1.
ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვისას მომხსენებელია გამგებელი ან მის მიერ დანიშნული პირი. თანამომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.
2.
მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 63–ე მუხლით დადგენილი წესით.
3.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს, ერთი მხრივ, ნომერთა რიგის მიხედვით და, მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ცალკე უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას.
4.
პირველად განიხილება ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ პროექტის ცალ-ცალკე მუხლები.
5.
შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ ცალ-ცალკე მუხლების.
6.
როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.
7.
საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
8.
საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ გამგებლის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
9.
თუ საკრებულომ არ დაამტკიცა გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის 93-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი