1)
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 25 იანვრის №06-49/2-0 წერილის თანახმად, სააქციო საზოგადოება „მუხრანის-98”-ის აქციების მთლიანი რაოდენობის 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია. საწარმოს მუშა-მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცათ აქციათა საერთო რაოდენობის 1,42%, საბარათე აუქციონის გზით პრივატიზებულია აქციათა საერთო რაოდენობის 0,135%, №1 სპეციალიზებულ აუქციონზე (ნულოვანი საწყისი ფასით) პრივატიზებულია აქციათა საერთო რაოდენობის 98,43%. (ს.ფ. 70-71. ტომი 1)
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სს `მუხრანი-98-ის” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ და მიუთითა, რომ საზოგადოების დავალიანება არის 76256.73 ლარი. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26ივლისის განჩინებით მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. (ს.ფ. 1-3, 14. ტომი 1)
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სს„მუხრანი-98-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე, ხოლო გაკოტრების მმართველად დაინიშნა ზვიად გადელია. (ს.ფ. 23-24. ტომი 1)
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტისა და 2 აპრილის სხდომებზე კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების შედეგად დამტკიცდა კრედიტორთა ნუსხა შემდეგი შემადგენლობით და მოთხოვნების ოდენობით:
საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა 130730 ლარი, სახელფასო დავალიანება 7009 ლარის ოდენობით, აქედან გიორგი თათარაშვილი – 500 ლარი, დავით ჯარმელაშვილი – 600 ლარი, ტარიელ კობალავა – 417 ლარი, შალვა ხიტირი – 311 ლარი, ნუკრი ნოზაძე –247 ლარი, დავით ბასილაშვილი – 155 ლარი, თემურ მიდელაშვილი – 313 ლარი, ეთერ თათარაშვილი –181.35 ლარი, გრიგოლ გაბარაშვილი – 335 ლარი, ნუგზარ ჩუგუაშვილი – 300 ლარი, ვახტანგ ბიჭიაშვილი – 335 ლარი, მარგო თამარაშვილი – 259.20 ლარი, მერაბ კაჭიური – 285.20 ლარი, თამაზ ლაბაური – 348 ლარი, ლილი ქინძოძე – 329.20 ლარი, ზაალ თვალიაშვილი – 475 ლარი, მანანა რევაზიშვილი –477.80 ლარი, ლევან გულიაშვილი – 193 ლარი, ისაკი დალაქიშვილი –600 ლარი, ვალერიან ორკოდაშვილი – 900 ლარი. (ს.ფ. 94-95, 96. ტომი 1)
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზვიად გადელია გათავისუფლდა სს `მუხრანი-98-ის” გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა მალხაზ ბაქანიძე.(ს.ფ. 101-102. ტომი 1)
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინებით მალხაზ ბაქანიძე გათავისუფლდა შპს `მუხრანი-98-ის” გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ზაზა მილაძე.(ს.ფ. 106. ტომი 1)
2008 წლის 15 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა სს `მუხრანი-98-ის” გაკოტრების მმართველმა ზაზა მილაძემ და მოითხოვა გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან მისი გადაყენება.(ს.ფ. 186. ტომი 1)
2010 წლის 12 იანვრის კრედიტორთა კრებაზე სს `მუხრანი-98-ის” გაკოტრების მმართველად არჩეული იქნა დიმიტრი კვალიაშვილი(ს.ფ. 304-307. ტომი 2).
2010 წლის 12 იანვრის განჩინებით აღიარებული იქნა ირაკლი ბაკურაძის მოთხოვნა სს„მუხრანი-98-ისათვის” 4000 ლარის დაკისრების შესახებ.(ს.ფ. 301-303. ტომი 2)
2011 წლის 19 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სს„მუხრანი-98-ის”გაკოტრების მმართველის შეცვლა და გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო. (ს.ფ. 376-379. ტომი 2)
სს ”მუხრანი-98”-ის სამეთვალყურეო საბჭოს 2002 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმის თანახმად, სამყუთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა სს „მუხრანი-98”-ის ბალანსზე რიცხული საფრინველე №1-ის შენობა მიეყიდოს ნაღდი ანგარიშსწორებით ზაზა მალაციძეს, შენობის რეალიზაციით მიღებული თანხა 2500 ლარი შეტანილი იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების დასაფარავად. სს ”მუხრანი-98”-ის დირექტორის ალ. თოდაძის მიერ 2002 წლის 24 სექტემბერს მიღებულია ბრძანება №10, რომლითაც სათანადო ღირებულების გადახდით ზაზა მალაციძეს პირად საკუთრებაში გადაეცა სს ”მუხრანი-98”-ის კუთვნილი საფრინველე №1-ის შენობა ზომებით 18-96მ, საერთო ფართი 1728 კვ.მ, ექსპლოატაციაში შესულია 1973 წელს. 2002 წლის 27 სექტემბრის გადასახადის აკრეფის ქვითრის თანახმად, ზაზა მალაციძემ სახელმწიფო ბიუჯეტში სს „მუხრანი-98”-ის დავალიანების დასაფარავად გადაიხადა 2500 ლარი. (ს.ფ. 45-48. ტომი 3)
2003 წლის 27 ნოემბერს სს ”მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველს ზვიად გადელიასა და თენგიზ მიდელაშვილს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თენგიზ მიდელაშვილს გადაეცა საკუთრების უფლება ძველ ადმინისტრაციულ შენობასა და ელექტრო-ტრანსფორმატორზე, ნასყიდობის ფასია 1000 ლარი. (ს.ფ. 40. ტომი 3)
მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მაისის №78 დადგენილებით დაკმაყოფილდა სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველის ზვიად გადელიას თხოვნა და სს „მუხრანი-98”-ის ფაქტობრივად დარჩენილი შენობა-ნაგებობით და სხვა ობიექტებით დაკავებული 2.67 ჰა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გადაეცა საკუთრებაში სს „მუხრანი-98”-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ. მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა რაიონის მიწის ბალანსში ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო ფონდში დარჩენილი 25.69 ჰა მიწის ფართის აღრიცხვა. დადგენილებაში მითითებულია, რომ სს ”მუხრანი-98”-ის ბალანსზე რიცხული 28.36 ჰა მიწის ფართიდან მცხეთის ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 3 მაისის № 256 ცნობა-დახასიათების მიხედვით დარჩენილი შენობა-ნაგებობებით და სხვა ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობი შეადგენს 2.76 ჰა, რომელზეც განთავსებულია სს ”მუხრანი-98”-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. 2004 წლის 12 ივლისის №600 საგადახდო დავალების თანახმად ზვიად გადელიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 4040 ლარი მიწაზე სს „მუხრანი-98”-ის კერძო საკუთრების მინიჭებისათვის. (ს.ფ. 7-9. ტომი 3)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 21 მაისის წერილზე დართული მცხეთის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად სოფელი მუხრანის საკრებულოს ტერიტორიაზე განლაგებულია სს მუხრანი-98-ის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა, №1 საფრინველე. №2 საფრინველე, ავტოფარეხი, წისქვილის შენობა, ჭაბურღილი №1 და ჭაბურღილი №2. (ს.ფ. 22-23. ტომი 1)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 21 მაისის წერილის თანახმად სს ”მუხრანი-98”-ის საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ 3040 კვ.მ მიწის და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მცხეთის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკის მონაცემების მიხედვით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ 15000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება საკადასტრო მონაცემების ზედდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მცხეთის რაიონის სოფელ სოფელ ქსოვრისში მდებარე 335 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებთან საკადატრო კოდი 72.01.19.127 მესაკუთრე მცხეთის მუნიციპალიტეტი.(ს.ფ. 21. ტომი 3)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 მაისის წერილის თანახმად მიწის ნაკვეთზე რომლის კოორდინატებია:
X Y Y
462668,965 4644132,344
462679,151 4644222,406
462694,058 4644235,077
462713,188 4644227,872
462767,598 4644122,779
მცხეთის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკის მონაცემების მიხედვით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საკადასტრო აზომვითო ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართია 1500 კვ.მ. (ს.ფ. 30-32. ტომი 3)
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის38-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული სამეურვეო ქონება რეგისტრირებული არ არის მარეგისტრირებელ ორგანოში, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში გაკოტრების მმართველი სასამართლოს მიმართავს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი.
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანამხად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი მოითხოვს სამეურვეო ქონებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სს „მუხრანი-98”-ის საკუთრების უფლების აღიარებას, უძრავ ნივთზე უფლებების არსებობა კი ვლინდება საჯარო რეესტრის მეშვეობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სს „მუხრანი-98”-ს კანონით დადგენილი საფუძვლებით აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რაც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 31 მაისის №78 დადგენილებით დაკმაყოფილდა სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველის ზვიად გადელიას თხოვნა და სს „მუხრანი-98’-ის ფაქტობრივად დარჩენილი შენობა-ნაგებობით და სხვა ობიექტებით დაკავებული 2.67 ჰა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გადაეცა საკუთრებაში სს „მუხრანი-98”-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ. დადგენილების თანახმად, სს „მუხრანი-98”-ის ბალანსზე რიცხული 28.36 ჰა მიწის ფართიდან მცხეთის ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 3 მაისის № 256 ცნობა-დახასიათების მიხედვით დარჩენილი შენობა-ნაგებობებით და სხვა ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობი შეადგენს 2.76 ჰა, რომელზეც განთავსებულია სს ”მუხრანი-98”-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
მცხეთის რაიონის გამგეობის ზემოთაღნიშნული დადგენილების დროს მოქმედი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
საზოგადოების წესდების თანახმად, სს „მუხრანი-98” შეიქმნა სს „მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკის” ბაზაზე, რომელიც რეგისტრირებულია მცხეთის რაიონის საკრებუოს გამგეობაში 1994 წლის 29 ივლისსის №104 გადაწყვეტილებით და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. სააქციო საზოგადოება „მუხრანის-98”-ის აქციების მთლიანი რაოდენობის 100% სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულია.
მცხეთის რაიონის გამგეობის ზემოთხსენებული დადგენილების მიხედვით სს „მუხრანი-98”-ს, როგორც პრივატიზებულ საწარმოს საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ფართით 2,67ჰა. შესაბამისად სს „მუხრანი-98”-ს „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოეშვა საკუთრების უფლება მანამდე მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლებზეც განთავსებული იყო საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე 15000კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე კანონით დადგენილი წესის დაცვით საკუთრების უფლება მიღებული არა აქვს ზაზა მალაციძეს, შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასთან მაყარად დაკავშირებული შენობები არის სს „მუხრანი-98”-ის საკუთრება. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის საკმარისი საფუძველი არ არის სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება და დირექტორის ბრძანება ქონების გასხვისების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსით იმპერატიულადაა დადგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის, მისი გასხვისების შესახებ გარიგების მხოლოდ სანოტარო ფორმის დაცვით დადების ვალდებულება. შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას წარმოშობს მხოლოდ ამგვარი ფორმის დაცვით დადებული გარიგება. სს „მუხრანი-98“-სა და ზაზა მალაციძეს შორის წერილობითი ფორმის დაცვით ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად ზაზა მალაციძეს საკუთრების უფლება მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ წარმოშობია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თენგიზ მიდელაშვილის საკუთრების უფლებას არ წარმოშობს 2003 წლის 27 ნოემბერს სს „მუხრანი-98”-ის გაკოტრების მმართველთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სს „მუხრანი-98”-ის საკუთრებას და შედის მის სამეურვეო ქონებაში. აღნიშნული შეთანხმების დროს მოქმედი „გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქარველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით. აღნიშნული კანონით დადგენილი არ არის გაკოტრების საქმის გახსნის შემდეგ საზოგადოების ქონების გასხვისების სპეციალური წესი, შესაბამისად გაკოტრების მასაში არსებული ქონების გასხვისების დროს დაცული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ქონების გასხვისების წესები.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად თენგიზ მიდელაშვილზე გასხვისდა სს „მუხრანი-98”-ის ადმინისტრაციული შენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლი თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. ამ ნორმების თანახმად, 2003 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების საგანია უძრავი ქონება – მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა. შესაბამისად, მისი შეძენისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გარიგების დადება. თენგიზ მიდელაშვილსა და სს ”მუხრანი-98”-ს შორის ხელშეკრულება არ არის დადებული სანოტარო ფორმის დაცვით.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ასევე ნებართვის დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის 2003 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად უძრავ ნივთის გასხვისების შესახებ გარიგება უნდა დადებულიყო სანოტარო ფორმის დაცვით.
ამ ნორმის მიხედვით,თენგიზ მიდელაშვილსა და სს „მუხრანი-98”-ს შორის 2003 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სს „მუხრანი-98”-ის ადმინისტრაციული შენობის ნასყიდობის შესახებ უცილოდ ბათილი, არარა გარიგებაა, რადგან დადებულია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად.შესაბამისად,თენგიზ მიდელაშვილისათვის იგი არ წარმოადგენს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.
აღნიშნული გარემოებების გამო მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 6400 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 451 კვ.მ.; სოფელ ქსოვრისში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართი 3800 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 475 კვ.მ; სოფელ ქსოვრისში მდებარე მიწის ფართი 15000 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართობი 2040 კვ.მ; სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართობი 237 კვ.მ. არის სს ”მუხრანი-98”-ის საკუთრება და საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს დაუზუსტებელი საკადასტრო მახასაითებლებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 38-ე მუხლის მე-14პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით
დაადგინა
1. დაკმაყოფილდეს გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება;
2. აღიარებული იქნეს სს „მუხრანი-98-ის”საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 6400 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 451 კვ.მ.;
3. აღიარებულ იქნეს სს „მუხრანი-98-ის”საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 3800 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 475 კვ.მ,;
4. აღიარებულ იქნეს სს „მუხრანი-98-ის”საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 15000 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 2040 კვ.მ,;
5. აღიარებულ იქნეს სს „მუხრანი-98-ის”საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართი დაუზუსტებელი მონაცემებით 1500 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი 237 კვ.მ,;
6. განჩინება საჩივრდება მცხეთის რაიონულ სასამართლოში კერძო საჩივრით მხარეთათვის განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში
მოსამართლე დ . გოგატიშვილი