10.1. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვაში ჩართოს დამატებითი მხარე, დამატებითი მხარის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელით უნდა მიმართოს DRC-ის სამდივნოს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად და გადაიხადოს სარჩელის რეგისტრაციის საფასური. დამატებითი მხარის მიმართ საარბიტრაჟო განხილვა ითვლება დაწყებულად სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების დღიდან და მასზე სრულად ვრცელდება დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნები. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვა არ დაიშვება, თუ საარბიტრაჟო განხილვის ყველა მხარე, მათ შორის, დამატებითი მხარე, სხვა რამეზე არ შეთანხმებიან. DRC-ის სამდივნოს შეუძლია მხარეებს განუსაზღვროს ვადა დამატებითი მხარის განხილვაში ჩართვის შესახებ სარჩელის წარდგენისათვის.
10.2. საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: I. დამატებით მხარესთან საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა; II. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირება არ უნდა იყო დასრულებული. ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, DRC-ის სამდივნო მიღებულ სარჩელს დამატებითი მხარის წინააღმდეგ უგზავნის ყველა სხვა მხარეს და, ასევე, დამატებით მხარეს. დამატებითმა მხარემ შესაგებელი უნდა გააკეთოს ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
10.3. დამატებით მხარეს შეუძლია წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მხარის წინააღმდე