აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების 2016-2017 წლების სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010110010.32.061.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

 

2016 წლის 28 მარტი 

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის მოსახლების დემოგრაფიული განვითარების 2016-2017 წლების  სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

დემოგრაფიული განვითარების  საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა დღევანდელი საქართველოს პირობებში. საკმარისია აღინიშნოს გაეროს კვლევების ის ნაწილი, რომლის მიხედვით პროგნოზირებულია საქართველოს მოსახლეობის მკვეთრი კლება და 2050 წლისთვის შემაშფოთებელ ნიშნულამდე დაშვება. სწორედ ამით არის განპირობებული საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის გამახვილებული ყურადღება აღნიშნული საკითხის მიმართ.

გასაგები მიზეზების გამო უფრო დამძიმებულია სურათი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგალითად: 1989 წლის აღწერის მიხედვით აფხაზეთის მოსახლეობა 525061 კაცს შეადგენდა, მათ შორის: ქართველები – 45,75%-ს, აფხაზები – 17,8%-ს, სომხები – 14,6%-ს, რუსები – 14,3%-ს, ბერძნები – 2,8%-ს, უკრაინელები – 2,2%-ს და სხვ.

აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ერთიანი სტატისტიკური მონაცემების სისტემის შექმნა, ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა. აღირიცხა მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, მათ შორის, საქართველოს რეგიონების მიხედვით. ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა და, საერთოდ, დემოგრაფიული სიტუაციის აღწერა ქართული  მხარისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის შესახებ, რომელიც შეიცავს  აშკარა უზუსტობებს და მიანიშნებს ციფრებით მანიპულაციაზე.

რაც შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ძირითადად ეთნიკურ ქართველებს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჯანმრთელობის, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესების გამო, მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. სადღეისოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფიციალურად დადგენილი რაოდენობა შეადგენს 235 000 კაცს. საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილისათვის, სხვა თავისებურებებთან ერთად, დამახასიათებელია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ  მიგრაციული პროცესები, რაც ართულებს დემოგრაფიული მონაცემების ზუსტად დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიულ პროცესებზე დაკვირვებას და შესწავლას, პროცესების პროგნოზირებას და პრევენციული ზომების მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქმიანობის  ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყველა შესაძლო სამეცნიერო, კანონშემოქმედებითი რესურსის, სამთავრობო პოტენციალის გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მოქმედების სისტემის შექმნა და ამოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „თ“ პუნქტის, მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად

1. ცნობად იქნეს მიღებული:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ  პრობლემებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომისიის (მ. გოგუა) ინფორმაცია აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების ძირითადი ტენდეციების, არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის და თანმდევი პროცესების რეგულირების შესახებ;

ბ) ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დემოგრაფიული ვითარების ამსახველი ზოგადი მონაცემების და ძირითადი პროცესების შესახებ; 

გ) ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის და მიგრაციული პროცესების შესახებ, რომელიც მოპოვებულია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო წყაროების მეშვეობით.

2. დამტკიცდეს აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების 2016-2017 წლების სამოქმედო პროგრამა (თან ერთვის), რომელიც ითვალისწინებს დემოგრაფიული ვითარების შესახებ საჭირო მონაცემების მოპოვების, ანალიზის და რეაგირების კონკრეტულ ღონისძიებებს; პროგრამა, ასევე, გულისხმობს მუდმივი დაკვირვების პირობებში მისი კორექტირების შესაძლებლობას.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ  პრობლემებზე მომუშავე მუდმივმოქმედმა  კომისიამ:

ა) აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი სამოქმედო პროგრამის შესაძლებლობაზე; გამოავლინოს პრინციპული, მნიშვნელოვანი თემები და წარუდგინოს შესაბამისი მოსაზრებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შემდგომი რეაგირებისთვის; მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საკითხების განხილვის ფორმებისა და მეთოდების შესახებ;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატთან ერთად, უზრუნველყოს საკუთარი ანალიტიკური მასალების, საინფორმაციო ბიულეტენების გადაწყვეტილების ა.შ. სხვა დოკუმენტების გავრცელება საინფორმაციო საშუალებებით, ინტერნეტის მეშვეობით.

4. ეს დადგენილება  გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს.

5. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  აპარატმა (ო. გარმელია).

6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელ                                                                        ვ. ყოლბაია