მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“ საარბიტრაჟო წარმოების წესები (DRC-ის დებულება)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“
საარბიტრაჟო წარმოების წესები (DRC-ის დებულება)
თავი I. ზოგადი წესები
მუხლი 1. დავების განმხილველი ცენტრი
მუხლი 2. მოქმედების ფარგლები
მუხლი 3. დებულების ინტერპრეტაცია
მუხლი 4. DRC-ის სასამართლო
მუხლი 5. შეტყობინებები
მუხლი 6. ვადების გამოთვლა
თავი II. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება
მუხლი 7. საარბიტრაჟო სარჩელი
მუხლი 8. შესაგებელი, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნა
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვა
მუხლი 11. ერთზე მეტი საარბიტრაჟო შეთანხმება
მუხლი 12. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება
თავი III. საარბიტრაჟო ტრიბუნალი
მუხლი 13. ზოგადი ნაწილი
მუხლი 14. არბიტრთა რაოდენობა
მუხლი 15. ტრიბუნალის ფორმირება
მუხლი 16. არბიტრთა დანიშვნა და დამტკიცება
მუხლი 17. არბიტრის აცილება
მუხლი 18. არბიტრის შეცვლა
თავი IV. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 19. ზოგადი ნაწილი
მუხლი 20. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის ენა
მუხლი 22. სამართლის ნორმათა გამოყენება
მუხლი 23. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
მუხლი 24. პროცედურული სხდომა და პროცედურული განრიგი
მუხლი 25. მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციების გაცვლა
მუხლი 26. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა
მუხლი 27. მტკიცებულება
მუხლი 28. ზეპირი მოსმენა
მუხლი 29. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ექსპერტი
მუხლი 30. დოკუმენტის წარუდგენლობა
მუხლი 31. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება
მუხლი 32. უზრუნველყოფის ღონისძიებები
მუხლი 33. დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი
თავი V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 34. გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 35. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადა
მუხლი 36. საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
მუხლი 37. სამედიაციო შეთანხმების დამტკიცება
მუხლი 38. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და იურიდიული ძალა
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმება
მუხლი 40. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმება
მუხლი 41. საქმის მასალის შენახვა
მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება
მუხლი 43. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება
მუხლი 44. დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
თავი VI. ხარჯები
მუხლი 45. ავანსი საარბიტრაჟო ხარჯების დაფარვისათვის
მუხლი 46. საარბიტრაჟო ხარჯების გაანგარიშება
თავი VII. სხვა დებულებები
მუხლი 47. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
მუხლი 48. ვადების ცვლილება
მუხლი 49. უარი შეპასუხებაზე
მუხლი 50. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მუხლი 51. გაუთვალისწინებელი გარემოებები
მუხლი 52. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 53. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება
დანართი №1. DRC-ის სასამართლოს სტატუსი და შიდა რეგლამენტი
მუხლი 1. ფუნქციები
მუხლი 2. სასამართლოს შემადგენლობა
მუხლი 3. დანიშვნა
მუხლი 4. სასამართლოს სხდომები
მუხლი 5. კომიტეტები
მუხლი 6. კონფიდენციალურობა
მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი
მუხლი 8. სასამართლოს მიერ არბიტრების დანიშვნა
მუხლი 9. წარმომადგენლობა
მუხლი 10. სამდივნო
დანართი №2. საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
მუხლი 2. არბიტრის ჰონორარი
მუხლი 3. ტრიბუნალის ხარჯები
მუხლი 4. ადმინისტრაციული ხარჯები
მუხლი 5. სარეგისტრაციო მოსაკრებელი
მუხლი 6. ადმინისტრაციული ხარჯი და არბიტრთა ჰონორარი
მუხლი 7. გადაყენებული არბიტრისათვის საზღაურის გადახდა
მუხლი 8. DRC, როგორც დამნიშვნელი ორგანო
მუხლი 9. ადმინისტრაციული საზღაური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის
მუხლი 10. არბიტრთა ქცევის სახელმძღვანელო წესები
მუხლი 11. გადაწყვეტილების დაკავება
მუხლი 12. გამოსაყენებელი სამართალი
ცხრილი №1. სარეგისტრაციო მოსაკრებელი, ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი
ცხრილი №2. საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი)
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“
საარბიტრაჟო წარმოების წესები (DRC-ის დებულება)
თავი I. ზოგადი წესები
მუხლი 1. დავების განმხილველი ცენტრი
1.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „დავების განმხილველი ცენტრი” (შემდგომში− DRC) წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,საქართველოს ბიზნესასოციაციის“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის ფუნქციაა მოახდინოს საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო განხილვების ადმინისტრირება-DRC-ის პროცედურების ან წესების შესაბამისად.
1.2. საარბიტრაჟო დავას იხილავს ტრიბუნალი, რომელიც იქმნება კონკრეტული დავის განხილვისათვის.
1.3. DRC თავის ფუნქციებს ასრულებს სასამართლოს, დირექტორატისა და სამდივნოს მეშვეობით. DRC-ის სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია წესდებით და ამ საარბიტრაჟო წესებით (შემდგომში−დებულება).
მუხლი 2. მოქმედების ფარგლები
2.1. DRC-ის დებულების შესაბამისად ტრიბუნალი განიხილავს დავას, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ:
a) დავა განიხილება ,,დავების განმხილველი ცენტრის“ წესების შესაბამისად;
b) დავა განიხილება ,,დავების განმხილველი ცენტრის“ მიერ ან მსგავსი შინაარსის დათქმით.
2.2. ,,დავების განმხილველი ცენტრი“ დავებს განიხილავს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება შედგა საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის გაცვლის გზით.
2.3. თუ ამ მუხლის 2.1 და 2.2 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმებულები არიან დავა განიხილოს ,,დავების განმხილველმა ცენტრმა“, იგულისხმება, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს.
2.4. DRC-ის დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან დავის განხილვაზე UNCITRAL-ის (გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ მიღებული UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წარმოების წესები) საარბიტრაჟო წარმოების წესების შესაბამისად.
2.5. UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების მიხედვით საარბიტრაჟო დავის განხილვისას, DRC ასრულებს კომპეტენტური დაწესებულების ფუნქციას.
2.6. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში DRC ხელმძღვანელობს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, ამ დებულებით, დებულებით გათვალისწინებული შიდა რეგლამენტით და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის „არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ ნორმებით.
2.7. წინამდებარე დებულება ძალაში შედის 2016 წლის 01 ივნისიდან.
2.8. საარბიტრაჟო საქმის განხილვა დებულების იმ რედაქციის მიხედვით წარიმართება, რომელიც ძალაშია საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში.
მუხლი 3. დებულების ინტერპრეტაცია
3.1. DRC უფლებამოსილია, განმარტოს წინამდებარე დებულების ნებისმიერი ნორმა თავისი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. ტრიბუნალს ასევე შეუძლია განმარტოს დებულების ის ნორმები, რომლებიც ეხება ტრიბუნალის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს. განმარტებებს შორის ნებისმიერი წინააღმდეგობისას, უპირატესობა ენიჭება ტრიბუნალის განმარტებას.
3.2. DRC-ის მიერ წინამდებარე დებულების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის საბოლოო.
3.3. წინამდებარე წესებში, DRC-ზე მითითება წარმოადგენს მითითებას DRC-ის სტრუქტურულ ერთეულზე და/ან თანამდებობის პირზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია ან დანიშნულია წინამდებარე დებულებაში მოცემული ფუნქციების შესრულების მიზნით.
3.4. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
a) DRC, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – შპს „დავების განმხილველი ცენტრი“ (ს/კ 204547348), ინგლისური სახელწოდება - „Dispute Resolution Center” Ltd;
b) DRC-ის სასამართლო, სასამართლო – ,,დავების განმხილველი ცენტრის“ ორგანო, რომელიც ახორციელებს ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრირებას;
c) ტრიბუნალი, არბიტრაჟი – საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული ან დამტკიცებული არბიტრი ან არბიტრები;
d) გენერალური მდივანი – DRC-ის სამდივნოს ხელმძღვანელი;
e) საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირ(ებ)ი, რომელმაც დავის გადასაწყვეტად მიმართა DRC-ს და განაცხადა მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით;
f) საარბიტრაჟო მოპასუხე – პირ(ებ)ი, რომლის მიმართაც მოსარჩელე აყენებს მოთხოვნებს;
g) მხარე ან მხარეები – მოიცავს მოსარჩელე(ებ)ს, მოპასუხე(ებ)ს ან დამატებით მხარე(ებ)ს;
h) მოწმე – პირ(ებ)ი, რომელიც ჩვენებას აძლევს დავის ფაქტობრივი გარემოების შესახებ;
i) ექსპერტი – პირ(ებ)ი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა;
j) სარჩელი ან შემხვედრი სარჩელი – მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ;
k) შესაგებელი – სარჩელზე ან შემხვედრ სარჩელზე გაკეთებული პასუხი;
l)საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – მოიცავს ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო საქმის განხილვის პროცესში მიღებულ ნაწილობრივ და საბოლოო გადაწყვეტილებას.
მუხლი 4. DRC-ის სასამართლო
4.1. DRC-ის სასამართლო არ ახორციელებს დავების გადაწყვეტას. ის ადმინისტრირებას უწევს ტრიბუნალის მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მათ შორის, ახორციელებს:
4.1. 1. დახმარებას ტრიბუნალის ფორმირებაში;
4.1.2. იღებს გადაწყვეტილებას არბიტრის შეცვლის შესახებ;
4.1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ შემოწმებას;
4.1.3. ტრიბუნალის გადაწყვეტილების დადასტურებას;
4.1.4. დოკუმენტების შენახვას;
4.2. DRC-ის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანართი 1-ის შესაბამისად.
4.3. DRC-ის სასამართლოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს DRC-ის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.
მუხლი 5. შეტყობინებები და მხარეებთან კომუნიკაცია
5.1.ნებისმიერი შეტყობინება ან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, გარდა 5.6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შეტყობინება (კომუნიკაცია) უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღის შესახებ ჩანაწერი ან დადასტურება.
5.2. ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი (დოკუმენტები) ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
a) არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე; ან
b.) ,,a“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე; ან
c) ამ პუნქტის ,,a“ და ,,b“ ქვეპუნქტებში მითითებული მისამართის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნის მომენტში DRC-სთვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე);
5.3. შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის, ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ:
a) არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებულ ფაქსის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ეკვივალენტზე); ან
b) ამ პუნქტის ,,a“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული ფაქსის ნომერზე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ეკვივალენტზე); ან
c) ამ პუნქტის ,a“ და ,,b“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნის მომენტში DRC-სთვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ ფაქსის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ეკვივალენტზე) (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.4. შეტყობინება/გზავნილი, ამ მუხლის 5.2 პუნქტის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის მისი გადაცემის დღეს ან მისი გადაცემის მცდელობის დღეს. ადრესატისათვის ამ მუხლის 5.2 პუნქტის „a“ ან „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისამართზე მიწოდებული შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მიმღებს უფლებამოსილება, მიეღო შეტყობინება ადრესატის სახელით ან მისთვის გადასაცემად. ელექტრონული გზავნილი/შეტყობინება მიღებულად ითვლება მისი გაგზავნის დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტრონული საშუალებით გზავნილზე იმავე საშუალებით მიღებულია შეტყობინება, რომ ადრესატს ელექტრონული გზავნილი არ მიუვიდა.
5.5. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი სამდივნოს უნდა გადაეცეს იმდენ ეგზემპლარად, რომ თითოეულმა არბიტრმა, თითოეულმა მხარემ და სამდივნომ მიიღოს თითო ეგზემპლარი. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მხარეთათვის მიწოდებული ნებისმიერი შეტყობინების/გზავნილის ასლი უნდა გადაეცეს სამდივნოს.
5.6. DRC-ს შეუძლია შეტყობინება მიაწოდოს ადრესატს ან მის წარმომადგენელს ტელეფონით, რაც სათანადო ფორმით განხორციელებულ გადაცემად ჩაითვლება და არ არის აუცილებელი იმავე ინფორმაციის ამ მუხლის 5.2 ან 5.3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით გადაცემა.
5.7. DRC-ის სამდივნო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, შეტყობინების რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.
5.8. ნებისმიერი შეტყობინება/გზავნილი უნდა ჩაითვალოს მიღებულად მაშინ, როცა ადრესატმა პირველად მიიღო შეტყობინება 5.2, 5.3 ან 5.6 პუნქტის შესაბამისად. ამ მიზნებისათვის ვადა დადგენილი უნდა იყოს შეტყობინების მიღების ადგილის ადგილობრივი დროის მიხედვით. როცა ამგვარი შეტყობინება ეგზავნება ერთზე მეტ მხარეს, ამგვარი შეტყობინება თითოეული მხარისათვის უნდა ჩაითვალოს მიღებულად იმ თარიღის მიხედვით, როცა ის გადაეცა ბოლო ადრესატს 5.2, 5.3 ან 5.6 პუნქტის შესაბამისად.
5.9. საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს DRC-ის სამდივნოს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის (მათ შორის, ტელეფონის, ფაქსის, ელ. ფოსტის მისამართის) შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ.
მუხლი 6. ვადების გამოთვლა
6.1. დებულებით გათვალისწინებული ვადის დენა იწყება შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასვენების და უქმე დღეები. თუ ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების ან უქმე დღე იმ სახელმწიფოში, სადაც განხორციელდა შეტყობინების ჩაბარება, ასეთი ვადა დასრულებულად ჩაითვლება მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
6.2. დებულებაში მითითებული ნებისმიერი ვადა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
თავი II. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება
მუხლი 7. საარბიტრაჟო სარჩელი
7.1. მხარე, რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა (შემდგომში _ მოსარჩელე), საარბიტრაჟო სარჩელს გადასცემს DRC-ის სამდივნოს.
7.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:
a) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
b) დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
c) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
d) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები)ა. თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;
e) მითითება საარბიტრაჟო შეთანხმების პირობების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;
f) რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;
g) დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.
საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ ან რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ დავის ეფექტურად გადაწყვეტას.
7.3. მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენასთან ერთად უნდა გადაიხადოს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციის საფასური.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის სრულყოფილი, ან არ არის დაცული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, DRC-ის სამდივნოს შეუძლია განუსაზღვროს ვადა მოსარჩელეს სარჩელის სრულყოფისათვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამდივნოს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნები.
7.5. თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სარჩელის სამდივნოსათვის ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ამ დოკუმენტების ორიგინალი (ან დამოწმებული ასლი) წარუდგინოს DRC-ის სამდივნოს:
a) ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში; ან
b) DRC-ის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
7.6. DRC-ს სამდივნო, თუ ჩათვლის, რომ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახდენს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციას, რის შემდეგაც საარბიტრაჟო სარჩელს და მის დანართ(ებ)ს უგზავნის მოპასუხე(ებ)ს.
მუხლი 8. შესაგებელი, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნა
8.1. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს DRC-ის სამდივნოს შესაგებელი საარბიტრაჟო სარჩელზე (შემდგომში – შესაგებელი). შესაგებელში უნდა აღინიშნოს:
a) მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის,, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
b) მოსაზრება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა;
c) დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის შესაგებელს.
მოპასუხეს შეუძლია შესაგებელთან ერთად DRC-ის სამდივნოს წარუდგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები იმ კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომელზეც ამყარებს თავის შესაგებელს.
8.2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის ცნობად.
8.3. მოპასუხემ შესაგებელი და მისი დანართი იმდენ ეგზემპლარად უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს, როგორც ეს მითითებულია ამ დებულების მე-5 მუხლის 5.4 პუნქტში.
8.4. DRC-ის სამდივნოს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია – ტრიბუნალს, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია გაზარდოს შესაგებლის წარდგენის ვადა იმ პირობით, თუ ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარდგენასთან ერთად მოხდება არბიტრობის კანდიდატის წარდგენა (დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
8.5. DRC-ის სამდივნო შესაგებელს უგზავნის ყველა სხვა მხარეს.
8.6. ნებისმიერი შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ ვრცელდება დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები.
8.7. მოსარჩელემ, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, უნდა წარუდგინოს DRC-ის სამდივნოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის შესაბამისად. DRC-ის სამდივნოს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია – ტრიბუნალს, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია გაუგრძელოს მოსარჩელეს შესაგებლის წარდგენის ვადა.
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
9.1. თუ მხარე, რომელსაც წაეყენა საარბიტრაჟო მოთხოვნა, არ წარადგენს შესაგებელს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე პრეტენზიას საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსის შესახებ, ან აყენებს საკითხს ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ყველა მოთხოვნის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება და გადაწყვეტილებას იღებს ტრიბუნალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამდივნო ამ საკითხებს გადასაწყვეტად გადასცემს DRC-ის სასამართლოს ამ მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად.
9.2. DRC-ის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა DRC-ის იურისდიქციის არარსებობა.
9.3. იმ შემთვევაში, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე რომელიმე საარბიტრაჟო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება არ ართმევს მხარეს უფლებას, საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის საფუძვლად არსებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, თავიდან სხვა საარბიტრაჟო სარჩელში დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნები.
9.4. თუ სათანადოდ ინფორმირებული მხარე საარბიტრაჟო განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას ან უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება, მიუხედავად ამგვარი უარისა ან მონაწილეობის მიუღებლობისა.
9.5. არბიტრაჟს უნარჩუნდება კომპეტენცია განიხილოს დავა იმ შემთხვევაშიც, თუ გაცხადებული იქნება, რომ ხელშეკრულება არ არსებობს ან ბათილია, იმ პირობით, რომ არბიტრაჟი მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებას ჩათვლის ნამდვილად.
9.6. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ პრეტენზია შეიძლება გაკეთდეს შესაგებელთან ერთად ან შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მისი წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში.
9.7. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამის გარემოებებზე ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში.
9.8. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შესაძლებელია გაკეთდეს ამ მუხლის 9.6 და 9.7 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვა
10.1. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვაში ჩართოს დამატებითი მხარე, დამატებითი მხარის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელით უნდა მიმართოს DRC-ის სამდივნოს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად და გადაიხადოს სარჩელის რეგისტრაციის საფასური. დამატებითი მხარის მიმართ საარბიტრაჟო განხილვა ითვლება დაწყებულად სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების დღიდან და მასზე სრულად ვრცელდება დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნები. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვა არ დაიშვება, თუ საარბიტრაჟო განხილვის ყველა მხარე, მათ შორის, დამატებითი მხარე, სხვა რამეზე არ შეთანხმებიან. DRC-ის სამდივნოს შეუძლია მხარეებს განუსაზღვროს ვადა დამატებითი მხარის განხილვაში ჩართვის შესახებ სარჩელის წარდგენისათვის.
10.2. საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: I. დამატებით მხარესთან საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა; II. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირება არ უნდა იყო დასრულებული. ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, DRC-ის სამდივნო მიღებულ სარჩელს დამატებითი მხარის წინააღმდეგ უგზავნის ყველა სხვა მხარეს და, ასევე, დამატებით მხარეს. დამატებითმა მხარემ შესაგებელი უნდა გააკეთოს ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
10.3. დამატებით მხარეს შეუძლია წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ.
მუხლი 11. ერთზე მეტი საარბიტრაჟო შეთანხმება
მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ერთზე მეტი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან, შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთ საარბიტრაჟო წარმოებაში, დებულების მე-9 მუხლის და 23.5. პუნქტის გათვალისწინებით.
მუხლი 12. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება
12.1. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, DRC-ის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორი ან მეტი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ საარბიტრაჟო საქმეში გაერთიანების შესახებ, როცა:
a) მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების შესახებ, ან
b) ყველა მოთხოვნა ერთსა და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება; ან
c) საარბიტრაჟო მოთხოვნები სხვადასხვა საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება, მაგრამ საარბიტრაჟო განხილვები მიმდინარეობს ერთსა და იმავე მხარეებს შორის, დავები წარმოშობილია ერთსა და იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან, და DRC-ის სასამართლო ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები თავსებადია.
12.2. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას DRC-ის სასამართლომ შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომელსაც ის ჩათვლის საქმესთან კავშირში, მათ შორის, თუ რა ეტაპზეა საარბიტრაჟო განხილვა, დანიშნულია თუ არა არბიტრი და ა.შ.
12.3 საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანებისას, ისინი ერთიანდებიან იმ საარბიტრაჟო საქმეში, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, თუ ყველა მხარე სხვა რამეზე არ შეთანხმდა.
თავი III. საარბიტრაჟო ტრიბუნალი
მუხლი 13. ზოგადი ნაწილი
13.1. თითოეული არბიტრი უნდა იყოს საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დარჩეს ასეთად მთელი საარბიტრაჟო განხილვის განმავლობაში.
13.2. დანიშვნამდე ან დამტკიცებამდე არბიტრობის კანდიდატმა უნდა მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომ მას აქვს სათანადო დრო საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე უნდა მიუთითოს თავისი საკონტაქტო მონაცემები, რომელიც კონკრეტული დავის განხილვის პროცესში გამოყენებული იქნება გზავნილის/შეტყობინების მისაღებად. არბიტრობის კანდიდატმა DRC-ის სამდივნოს წერილობით უნდა აცნობოს ნებისმიერი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე. სამდივნო არბიტრობის კანდიდატის ამ განაცხადს უგზავნის ტრიბუნალის სხვა წევრებს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს. სამდივნოს შეუძლია განუსაზღვროს მხარეებს დრო მოსაზრებების წარმოსადგენად.
13.3. არბიტრი ვალდებულია სამდივნოს, ტრიბუნალის სხვა წევრებს და მხარეებს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ წარმოშობილი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.
13.4. არც ერთ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია ტრიბუნალთან ან არბიტრობის ნებისმიერ კანდიდატთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანდიდატის ინფორმირება ხდება დავის ზოგადი არსის შესახებ, რათა განხილულ იქნეს საკითხი, თუ რამდენად აქვს მას სათანადო დრო საქმის განხილვისათვის, ან შესაძლებლობა იყოს დამოუკიდებელი და მხარეების მიმართ მიუკერძოებელი, ასევე, შეესაბამებოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არც ერთ მხარეს და მის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია ტრიბუნალის თავმჯდომარეობის კანდიდატთან.
13.5. არბიტრები ვალდებულნი არიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ დებულების, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
13.6. თუ მხარეებმა შეთანხმებით სხვა რამე არ გაითვალისწინეს, ტრიბუნალის ფორმირება ხდება მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 14. არბიტრთა რაოდენობა
14.1. დავა განიხილება ერთი ან სამი არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალის მიერ.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებულნი არბიტრთა რაოდენობაზე, დავა განიხილება ერთი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, გარდა 14.3. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14.3. თუ საარბიტრაჟო მოთხოვნების ჯამი შეადგენს 1,000,000 ლარს ან მეტს, ან DRC-ის სასამართლო ჩათვლის, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია საარბიტრაჟო ტრიბუნალის სამი არბიტრით ფორმირება, დავა განიხილება სამი არბიტრით ფორმირებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ.
მუხლი 15. ტრიბუნალის ფორმირება
15.1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ტრიბუნალის ფორმირების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ასეთ პროცედურაზე არ შეთანხმებულან ან ტრიბუნალის ფორმირების შეთანხმებული პროცედურა საკმარისად ნათელი არ არის, ტრიბუნალის ფორმირება ხდება ამ მუხლის 15.2– 15.6 პუნქტების შესაბამისად.
15.2. იმ შემთხვევაში, თუ დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად დაასახელონ არბიტრის კანდიდატურა 15 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მოპასუხეს ჩაჰბარდა საარბიტრაჟო სარჩელი. თუ ამ პროცედურის დაცვით ვერ მოხდება არბიტრის კანდიდატურის წარდგენა, არბიტრს ნიშნავს DRC-ის სასამართლო.
15.3. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ დავის განხილვას, თითოეულმა მხარემ საარბიტრაჟო სარჩელით და შესაგებელით უნდა წარადგინოს არბიტრობის თითო კანდიდატი. თუ რომელიმე მხარე არ წარადგენს არბიტრობის კანდიდატს, შესაბამისი მხარის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს DRC-ის სასამართლო.
15.4. იმ შემთხვევაში, თუ დებულების 14.2 პუნქტის შესაბამისად დავა უნდა განიხილოს სამი არბიტრით ფორმირებულმა ტრიბუნალმა, თითოეულმა მხარემ უნდა დაასახელოს თითო არბიტრობის კანდიდატი 14.2 პუნქტით გათვალისწინებული DRC-ის სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში. თუ რომელიმე მხარე არ დაასახელებს არბიტრობის კანდიდატს, შესაბამისი მხარის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს DRC-ის სასამართლო.
15.5. როდესაც დავა განხილული უნდა იქნეს სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, თუ მხარეები სხვა პროცედურაზე არ შეთანხმდებიან, უკვე დანიშნული ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში შეთანხმებულად ასახელებენ მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც DRC-ის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში იქნება ტრიბუნალის თავმჯდომარე. თუ მოცემულ ვადაში ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში, ამ პუნქტის მიხედვით არ მოხდება მესამე არბიტრის კანდიდატურის დასახელება, მესამე არბიტრს ნიშნავს DRC-ის სასამართლო.
15.6. მოსარჩელეთა ან მოპასუხეთა სიმრავლის შემთხვევაში და როცა დავა განხილული უნდა იქნეს სამ არბიტრიანი ტრიბუნალის მიერ, თანამოსარჩელეებმა ერთობლივად და თანამოპასუხეებმა ერთობლივად უნდა დაასახელონ არბიტრობის თითო კანდიდატურა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში.
15.7. დამატებითი მხარის საარბიტრაჟო განხილვაში ჩართვის შემთხვევაში მხარეებმა ერთობლივად უნდა დაასახელონ არბიტრობის კანდიდატები, დამატებითი მხარის საარბიტრაჟო განხილვაში ჩართვიდან 15 დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
15.8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 15.6 და 15.7 პუნქტების შესაბამისად არ ხდება არბიტრობის კანდიდატის შეთანხმებულად დასახელება, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ტრიბუნალის თითოეული წევრი, მათ შორის, ტრიბუნალის თავმჯდომარე.
მუხლი 16. არბიტრთა დანიშვნა და დამტკიცება
16.1. არბიტრთა დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას DRC-ის სასამართლო ითვალისწინებს არბიტრობის კანდიდატურის რეზიდენტობას, მის საცხოვრებელ ადგილს და სხვა შესაძლო კავშირებს იმ ქვეყნებთან, რომლის რეზიდენტებიც არიან მხარეები ან სხვა არბიტრები, ასევე აქვს თუ არა არბიტრობის კანდიდატს სათანადო დრო და შესაძლებლობა განიხილოს დავა დებულების შესაბამისად. იგივე წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც გენერალური მდივანი იღებს გადაწყვეტილებას არბიტრად დანიშვნის შესახებ ამ მუხლის 16.2 პუნქტის შესაბამისად.
16.2. გენერალური მდივანი ამტკიცებს მხარეების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური მდივანი ჩათვლის, რომ არბიტრობის კანდიდატი არ უნდა იქნეს დამტკიცებული, საკითხი განსახილველად გადაეცემა DRC-ის სასამართლოს.
16.3. ერთპიროვნული არბიტრი ან ტრიბუნალის თავმჯდომარე არ უნდა იყოს იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომლის რეზიდენტიცაა საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე მხარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:
a) დავის ყველა მხარე ერთსა და იმავე სახელმწიფოს რეზიდენტია;
b) არბიტრის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას ერთი მხარის ყველა გაცხადებული საარბიტრაჟო მოთხოვნის ჯამი არ აღემატება 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს;
c) საარბიტრაჟო განხილვის მხარეები შეთანხმდნენ სხვაგვარად.
16.4. DRC-ის სასამართლომ არბიტრის დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს დავის ხასიათს, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს, ენას და გამოსაყენებელ სამართალს.
16.5. არბიტრობის კანდიდატის დანიშვნა ან დამტკიცება ხდება დებულების დანართ №2–ში (საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჰონორარი, ხარჯები, პირობები) მითითებული პირობებით.
16.6. DRC-ის სასამართლოს მიერ ერთპიროვნული არბიტრის ან ტრიბუნალის თავმჯდომარის დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად დანიშვნის შემთხვევაში, თუ გაცხადებული საარბიტრაჟო მოთხოვნის ჯამი აღემატება 2,000,000 მილიონ ლარს, დანიშვნა ხდება შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:
a) DRC-ის სასამართლო მხარეებს აწვდის სიას არბიტრობის 5 კანდიდატის მითითებით და თითოეული კანდიდატის განცხადებას, რომ მას აქვს სათანადო დრო საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
b) საარბიტრაჟო განხილვის თითოეულმა მხარემ ამ პუნქტის ,,a” ქვეპუნქტში მითითებული განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC-ს თავისი მოსაზრება წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით შემდეგი წესის დაცვით: 1) სიაში უნდა გამორიცხოს 2 კანდიდატი, რომლის დანიშვნის წინააღმდეგიცაა; და 2) სიაში დარჩენილ თითუელ კანდიდატს უნდა მიანიჭოს ერთი, ორი ან სამი ქულა იმის მიხედვით, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას (არ შეიძლება ერთი და იმავე ქულის მინიჭება ორი ან მეტი კანდიდატისათვის). თუ მხარე (მხარეები) არ წარადგენს თავის პოზიციას ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, ჩაითვლება, რომ მან არბიტრობის თითოეულ კანდიდატს მიანიჭა ერთი ქულა;
c) DRC-ის სასამართლო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთპიროვნულ არბიტრად ან ტრიბუნალის თავმჯდომარედ ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელსაც მხარეებისაგან მიღებული სიის გათვალისწინებით აქვს ყველაზე მაღალი ჯამური ქულა;
d) კანდიდატებისათვის თანაბარი ქულების მინიჭების შემთხვევაში სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავს არბიტრს ან ტრიბუნალის თავმჯდომარეს, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს;
e) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 16.6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნა არ განხორციელდება, დანიშვნას განახორციელებს სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ.
მუხლი 17. არბიტრის აცილება
17.1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ მიიჩნევს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი ან/და მიუკერძოებელი, ან რაიმე სხვა საფუძვლით (მათ შორის, თუ არბიტრი არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას; ან არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციის შესრულებაში; ან არბიტრი არ ავლენს სათანადო ყურადღებას დავის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით განხილვისათვის), DRC-ის სამდივნოსათვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი მიმართვით.
17.2. მხარეს, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის აცილების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
17.3. მხარე კარგავს არბიტრის აცილების უფლებას თუ მან აცილების შესახებ განცხადებით არ მიმართა DRC-ის სამდივნოს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლების შესახებ.
17.4. სამდივნო არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადს უგზავნის სხვა მხარე(ებ)ს და ტრიბუნალის წევრებს, რითაც მათ ეძლევათ საშუალება 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები. სამდივნოს შეუძლია დაადგინოს განსხვავებული ვადა წერილობითი მოსაზრებების წარდგენისათვის.
17.5. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გადადგება მისი აცილების საკითხის დაყენებიდან 15 დღის ვადაში, და თუ მეორე მხარე არ დაეთანხმა აცილებას ამ მუხლის 17.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში არბიტრის აცილების შესახებ საკითხს გადაწყვეტს DRC-ის სასამართლო.
17.6. თუ არბიტრი მოახდენს თვითაცილებას, ან თუ მეორე მხარე დაეთანხმება არბიტრის აცილებას, არბიტრი ჩაითვლება აცილებულად.
მუხლი 18. არბიტრის შეცვლა
18.1. არბიტრი შეიცვლება, თუ:
a) არბიტრი გარდაიცვალა;
b) არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
c) DRC-ის სასამართლო დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;
d) DRC-ის სასამართლო თავისი ინიციატივით, ან სამდივნოს ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
e) არბიტრი დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე, რომელთანაც არბიტრის ფუნქციის შესრულება წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.
18. 2. ამ მუხლის 18.1 პუნქტის c) და d) ქვეპუნქტების საფუძველზე არბიტრის შეცვლის საკითხზეDRC-ის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არბიტრ(ებ)ის და მხარეების მოსაზრებების გათვალისწინებით.
18.3. შეცვლილი არბიტრის ნაცვლად არბიტრის დანიშვნას განახორციელებს DRC-ის სასამართლო.
18.4. თუ საარბიტრაჟო მოსმენის დასრულების და მხარეებისაგან საქმესთან დაკავშირებით ბოლო მოსაზრებების მიღების შემდეგ წარმოიშობა საკითხი არბიტრის შეცვლის შესახებ ტრიბუნალის ერთ-ერთი არბიტრის გარდაცვალების, ან არბიტრის უფლებამოსილების ამ მუხლის 18.1 პუნქტით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით შეწყვეტის გამო, სასამართლოს, თუ ის ჩათვლის მიზანშეწონილად, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრის შეცვლის ნაცვლად დარჩენილმა არბიტრებმა გააგრძელონ საარბიტრაჟო განხილვა და მიიღონ გადაწყვეტილება. DRC-ის სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს არბიტრების და საარბიტრაჟო განხილვის მხარეების მოსაზრებები და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
თავი IV. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 19. ზოგადი ნაწილი
19.1. ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს საარბიტრაჟო განხილვის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით წარმართვა.
19.2. საარბიტრაჟო განხილვისას ტრიბუნალი პირველ რიგში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მოწესრიგებული დებულებით, – ნებისმიერი წესებით, რომელიც შეათანხმეს მხარეებმა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, – იმ წესებით, რომელიც დადგენილი იქნება ტრიბუნალის მიერ.
19.3. საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურად წარმართვის მიზნით, ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება დაადგინოს პროცედურული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას დაიცვან საკუთარი ინტერესები და წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები. პროცედურული ზომების დადგენამდე ტრიბუნალი მართავს კონსულტაციებს მხარეებთან.
19.4. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დღედ ითვლება DRC-ის სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების (რეგისტრაციის) დღე.
19.5. საარბიტრაჟო განხილვის საწყის სტადიაზე და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ტრიბუნალს შეუძლია მოამზადოს საარბიტრაჟო განხილვის პროცედურული განრიგი.
19.6. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები კომერციული საიდუმლოების და ინფორმაციის დაცვის მიზნით.
19.7. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებისა და ტრიბუნალისათვის მიწოდებას.
19.8. მხარე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ნებისმიერი პირით. წარმომადგენლის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მხარემ უნდა მიაწოდოს სამდივნოს, რომელიც ამ ინფორმაციას უგზავნის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს და არბიტრებს. DRC-ს ან ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მხარეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.
19.9. მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 20. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
20.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.
20.2. საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება DRC-ის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, ტრიბუნალს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.
20.3. ტრიბუნალს შეუძლია სამუშაო თათბირი გამართოს ნებისმიერ ადგილას.
20.4. ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება 20.1 პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე.
მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის ენა
21.1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო განხილვის ენა. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ენას ადგენს ტრიბუნალი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის,, ხელშეკრულების ენის გათვალისწინებით.
21.2. მხარეთა შეთანხმება ან ტრიბუნალის გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა წერილობით განცხადებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ სხვა დოკუმენტს, ასევე ზეპირ მოსმენას, თუკი ასეთს ექნება ადგილი.
21.3. ტრიბუნალს შეუძლია დაადგინოს, რომ დოკუმენტს, რომელიც შესრულებულია საარბიტრაჟო განხილვის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, უნდა ახლდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი.
მუხლი 22. სამართლის ნორმათა გამოყენება
22.1. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ სამართლის ნორმები, რომლის მიხედვითაც დავა უნდა გადაწყდეს არსებითად. ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ტრიბუნალი იყენებს სამართლის იმ ნორმებს, რომელსაც დავის არსიდან გამომდინარე ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს.
22.2. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
22.3. გადაწყვეტილების დასაბუთებისას ტრიბუნალს შეუძლია ხელშეკრულების პირობების გარდა, გაითვალისწინოს ის სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება.
მუხლი 23. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
23.1. ტრიბუნალი, სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ადგენს და მხარეებს გადასცემს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების პროექტს. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს:
a) საარბიტრაჟო განხილვის თითოეული მხარის და მისი წარმომადგენლის სახელს, მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემებს;
b) თითოეული არბიტრის სახელს და გვარს;
c) მხარეთა სამართლებრივი ინტერესების და მოთხოვნების აღწერას, აგრეთვე საარბიტრაჟო დავის ღირებულებას;
d) საარბიტრაჟო განხილვის ენას, ადგილს და გამოსაყენებელ სამართალს;
e) საარბიტრაჟო განხილვის შედეგად გადასაწყვეტ საკითხებს, თუ ამას მიზანშეწონილად ჩათვლის საარბიტრაჟო ტრიბუნალი;
f) პროცედურულ წესებს, რომლებმაც დებულებასთან ერთად უნდა დაარეგულიროს საარბიტრაჟო განხილვის ცალკეული პროცესუალური საკითხები.
23.2. მხარეებმა და ტრიბუნალმა სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) დღის ვადაში ხელი უნდა მოაწერონ საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას და გადასცენ ის DRC-ის სასამართლოს. სასამართლოს შეუძლია გაზარდოს ეს ვადა, ტრიბუნალის მოტივირებული განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ.
23.3. თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების შედგენაში მონაწილეობაზე ან მისი ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილება გადაეცემა DRC-ის სასამართლოს დასამტკიცებლად.
23.4. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებაზე მხარეთა ხელმოწერის ან სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება.
23.5. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის/დამტკიცების შემდეგ მხარეს ახალი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენების უფლება აქვს მხოლოდ ტრიბუნალის თანხმობით. ტრიბუნალი საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს ახალი მოთხოვნ(ებ)ის არსს, საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარე ეტაპს და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს.
23.6. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების შედგენა არ არის აუცილებელი დებულების 33-ე მუხლით განსახილველ საქმეებზე.
მუხლი 24. პროცედურული სხდომა და პროცედურული განრიგი
24.1. საარბიტრაჟო განხილვის მართებულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან უმოკლეს ვადაში მხარეებისაგან იღებს წერილობით პოზიციებს პროცედურულ საკითხებთან და პროცედურულ განრიგთან დაკავშირებით ან/და მართავს სხდომას მხარეებთან პროცედურულ საკითხებზე კონსულტაციის მიზნით, რის შემდეგაც გამოაქვს დადგენილება პროცედურული ზომებისა და პროცედურული განრიგის შესახებ.
24.2. საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ტრიბუნალს მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მიიღოს დამატებითი პროცედურული ზომები ან შეიტანოს ცვლილებები პროცედურულ განრიგში.
24.3. პროცედურული განრიგი და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ეცნობება DRC-ის სამდივნოს და მხარეებს.
24.4. პროცედურულ საკითხებზე სხდომის ჩატარება ან პროცედურული განრიგის შედგენა არ არის აუცილებელი დებულების 33-ე მუხლით განსახილველ საქმეებზე.
მუხლი 25. მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციების გაცვლა
25.1. თუ ტრიბუნალი ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო სარჩელში/შესაგებელში არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, სამართლებრივი არგუმენტაცია, მტკიცებულებები ან მოთხოვნები, მას შეუძლია, საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით ან სხვაგვარად შესაბამის მხარეს განუსაზღვროს ვადა სრულყოფილი პოზიციის წარმოსადგენად.
25.2. იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი საქმის სწრაფად განხილვის მიზნით პროცედურულ განრიგში გაითვალისწინებს ერთსა და იმავე ვადას ამ მუხლის 25.1 პუნქტში მითითებული პოზიციის/დოკუმენტების წარმოსადგენად, DRC-ის სამდივნო მხარეებისაგან მიღებულ წერილობით მოსაზრებებსა და დოკუმენტებს ერთდროულად გადასცემს ტრიბუნალს და საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს.
25.3. პროცედურული განრიგით შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნეს ვადები მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხის და მიღებულ პასუხზე მოსარჩელის წერილობითი პოზიციის წარმოდგენისათვის.
25.4. ტრიბუნალს, კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლია ამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსთხოვოს მხარეებს ცალკეულ საკითხებზე მოსაზრებების წერილობით წარმოდგენა.
მუხლი 26. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა
26.1. ტრიბუნალმა საქმის გარემოებათა დადგენა უნდა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
26.2. ტრიბუნალს უფლება აქვს ზეპირი განხილვის გარეშე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან, თუ რომელიმე მხარე საარბიტრაჟო განხილვის შესაბამის სტადიაზე შუამდგომლობს ზეპირ განხილვას, არბიტრაჟს შეუძლია დანიშოს საარბიტრაჟო სხდომა. არბიტრაჟს უფლება აქვს საარბიტრაჟო სხდომაზე მოწმე(ებ)ს, ექსპერტ(ებ)ს და სპეციალისტ(ებ)ს დაუსვას კითხვები, ასევე მხარეებს მისცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა.
26.3. ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია იმ მოწმ(ეებ)ის ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტ(ებ)ის, სპეციალისტ(ებ)ის შესახებ, რომელთა წარდგენასაც ისინი გეგმავენ. მოწმე(ება)დ და სპეციალისტ(ებ)ად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ მხარესთან დაკავშირებული პირებიც.
26.4. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ტრიბუნალი უფლებამოსილია:
a) მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნის წარმოსადგენად;
b) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ჩვენების, ასევე ექსპერტი და სპეციალისტი ახსნა-განმარტების ზეპირად მისაცემად და საჭიროების შემთხვევაში, უხელმძღვანელოს მათთვის შეკითხვების დასმის პროცესს;
c) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს წარადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.
26.5. ტრიბუნალს უფლება აქვს მოუსმინოს მოწმე(ებ)ს, სპეციალისტ(ებ)ს, მხარეთა მიერ მოწვეულ ექსპერტ(ებ)ს, ტრიბუნალის მიერ დანიშნულ ექსპერტ(ებ)ს ან ნებისმიერ სხვა პირს დებულების 28-ე მუხლის შესაბამისად.
26.6. მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვა შესაძლებელია ტრიბუნალმა ჩაატაროს დისტანციურად (ტექნიკური საშუალების გამოყენებით).
მუხლი 27. მტკიცებულება
27.1. თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ის აფუძნებს თავის საარბიტრაჟო მოთხოვნებს ან მოთხოვნებზე შესაგებელს.
27.2. ტრიბუნალის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
მუხლი 28. ზეპირი მოსმენა
28.1. ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაზე საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით.
28.2. ზეპირი მოსმენის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს ეცნობებათ გონივრულ ვადაში.
28.3. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ჩაატაროს სხდომა და მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმ მხარის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა ზეპირი მოსმენის შესახებ და არ გამოცხადდა საარბიტრაჟო სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
28.4. ტრიბუნალის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ზეპირი მოსმენის პროცესს, ის წარმართავს სხდომას და შეკითხვების დასმის პროცესს.
28.5. პირები, რომლებიც არ მონაწილეობენ საარბიტრაჟო განხილვაში, ტრიბუნალისა და ყველა მხარის თანხმობის გარეშე, არა აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას. სხდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
28.6. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
28.7. საარბიტრაჟო სხდომას შესაძლოა დაესწროს სამდივნოს წარმომადგენელი, რომელიც დახმარებას უწევს ტრიბუნალს საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტაში, ასევე ტრიბუნალის მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენს სხდომის ოქმის შედგენას.
მუხლი 29. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ექსპერტი
29.1. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ტრიბუნალს შეუძლია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი კონკრეტულ საკითხ(ებ)ზე წერილობითი დასკვნის მისაღებად. ექსპერტის დანიშვნის შესახებ ტრიბუნალის გადაწყვეტილების ასლი გადაეცემათ მხარეებს.
29.2. დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე, ექსპერტმა, როგორც წესი, არბიტრაჟს და მხარეებს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მისი კვალიფიკაციის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებმა არბიტრაჟს უნდა შეატყობინონ, აყენებენ თუ არა ექსპერტის აცილების საკითხს მისი კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის მიმართ დასაბუთებული ეჭვის გამო. ტრიბუნალი განიხილავს მხარეთა განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტის აცილებასთან დაკავშირებით. ექსპერტის დანიშვნის შემდეგ, მისი აცილების საკითხის დაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი მხარისათვის ცნობილი გახდა პირის ექსპერტად დანიშვნის შემდეგ.
29.3. მხარე ვალდებულია ექსპერტის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ნივთი გაცნობის მიზნით. ნებისმიერი უთანხმოება ექსპერტსა და მხარეს შორის, ან მხარეთა შორის ექსპერტისათვის ინფორმაციის, დოკუმენტების ან ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყდება ტრიბუნალის მიერ.
29.4. ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ, დასკვნის ასლი მიეწოდებათ მხარეებს, რათა მათ მიეცეთ საშუალება წერილობითი ფორმით გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით. მხარეს უფლება აქვს გაეცნოს იმ დოკუმენტ(ებ)ს, რომელზეც მითითებულია დასკვნაში.
29.5. მხარის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ექსპერტის მოწვევა სხდომაზე, რათა მხარეებს მიეცეთ ექსპერტისათვის კითხვების დასმის საშუალება. მხარე(ებ)ს უფლება აქვს(თ) წარმოადგინოს(ნ) სპეციალისტი სადავო საკითხზე განმარტების მისაცემად. ამ პროცედურის მიმართ გამოიყენება დებულების 28-ე მუხლი.
მუხლი 30. დოკუმენტის წარუდგენლობა
30.1. თუ დებულებით გათვალისწინებულ ვადაში, საპატიო მიზეზ(ებ)ის გარეშე, მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, ტრიბუნალი განაგრძობს საარბიტრაჟო განხილვას და სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა არ განიხილება მოსარჩელის მოთხოვნების აღიარებად. იგივე წესი გამოიყენება, თუ მოსარჩელე არ წარადგენს შესაგებელს მოპასუხის შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე.
30.2. თუ მხარე, დებულებით გათვალისწინებულ ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით ან სხვა სახის მტკიცებულებებს, ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
მუხლი 31. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება
31.1. ზეპირი განხილვის ბოლო სხდომის შემდეგ ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეთა წერილობითი პოზიციის მიღების შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დროის გაჭიანურების გარეშე უნდა გამოაცხადოს:
a) საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შესახებ;
b) აცნობოს სამდივნოსა და მხარეებს სავარაუდო თარიღი, როცა დებულების 39-ე მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტს გადასცემს DRC-ის სასამართლოს ფორმალური შემოწმებისათვის.
31.2. ამ მუხლის 31.1 პუნქტი არ გამოიყენება დებულების 33–ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე.
31.3. განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, ტრიბუნალს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განაახლოს საარბიტრაჟო განხილვა ნებისმიერ დროს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერამდე.
მუხლი 32. უზრუნველყოფის ღონისძიებები
32.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს DRC-ს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
32.2. მხარის მიმართვის საფუძველზე, ტრიბუნალს, ხოლო მის ფორმირებამდე DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც საგანგებო არბიტრი, მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეუძლია წერილობითი გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს:
a) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
b) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
c) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
d) მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
32.3. მხარე, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს DRC-ს (ან ტრიბუნალს) ამ მუხლის 32.2 პუნქტის „a“–„d“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
a) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
b) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
c) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს ტრიბუნალის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
32.4. ამ მუხლის 32.2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის 32.3 პუნქტის „a“–„c“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც არბიტრაჟი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
32.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მოთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
32.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.
32.7. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის მხარისათვის აქვს სავალდებულო ძალა გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის დღიდან.
32.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ ან საგანგებო არბიტრის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
32.9. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ წარადგენს საარბიტრაჟო სარჩელს ან უარს იტყვის ამ მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფილ საარბიტრაჟო მოთხოვნაზე, არბიტრაჟი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გაუქმების შესახებ მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 33. დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი
33.1. არბიტრაჟი დავას იხილავს დაჩქარებული წესით, თუ:
a) სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჯამი არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს;
b) საარბიტრაჟო დავა წარმოშობილია საკრედიტო ან/და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან (გირაო, იპოთეკა, თავდებობა, საბანკო გარანტია, მოვალის გარანტია და სხვ.) მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა;
c) მხარეები საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით და მიიღებენ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თანხმობას.
33.2. იმ შემთხვევაში, თუ 33.1 პუნქტის ,,a” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემხთვევაში სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების ჯამი აღემატება ასი ათას ლარს, საარბიტრაჟო დავის განხილვისას ამ მუხლის გამოყენება არ მოხდება.
33.3. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება ამ დებულებისა და ქვემოთ მოცემული სპეციალური წესების შესაბამისად, რომელთა შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლში მოცემული წესები.
33.4. ამ მუხლის მიზანია უზრუნველყოს დავის განხილვა მარტივად, ნაკლები ხარჯით და მოკლე დროში, დავის განხილვის ქვემოთ მოცემული გამარტივებული პროცედურებით:
a) საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნავს არბიტრს DRC-ის მიერ დამტკიცებულ არბიტრთა სიიდან. სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ან DRC-ის სამდივნოს უფროსი (გენერალური მდივანი) დანიშნავს არბიტრს DRC-ის არბიტრთა სიიდან.
b) იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებას 3 არბიტრით, თითოეულმა მხარემ არბიტრობის ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელთან და საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად. კანდიდატურის არბიტრად დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას იღებს DRC-ის სასამართლო, რომელიც ასევე ნიშნავს მესამე არბიტრს - საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ წარადგენს არბიტრობის კანდიდატს საარბიტრაჟო სარჩელთან და საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად, ჩაითვლება, რომ მხარეებმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავა განიხილოს ერთმა არბიტრმა, რომელიც დაინიშნება ამ პუნქტის ,,a“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
c) არბიტრს უფლება აქვს გადაწყვიტოს პროცედურული საკითხები, მათ შორის, შეუძლია განსაზღვროს პროცედურული ზომები და პროცედურული განრიგი. არბიტრს შეუძლია ცალკეული პროცედურული საკითხისათვის გაითვალისწინოს ამ დებულებით გათვალისწინებულზე უფრო მცირე ვადები;
d) მხარეებმა საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი უნდა შეადგინონ დებულების მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გადმოსცენ ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი არგუმენტები და სასარჩელო მოთხოვნები;
e) საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი. ამასთან, მოსარჩელემ შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC-ის სამდივნოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე;
f) მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები, ასვეე დებულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ სარჩელთან და შემხვედრ სარჩელთან ერთად;
g) საარბიტრაჟო განხილვის დროს ყველა შეტყობინების/გზავნილის მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფორმით დებულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად. ელექტრონული ფორმით შეტყობინების/გზავნილის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების/გზავნილის მიწოდება განხორციელდება დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად;
h) არბიტრს შეუძლია, თუ სასარჩელო მოთხოვნების ღირებულება არ აღემატება 50,000 ლარს, გადაწყვეტილება მიიღოს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან;
i) არბიტრს შეუძლია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს მოსთხოვოს წერილობითი პოზიციის წარმოდგენა ან მოიწვიოს სხდომა მხარეთა პოზიციების მისაღებად;
j) მხარეებს აქვთ შესაძლებლობა სარჩელი და მასზე შესაგებელი, ასევე წერილობითი მტკიცებულებები წარუდგინონ DRC-ის სამდივნოს ელექტრონული ფორმით, DRC-ის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით;
k) არბიტრის კომპეტენციაში შედის გადაწყვიტოს აუნაზღაურდეს თუ არა საარბიტრაჟო დავის მხარეს არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯი და გონივრული იურიდიული ხარჯი;
l) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ტრიბუნალმა მოკლედ უნდა მიუთითოს იმ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებისას, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული, რომ საფუძვლების მითითება (სამოტივაციო ნაწილი) არ არის აუცილებელი;
m) არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაასრულოს მისთვის საქმის გადაცემიდან 90 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში, DRC-ის სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა;
n) არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვის დასრულების თარიღის შესახებ უნდა აცნობოს DRC-ის სამდივნოს და შემდგომი ათი დღის ვადაში მიაწოდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი ფორმალური შემოწმებისათვის. ფორმალური შემოწმების დასრულების შემდეგ არბიტრმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას უნდა მოაწეროს ხელი, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების ადგილი და თარიღი.
თავი V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 34. გადაწყვეტილების მიღება
34.1. ერთზე მეტი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუ ასეთი უმრავლესობა არ იქნა მიღწეული, მაშინ თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
34.2. პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას, ტრიბუნალის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, იმ პირობით, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ტრიბუნალის სხვა წევრებს. ტრიბუნალს შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება.
34.3. ტრიბუნალს შეუძლია საარბიტრაჟო განხილვის პროცესში მიიღოს ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
34.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად გადაწყვეტილებაში მითითებულ დღეს.
34.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოქვეყნდეს ყველა მხარის თანხმობით, ან იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებში, რომელშიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აუცილებელია მხარეზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების, სამართლებრივი უფლების დაცვის, შენარჩუნების ან სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
მუხლი 35. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადა
35.1. ტრიბუნალმა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისთვის საარბიტრაჟო საქმის გადაცემიდან 180 დღის ვადაში, თუ პროცედურული განრიგის საფუძველზე ან DRC-ის სასამართლოს მიერ სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
35.2. საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში, ხოლო დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებული დავებისათვის საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს მისი ფორმალური შემოწმების მიზნით. DRC-ის სასამართლოს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება, ტრიბუნალის მოტივირებული თხოვნის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 36. საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
36.1.საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა:
a) მხარეთა განცხადების საფუძველზე;
b) ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;
c) საარბიტრაჟო განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როცა მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
36.2. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება:
a) რომელიმე მხარის განცხადებით, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
b) იმ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო განხილვის შეჩერებას.
36.3. იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იქნა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და საარბიტრაჟო განხილვის შეჩერების დღიდან 6 თვის განმავლობაში DRC-ის სამდივნოს არ მიუღია მხარ(ეებ)ის განაცხადი საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ, საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება უქმდება და საარბიტრაჟო განხილვა განახლდება. სხვა საფუძვლით შეჩერებული საარბიტრაჟო განხილვის 1 წლის ვადაში განუახლებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.
36.4. ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძვლით საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის მოთხოვნისას, ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შუამდგომლობენ შეთანხმებული პირობების დამტკიცებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამას ეთანხმება, მიიღება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებული პირობებით დამტკიცებისა და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ვალდებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.
36.5. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე აღმოჩნდება, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება არ არის საჭირო, დავის საგნის არარსებობის გამო ან მისი გაგრძელება შეუძლებელია 36.1.c. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ან მოსარჩელე გაითხოვს საარბიტრაჟო სარჩელს, ტრიბუნალი ატყობინებს მხარეებს საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე თავისი განზრახვის შესახებ. ტრიბუნალს მხოლოდ მაშინ შეუძლია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, თუ არ რჩება საკითხი, რომელზეც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და იგი მიზანშეწონილად ჩათვლის საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტას.
36.6. საარბიტრაჟო განხილვა შესაძლებელია ასევე შეწყდეს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 37. მხარეთა შეთანხმების დამტკიცება
37.1. თუ მხარეები მორიგდნენ საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების დამტკიცება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.
37.2. თუ საქმე არ გადასცემია საარბიტრაჟო ტრიბუნალს, ან საქმეზე დასრულებულია საარბიტრაჟო განხილვა და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულება არ მომხდარა და DRC-ის სამდივნო მიიღებს მხარის/მხარეთა თხოვნას მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ, სამდივნო საქმეს გადასცემს DRC-ის სასამართლოს.
37.3. DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადასცემს ტრიბუნალს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ფორმირებული, DRC-ის სასამართლო ნიშნავს არბიტრს. იმ მორიგების პირობების დასამტკიცებლად, რომელიც მხარეთა შორის მიღწეული იქნა საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღები პირიც.
37.4. ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული დებულების ნორმები.
37.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა მხარ(ეებ)ის შუამდგომლობა მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. არბიტრაჟი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროებისას შეუძლია მოიწვიოს სხდომა დებულების 28-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 38. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და იურიდიული ძალა
38.1. ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელზეც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამყარებს თავის გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დასაბუთებული.
38.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა, მითითებული უნდა იყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და არბიტრაჟის ადგილი.
38.3. საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას, ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმება
39.1. ტრიბუნალი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მასზე ხელმოწერმდე, გადასცეს DRC-ის სასამართლოს.
39.2. DRC-ის სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს შესთავაზოს ცვლილებების შეტანა გადაწყვეტილების ფორმაში, ან ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დარღვევის გარეშე, ტრიბუნალს ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე.
39.3. ტრიბუნალი ვალდებულია არ მოაწეროს ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, DRC-ის სასამართლოს მიერ მისი ფორმალური შემოწმების დასრულებამდე.
მუხლი 40. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმება
40.1. DRC საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ დამტკიცებამდე ამოწმებს იყვნენ თუ არა საარბიტრაჟო მხარეები ჯეროვნად ინფორმირებულები საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და ზეპირი მოსმენის (სხდომის მოწვევის) თაობაზე.
40.2. ტრიბუნალის შუამდგომლობის საფუძველზე DRC-ის სასამართლოს ასევე შეუძლია დაადასტუროს სხვა ტიპის დოკუმენტებიც, რომელსაც გამოსცემს ტრიბუნალი.
40.3. გენერალური მდივნის მიერ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ან საარბიტრაჟო საქმეში არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლი შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ საარბიტრაჟო დავის მხარეს ან მის წარმომადგენელს.
40.4. DRC-ის სასამართლო და სამდივნო, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს საარბიტრაჟო დავის მხარეს ყველა შემდგომი ფორმალობის შესასრულებლად.
მუხლი 41. საქმის მასალის შენახვა
41.1. ტრიბუნალი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ყველა ეგზემპლარს გადასცემს DRC-ის სამდივნოს, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამოწმებს, რომ საარბიტრაჟო დავის მხარეთა მიერ სრულადაა დაფარული საარბიტრაჟო ხარჯი დებულების 46-ე მუხლის შესაბამისად.
41.2. ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში DRC ინახავს:
a) ტრიბუნალის მიერ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;
b) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირებას;
c) DRC-ის მიერ ამ დებულების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
41.3. საარბიტრაჟო საქმის სხვა დოკუმენტები DRC-ის სამდივნოს მიერ ინახება ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერის დღიდან 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება
42.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის ვადაში მხარეს უფლება აქვს მიმართოს განცხადებით DRC-ის სამდივნოს და ტრიბუნალისაგან მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ან მისი რომელიმე პუნქტის განმარტება. DRC-ის სამდივნო მიღებულ განცხადებას უგზავნის საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრებს და ასევე საარბიტრაჟო დავის სხვა მხარეებს, რომელთაც შეუძლიათ წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
42.2. ტრიბუნალი, თუ მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, სხვა მხარეთა მოსაზრებების მიღების ან მოსაზრებების წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 30-ე დღისა, განმარტავს გადაწყვეტილებას.
42.3. ტრიბუნალის განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38-41 მუხლები.
42.4. DRC-ის სასამართლოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 42.2-ე პუნქტით გათვალისწინებული ვადა არაუმეტეს 30 დღით.
მუხლი 43. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება
43.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის ვადაში, მხარეს უფლება აქვს მიმართოს DRC-ის სამდივნოს განცხადებით და მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომების, მათ შორის,, არასწორი გაანგარიშებების, ბეჭდვითი და ტექნიკური შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება.
43.2. ტრიბუნალი, თუ იგი მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, განცხადების მიღებიდან 30-ე დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უსწორობის გასწორებასთან დაკავშირებით.
43.3. ტრიბუნალი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის 43.1. პუნქტში მითითებული შეცდომა.
43.4. ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეტანილი შესწორება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38–41 მუხლები.
43.5. DRC-ის სასამართლოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 43.1., 43.2. ან 43.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადა.
მუხლი 44. დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
44.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მხარეს უფლება აქვს მიმართოს DRC-ის სამდივნოს განცხადებით და ტრიბუნალისაგან მოითხოვოს დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის პროცესში, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. DRC-ის სამდივნო მიღებულ განცხადებას უგზავნის ტრიბუნალს და საარბიტრაჟო დავის სხვა მხარეებს, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
44.2. ტრიბუნალმა, თუ იგი მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, სხვა მხარეთა მოსაზრებების მიღების ან ამ მოსაზრებების წარმოდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 30 დღისა, უნდა მიიღოს დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
44.3. DRC-ის სასამართლოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მომართვის საფუძველზე შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 44.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადა არაუმეტეს 30 დღით.
44.4. დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38–41 მუხლები.
თავი VI. ხარჯები
მუხლი 45. ავანსი საარბიტრაჟო ხარჯების დაფარვისათვის
45.1. DRC-ის სამდივნო საარბიტრაჟო სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯს, რაც არის მიახლოებითი თანხა, რომელიც გამიზნულია დებულების 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯის დასაფარად და უგზავნის მოთხოვნას მოსარჩელეს, რომ მან გადაიხადოს წინასწარი საარბიტრაჟო ხარჯი.
45.2. თუ მოპასუხის მიერ შემხვედრი მოთხოვნა დაყენებულია დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, DRC-ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი საარბიტრაჟო მოთხოვნისა და შემხვედრი მოთხოვნისათვის. თუ DRC-ის სამდივნომ ამ პუნქტის შესაბამისად დაადგინა წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები, თითოეული მხარე იხდის ხარჯების იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება მის მოთხოვნას.
45.3. თუ საარბიტრაჟო მოთხოვნა დაყენებულია ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, DRC-ის სამდივნო ადგენს წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯს, რომელიც მხარეებმა უნდა გადაიხადონ დებულებით გათვალისწინებულ ან DRC-ის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
45.4. დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, რამდენიმე საარბიტრაჟო საქმის გაერთიანების შემთხვევაში და თუ წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი უკვე განსაზღვრული იყო, მას ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი ჩაანაცვლებს. რომელიმე მხარის მიერ ადრე გადახდილი ავანსი ჩაითვლება მხარის მიერ დებულების ამ პუნქტით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი ხარჯის ნაწილის გადახდად.
45.5. ამ მუხლის შესაბამისად, DRC-ის სამდივნოს მიერ განსაზღვრული წინასწარ გადასახდელი ხარჯი შესაძლებელია დაზუსტდეს საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მხარეს უფლება აქვს გადაიხადოს ხარჯის ის ნაწილი, რომელიც სხვა მხარის გადასახდელია, თუ ეს სხვა მხარე არ იხდის საარბიტრაჟო ხარჯის თავის წილს. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალი ამ გარემოებას გაითვალისწინებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისას.
45.6. თუ მოთხოვნილი საარბიტრაჟო ხარჯი არ იქნება სრულად გადახდილი დებულებით განსაზღვრულ ვადაში, საარბიტრაჟო სარჩელი ჩაითვლება გახმობილად. საარბიტრაჟო მოთხოვნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გახმობა დაინტერესებულ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიდან დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნები.
45.7. თუ დადგინდება, რომ DRC-ს არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, DRC მხარეს, რომელმაც განახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდა, უბრუნებს გადახდილი საარბიტრაჟო ხარჯის 90%–ს.
45.8. ამ მუხლის 45.7პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი არ მოიცავს სარეგისტრაციო მოსაკრებელს. სარეგისტრაციო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას. ასევე, დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებული დავებისათვის გათვალისწინებული მინიმალური საარბიტრაჟო ხარჯი არ ექვემდებარება შემცირებას/დაბრუნებას.
45.9. DRC-ის სამდივნომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯის ნაწილის დასაფრად საბანკო გარანტიის ან უზრუნველყოფის სხვა ფორმების გამოყენების თაობაზე.
მუხლი 46. საარბიტრაჟო ხარჯების გაანგარიშება
46.1. საარბიტრაჟო ხარჯი შედგება:
a) DRC-ის სარეგისტრაციო მოსაკრებელისა და ადმინისტრაციული საზღაურისაგან;
b) არბიტრთა ჰონორარისა და მათი ხარჯისაგან;
c) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისაგან.
46.2. DRC-ის სამდივნო განსაზღვრავს არბიტრთა ჰონორარს, DRC-ის სარეგისტრაციო მოსაკრებელს და ადმინისტრაციულ საზღაურს საარბიტრაჟო განხილვის დღეს მოქმედი ხარჯების ცხრილების (დანართი №2) მიხედვით.
46.3. არბიტრის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში DRC-ის სასამართლოს შეუძლია დაადგინოს არბიტრის ჰონორარი იმაზე ნაკლები ოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია დებულებით.
46.4. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელთა დადგენაზეც არ მიუღია გადაწყვეტილება DRC-ის სამდივნოს და დაავალოს მხარეებს მათი გადახდა.
46.5. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა და მიუთითოს, თუ როგორი პროპორციით ნაწილდება ხარჯები მხარეთა შორის. როგორც წესი, საარბიტრაჟო ხარჯები ეკისრება წაგებულ მხარეს, თუმცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერი ხარჯი გადაანაწილოს მხარეებს შორის, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ამგვარ განაწილებას ჩათვლის სამართლიანად. ტრიბუნალმა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მხარეთა მოქმედებები იყო თუ არა მიმართული საქმის სწრაფი, მოქნილი და ნაკლებხარჯიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ.
46.6. ამ მუხლის 46.5.–ე პუნქტის შესაბამისად გადასანაწილებელი ხარჯები შედგება:
a) ტრიბუნალის წევრთა ჰონორარისაგან;
b) არბიტრთა მიერ გაწეული გონივრული სამგზავრო და სხვა ხარჯებისაგან;
c) ექსპერტთა გონივრული საზღაურისაგან და ტრიბუნალის მიერ გაღებული სხვა დახმარების ხარჯებისაგან;
d) მოწმეთა სამგზავრო და სხვა აუცილებელი ხარჯებისაგან იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ხარჯები მოწონებულია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ;
e) იურიდიული მომსახურების და სხვა ხარჯებისაგან, რომელიც გაწეულია მხარეთა მიერ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ტრიბუნალი მიიჩნევს მათ გონივრულად;
f) DRC-ის ადმინისტრაციული გადასახადისა და ხარჯებისაგან.
46.7. ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს დებულების 46.1. პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია.
46.8. ტრიბუნალის მიერ განსაზღვრული ჰონორარისა და ხარჯის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს გადასცეს ეს საკითხი განსახილველად DRC-ის სასამართლოს.
46.9. თუ DRC-ს სასამართლო დაადგენს, რომ ტრიბუნალის მიერ ჰონორარის ან ხარჯების განსაზღვრა განხორციელდა ამ მუხლის 46.6. პუნქტის დარღვევით ან აშკარად არაგონივრულია, DRC-ს სასამართლოს შეუძლია, შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს ტრიბუნალს.
თავი VII. სხვა დებულებები
მუხლი 47. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
47.1. თუ საერთო სასამართლო, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით აჩერებს საჩივრის განხილვას არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, DRC-ის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ეცნობება საერთო სასამართლოს, ტრიბუნალის წევრებს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს.
47.2. ტრიბუნალმა განახლებული საარბიტრაჟო წარმოების შემდეგ უნდა მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის მიმართაც სრულად გამოიყენება ამ დებულების 34-ე – 44-ე მუხლები.
47.3. იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალის გადაწყვეტილების ცნობასა და აღიარებას არ მოახდენს საერთო სასამართლო იმ მიზეზით, რომ ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო ამ დებულებით ან/და მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული წეს(ებ)ი, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და DRC-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განახლდეს საარბიტრაჟო დავის განხილვა. ამ შემთხვევაში სრულად გამოიყენება ამ მუხლის 47.1 და 47.3 პუნქტები.
მუხლი 48. ვადების ცვლილება
48.1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ დებულებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ ვადებზე. თუ ასეთი შეთანხმება მიღწეულია ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ, შეთანხმება ძალაში შედის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.
48.2. DRC-ის სასამართლოს შეუძლია გაზარდოს ნებისმიერი ვადა, თუ ჩათვლის, რომ ეს აუცილებელია ტრიბუნალის მიერ უფლებამოსილების სწორად და ეფექტურად განხორციელებისათვის.
მუხლი 49. უარი შეპასუხებაზე
თუ მხარე მონაწილეობს საარბიტრაჟო განხილვაში და ამ დებულებით ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული, ან საარბიტრაჟო განხილვისას გამოსაყენებელი ნებისმიერი წესის დარღვევასთან დაკავშირებით არ განაცხადებს პრეტენზიას ამ დებულებით, ან საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან DRC-ის სასამართლოს, ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების/პრეტენზიის განცხადების უფლების გამოყენებაზე.
მუხლი 50. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
DRC და მისი თანამშრომლ(ებ)ი, DRC-ის სასამართლო და მისი წევრ(ებ)ი, არბიტრ(ებ)ი, არბიტრაჟის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირ(ებ)ი არ აგებს პასუხს საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების (მათ შორის, შეცდომის) ან უმოქმედობისათვის იმ ფარგლებში, რა ზომითაც პასუხისმგებლობის ამგვარი შეზღუდვა დაშვებულია კანონმდებლობით.
მუხლი 51. გაუთვალისწინებელი გარემოებები
იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, DRC-ის სასამართლომ და ტრიბუნალმა უნდა იმოქმედონ დებულების პრინციპების შესაბამისად და მაქსიმალურად უზრუნველყონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებადობა.
მუხლი 52. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერ დროს. ამასთან, ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომლის საარბიტრაჟო განხილვაც დაიწყო ცვლილებების/დამატებების ამოქმედებამდე.
მუხლი 53. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება
DRC-ს აქვს უფლება გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ამონარიდები ან რეზიუმე იურიდიულ ლიტერატურაში ან DRC-ის პუბლიკაციებში ანონიმური ფორმით (მხარეების დასახელებათა და მხარეებზე მინიშნებების გარეშე), თუ საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე მხარე გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან 30 დღის ვადაში არ გააპროტესტებს ამ უფლებას.
დანართი №1. DRC-ის სასამართლოს სტატუსი და შიდა რეგლამენტი
მუხლი 1. ფუნქციები
1.1. ,,დავების განმხილველი ცენტრის“ (შემდგომში – DRC) სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს DRC-ის საქმის წარმოების წესების (შემდგომში – დებულება) გამოყენების უზრუნველყოფა, რისთვისაც იგი ფლობს სათანადო უფლებამოსილებას.
1.2. სასამართლო თავის ფუნქციებს ახორციელებს DRC-ის სხვა სტრუქტურული დანაყოფებისაგან დამოუკიდებლად.
1.3. სასამართლოს კომპეტენციაში შედის:
a) DRC-ის არბიტრთა სიის დამტკიცება;
b) საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილი პრაქტიკის გამოქვეყნება;
c) სპეციფიკური საქმეების საარბიტრაჟო განხილვის მეთოდიკის, სახელმძღვანელო წესების შედგენა;
d) დისციპლინარული კომისიის წევრთა კანდიდატების შერჩევა და დირექტორთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
e) სასამართლოს წევრთა კანდიდატების შერჩევა და დირექტორთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
f) დებულებაში ცვლილებათა პროექტების მომზადება;
g) სამედიაციო რეგლამენტში ცვლილების პროექტის მომზადება;
h) დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ცალკეული საკითხების გადაწყვეტა;
i) DRC-ის სამდივნოს ხელმძღვანელის (შემდგომში – გენერალური მდივანი) ანგარიშის მოსმენა საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირების, მათ შორის, სამდივნოს მუშაობის საკითხებზე;
j) გენერალური მდივნისათვის სარეკომენდაციო ხასიათის რჩევების მიცემა საქმეების სწორი და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით;
k) არბიტრთა არჩევის საბჭოს შექმნა და დაკომპლექტება, მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
l) UNCITRAL-ის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად კომპეტენტური ორგანოსათვის მინიჭებული ფუნქციების შესრულება.
მუხლი 2. სასამართლოს შემადგენლობა
2.1. სასამართლო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების და სასამართლოს წევრებისაგან.
2.2. სასამართლოს საქმიანობაში დახმარებას უწევს DRC-ის სამდივნო.
მუხლი 3. დანიშვნა
3.1. სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრება მინიმუმ 4 წევრით.
3.2. სასამართლოს წევრები ინიშნებიან 4 წლის ვადით. სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივი ვადით DRC-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 4. სასამართლოს სხდომები
4.1. სასამართლო სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას ან ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილებათა შეზღუდვისას – თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება მის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფისას, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის (სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის) ხმა.
4.2. სასამართლო სხდომაზე განსახილველ საკითხებს, სხდომის მოწვევის და მისი საორგანიზაციო საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას ან მისი უფლებამოსილების ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად შეზღუდვის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
4.3. სასამართლოს წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში სატელეფონო, ვიდეოკონფერენციის ან სკაიპის მეშვეობით.
4.4. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს სასამართლოს წევრთა წერილობითი პოზიციის მიღებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტითაც.
მუხლი 5. კომიტეტები
5.1. სასამართლოს შეუძლია შექმნას ერთი ან რამდენიმე კომიტეტი (მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ფორმალური შემოწმების კომიტეტი, DRC-ის არბიტრთა სიის ფორმირების კომიტეტი, არბიტრების აცილების საკითხთა განმხილველი კომიტეტი და ა.შ.) და განსაზღვროს მისი სტრუქტურა და უფლებამოსილება.
5.2. სასამართლოს ნებისმიერ წევრს შეუძლია თავისი ინიციატივით ან სასამართლოს თავმჯდომარის მიწვევის საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი კომიტეტის მუშაობაში.
მუხლი 6. კონფიდენციალურობა
6.1. სასამართლოს საქმიანობის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას პირმა, რომელიც მის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით იღებს მონაწილეობას.
6.2. დოკუმენტი, რომელიც წარედგინა სასამართლოს ან შეიქმნა სასამართლოს ან სამდივნოს მიერ სხდომის განმავლობაში, განკუთვნილია მხოლოდ სასამართლოს წევრებისა და სხდომაზე მონაწილე პირებისათვის.
6.3. სასამართლო არ არის ვალდებული თავის გადაწყვეტილებაში მიუთითოს ის საფუძვლები, რომელსაც ის დაეყრდნო.
მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი
7.1. DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარეს, სასამართლოს წევრებს და სამდივნოს წევრებს არა აქვთ უფლება გამოვიდნენ მხარის წარმომადგენლად იმ საქმეებში, რომლებიც განიხილება DRC-ის მიერ.
7.2. DRC-ის სასამართლოს წევრი შეიძლება დაინიშნოს არბიტრად, თუ რომელიმე მხარე არ დააყენებს მისი აცილების საკითხს დებულებით გათვალისწინებულ ვადაში.
7.3. თუ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი, გენერალური მდივანი ან სამდივნოს თანამშრომელი აღმოჩნდა ჩართული რომელიმე საარბიტრაჟო განხილვაში ან წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო განხილვის მხარესთან პირადი ან საქმიანი ურთიერთობიდან, ან საქმის შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, მან:
a) ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს თავმჯდომარეს (ხოლო თუ თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი – სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს) და გენერალურ მდივანს;
b) ვალდებულია არ მიიღოს მონაწილეობა ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლო სხდომებში, განხილვასა და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში;
c) არ უნდა მიიღოს ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, ხოლო მიღებული ელექტრონული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წაშალოს, და მიღებული დოკუმენტაცია დაუბრუნოს სამდივნოს.
მუხლი 8. სასამართლოს მიერ არბიტრების დანიშვნა
8.1. როდესაც დებულების შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის მხარე არ იყენებს არბიტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებას, ან არბიტრები ვერ თანხმდებიან მესამე არბიტრის (ტრიბუნალის თავმჯდომარის) დანიშვნის შესახებ, ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს უწევს გადაწყვეტილების მიღება არბიტრის დანიშვნის შესახებ, DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე არჩევს არბიტრად დასანიშნი პირის კანდიდატს და სასამართლოს მინიმუმ 2 წევრთან შეთანხმების შემდეგ, უფლებამოსილია დანიშნოს არბიტრი.
8.2. დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე არბიტრობის კანდიდატ(ებ)ს გენერალური მდივანი DRC-ის არბიტრთა სიიდან წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას არბიტრ(ებ)ის დანიშვნის შესახებ.
მუხლი 9. წარმომადგენლობა
9.1. DRC-ის სასამართლოს წარმოადგენს და სასამართლოს სახელით გადაწყვეტილებებს ხელს აწერს თავმჯდომარე, ხოლო ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად მისი უფლებამოსილებათა შეზღუდვის შემთხვევაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მუხლი 10. სამდივნო
10.1. სამდივნოს წარმოადგენს გენერალური მდივანი ან მისი გადაწყვეტილების საფუძველზე გენერალური მდივნის მოადგილე.
10.2. გენერალური მდივანი აღჭურვილია დებულებით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის, დებულების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებით გადასცეს საქმე DRC-ის სასამართლოს, დაამტკიცოს არბიტრები, დაამოწმოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ასლის სისწორე, განსაზღვროს წინასწარი საარბიტრაჟო ხარჯის ოდენობა და მოითხოვოს მისი გადახდა.
10.3. სამდივნოს შეუძლია აწარმოოს ჩანაწერები და შექმნას დოკუმენტები მხარეთა და არბიტრების ინფორმირების მიზნით, ასევე საარბიტრაჟო განხილვის სათანადოდ წარმართვისათვის.
10.4. DRC-ს სამდივნოს ოფისები შესაძლებელია დაფუძნდეს DRC-ის სათავო ოფისის გარეთაც.
დანართი №2. საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1.1. ,,დავების განმხილველი ცენტრის“ (შემდგომში – DRC) საქმის წარმოების წესების (შემდგომში – დებულება) დანართი №2 განსაზღვრავს საარბიტრაჟო ხარჯების და არბიტრთა ჰონორარის ოდენობას და გადახდის წესს.
1.2. DRC-ის სასამართლოს (შემდგომში – სასამართლო) შეუძლია გააკეთოს დანართი №2-ის ნორმათა განმარტება.
მუხლი 2. არბიტრის ჰონორარი
2.1. არბიტრ(ებ)ის ჰონორარის გადახდას უზრუნველყოფს DRC მხარეთა მიერ დებულების 45 და 46 მუხლების შესაბამისად გადახდილი საარბიტრაჟო ხარჯებიდან.
2.2. არბიტრებისათვის ჰონორარის გადახდა განხორციელდება ქართულ ლარში.
2.3. საარბიტრაჟო დავის მხარეები თანაბრად არიან პასუხისმგებელნი არბიტრებისათვის ხარჯების ანაზღაურებასა და ჰონორარის გადახდაზე იმის მიუხედავად, თუ რომელი მხარის მიერ მოხდა არბიტრობის კანდიდატის წარდგენა.
მუხლი 3. ტრიბუნალის ხარჯები
3.1. ტრიბუნალს უნდა აუნაზღაურდეს საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული გონივრული ხარჯი.
3.2. ტრიბუნალის ჰონორარი არ მოიცავს საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით ტრიბუნალის მიერ გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 4. ადმინისტრაციული ხარჯები
მხარეებს შესაძლოა დაეკისროთ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული გონივრული ხარჯების, მათ შორის, სხდომის ოთახის დაქირავების, თარჯიმნის, ჩანაწერის წარმოების ხარჯების ანაზღაურება. ასეთი ხარჯები ანაზღაურებული უნდა იქნეს დებულების 45-ე მუხლის შესაბამისად DRC-ის მიერ მიღებული ავანსებიდან.
მუხლი 5. სარეგისტრაციო მოსაკრებელი
5.1. სასარჩელო მოთხოვნის DRC-ის სამდივნოსათვის მიწოდება (მათ შორის, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის და მოთხოვნათა გაქვითვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის) უნდა მოხდეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
5.2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელს მსვლელობა არ მიეცემა და საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება.
5.3. ამ მუხლის 5.1. და 5.2. პუნქტები არ მოქმედებენ დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებული დავებისათვის.
5.4. სარეგისტრაციო მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 6. ადმინისტრაციული ხარჯი და არბიტრთა ჰონორარი
6.1. ადმინისტრაციული ხარჯების და ტრიბუნალისათვის ჰონორარის გამოთვლა, უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილი №1-ის მიხედვით, ხოლო დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის ,,a.” და ,,b” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დავებისათვის ცხრილი №2-ის მიხედვით. ცხრილით გათვალისწინებულია ერთი არბიტრისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის გადასახდელი ჰონორარი. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, სამარბიტრიანი ტრიბუნალის არბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის დაწესებული ჰონორარის 50 პროცენტს.
6.2. სადავო მოთხოვნების მოცულობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება როგორც სასარჩელო მოთხოვნის, ასევე შემხვედრი სასარჩელო მოთხოვნის და დამატებითი მხარის სასარჩელო მოთხოვნის ჯამური მოცულობა. საარბიტრაჟო მოთხოვნაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი ტრიბუნალის ჰონორარის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.
6.3. საქართველოს ეროვნული ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, არბიტრის ჰონორარის გაანგარიშებისას გაითვალისწინება DRC-ის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის მიღების დღეს შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
6.4. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო მოთხოვნები არ არის ფულად ერთეულში გამოხატული, DRC-ის სამდივნო დავის გარემოებათა გათვალისწინებით ადგენს დავის ღირებულებას ადმინისტრაციული ხარჯისა და არბიტრთა ჰონორარის განსაზღვრის მიზნებისათვის.
6.5. გამონაკლის შემთხვევაში, სამდივნომ შეიძლება დაადგინოს ადმინისტრაციული საზღაური 6.1. მუხლით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობით.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებლის მიღებამდე ან საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 90%-ით, ხოლო არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მაგრამ პირველი სხდომის გამართვამდე ან პირველი პროცედურული ბრძანების გამოცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 90%-ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვილი ჰონორარის 10%-ს.
6.8. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება პირველი სხდომის გამართვის ან პირველი პროცედურული ბრძანების გამოცემის შემდეგ, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 50%-ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვნილი ჰონორარის 50%-ს.
6.9. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის საფუძველია დავის მორიგებით დასრულება და ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, DRC-ის ადმინისტრაციული საზღაური მცირდება 30%-ით, ხოლო არბიტრები მიიღებენ მათთვის განკუთვნილი ჰონორარის 70%-ს.
6.10. საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემამდე, ან საქმეზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეები მიმართავენ DRC-ის მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით გაფორმების შესახებ, მათ ასევე უნდა წარუდგინონ DRC-ის სამდივნოს ადმინისტრაციული ხარჯის, კერძოდ მორიგების საგნის (სადავო თანხა) ღირებულების 1%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.
6.11. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საზღაური მოიცავს საზღაურს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მუშაობისათვის, მისთვის საქმის გადაცემიდან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, ასევე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტების, შესწორებისა და დამატებისათვის.
6.12. საგადასახადო მიზნებისათვის საქართველოს რეზიდენტი არბიტრებისათვის საზღაურის გადახდისას, თუ არბიტრი არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული, DRC ასრულებს საგადასახადო აგენტის როლს, აკავებს საშემოსავლო გადასახადს და იხდის ბიუჯეტში.
6.13. არბიტრებისათვის ჰონორარის გადახდა ხდება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე DRC-ის სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს ჰონორარის შუალედური ნაწილობრივი გადახდის შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 50%–სა.
6.14. DRC-ის სამდივნოს შეუძლია შეამციროს საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გათვალისწინებული ჰონორარი:
a) 10%-ით, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2 მუხლით გათვალისწინებულ ვადას 10 დღეზე მეტი ვადით;
b) 20%-ით საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2 მუხლით გათვალისწინებულ ვადას 20 დღეზე მეტი ვადით;
c) 30%-ით საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადააცილებს დებულების 35.2 მუხლით გათვალისწინებულ ვადას 30 დღეზე მეტი ვადით.
6.15. ტრიბუნალის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე DRC-ის სამდივნოს შეუძლია არ იხელმძღვანელოს ამ მუხლის 6.14.–ე პუნქტით.
მუხლი 7. გადაყენებული არბიტრისათვის საზღაურის გადახდა
დებულების მე-17 ან მე-18 მუხლის შესაბამისად არბიტრის გადაყენების შემთხვევაში, DRC-ის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადაყენებული არბიტრისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობისა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არბიტრად ყოფნის პერიოდი, არბიტრის მიერ გაწეული შრომა, არბიტრის გადაყენების საფუძველი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
მუხლი 8. DRC, როგორც დამნიშვნელი ორგანო
8.1. იმ შემთხვევაში, როცა UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად DRC-ს ირჩევენ, როგორც ტრიბუნალის დამნიშვნელ ორგანოს, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს განცხადების რეგისტრაციის საფასური 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. რეგისტრაციის საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება.
8.2. მხარემ დამნიშვნელი ორგანოს ფუნქციის შესრულების განცხადებით უნდა მიმართოს DRC-ის სამდივნოს, რომელიც ამ განცხადებას უგზავნის საარბიტრაჟო დავის სხვა მხარეებს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
a) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია;
b) დავის მიმოხილვა და ის ფაქტები, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
c) მოსარჩელის მოთხოვნები;
d) საარბიტრაჟო შეთანხმების სრული პირობები, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება.
8.3. არბიტრი ინიშნება UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას DRC-ის სასამართლო არბიტრ(ებ)ს ნიშნავს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღეში.
8.4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებულები არიან ამ მუხლით გათვალისწინებული წესით არბიტრების დანიშვნაზე და ამავდროულად შეთანხმებულები არიან საარბიტრაჟო დავის ჯეროვანი ადმინისტრირების მიზნით DRC-ის (DRC-ის სამდივნოს) მომსახურების მიღებაზე, DRC-ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს საზღაურის ოდენობა, რომლის გადახდის შემდეგაც განახორციელებს შესაბამის მხარდაჭერას. ამ პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 2,000 (ორი ათასი) ლარს.
მუხლი 9. ადმინისტრაციული საზღაური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის
9.1. მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვას, იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
| სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება | ადმინისტრაციული საზღაური ლარში (დღგ–ს გარეშე) |
| – ნივთზე ყადაღის დადება, ან ნივთის გასხვისების, გაქირავების, გარდაქმნის, გაყოფის, გაერთიანების ან ნებისმიერი სხვა ფორმით სახის შეცვლის ან სამართლებრივი ბუნების შეცვლის შეზღუდვა. | 100 ლარი - ერთ ნივთზე
200 ლარი - ორ ან მეტ ნივთზე |
| – საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ან საბანკო ანგარიშებზე აქტიური ოპერაციების, კერძოდ, თანხის ანგარიშიდან გატანის, გადარიცხვის, კონვერტაციის უფლების შეზღუდვა გარკვეული თანხის ფარგლებში. | 100 ლარი – ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით;
200 ლარი – ორ ან მეტ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით. |
9.2. DRC-ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს ადმინისტრაციული საზღაური უფრო მცირე ოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 9.1. პუნქტში მოცემულ ცხრილში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
მუხლი 10. არბიტრთა ქცევის სახელმძღვანელო წესები
10.1. არბიტრობის კანდიდატად დასახელების შეთავაზების მომენტიდან არბიტრზე ვრცელდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ მიღებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსი“ და არბიტრობის კანდიდატი ვალდებულია იმოქმედოს ამ კოდექსის ნორმათა შესაბამისად.
10.2. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემით, არბიტრი თანხმდება დავა განიხილოს DRC-ის დებულების შესაბამისად და ითანამშრომლოს სამდივნოსთან. მან რეგულარულად უნდა აცნობოს სამდივნოს საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობის შესახებ.
10.3.პირმა არბიტრად დანიშვნაზე თანხმობა უნდა განაცხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს თვლის დამოუკიდებლად საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეებისაგან და მათი წარმომადგენლებისაგან. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობით არბიტრობის კანდიდატი ადასტურებს თავის დამოუკიდებლობას და შესაძლებლობას, განიხილოს დავა დებულების შესაბამისად და მიუკერძოებლად.
10.4. საარბიტრაჟო დავის ერთ-ერთი მხარის მიერ წარდგენილი არბიტრობის კანდიდატი საარბიტრაჟო დავის განხილვისას ვალდებულია არ იმოქმედოს არც მხარის წარმომადგენლად და არც მისი ინტერესების დამცველად. მან თავი უნდა შეიკავოს მხარესთან და მის წარმომადგენელთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით შემდგომი კომუნიკაციისაგან. ნებისმიერი კომუნიკაცია მხარესთან შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარესთან ერთად ან მისი წინასწარი და ნათლად გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
10.5. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში არბიტრი ვალდებულია ნებისმიერ სიტუაციაში გამოავლინოს თავისი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებისაგან ან გამონათქვამისაგან, რომელიც მხარის მიერ შეიძლება აღქმული იქნეს მიკერძოებად, განსაკურებით ზეპირი მოსმენის დროს შეკითხვების დასმისას.
10.6. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემით არბიტრი იღებს ვალდებულება, გულისხმიერად და კეთილსინდისიერად განიხილოს დავა, ეფექტურად გამოიყენოს დრო და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეადგინოს და მოაწეროს ხელი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. არბიტრს, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ან ყველა მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, აქვს უფლება მოთხოვოს DRC-ის დებულებით განსაზღვრული ვადების გაზრდა.
10.7. არბიტრმა მკაცრად უნდა დაიცვას საარბიტრაჟო საქმის, საქმეში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტების და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა.
10.8. არბიტრად დანიშვნაზე თანხმობით არბიტრი ვალდებულებას იღებს მოაწეროს ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ამასთან, სამი არბიტრით ფორმირებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა თავისთავად არ გულისხმობს, რომ არბიტრი ეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსს.
მუხლი 11. გადაწყვეტილების დაკავება
DRC-ის სამდივნოს შეუძლია დააკავოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და არ გადასცეს ის მხარეებს, მანამ სანამ მხარეთა მიერ სრულად არ იქნება გადახდილი თანხა ხარჯებისა და ჰონორარის დაფარვის მიზნებისათვის.
მუხლი 12. გამოსაყენებელი სამართალი
ამ დანართის პირობები და აღნიშნულთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი არასახელშეკრულებო ვალდებულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ცხრილი №1
სარეგისტრაციო მოსაკრებელი, ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი
(ეს ცხრილი არ ეხება დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის (1)-ლი და მე-(2) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავებს).
(1) სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 1000 ლარს.
(2) ადმინისტრაციული საზღაური შეადგენს:
| დავის ღირებულება (ლარში) | ადმინისტრაციული საზღაური ლარში (დღგ–ს ჩათვლით) |
| –დან –მდე |
|
| 100,000 ლარამდე | ცხრილი №2-ის მიხედვით |
| 100,001 200,000 | 2000 + 100,000–ზე ზევით თანხის 2% |
| 200,001 500,000 | 4,000 + 200,000–ზე ზევით თანხის 1,5% |
| 500,000 1,000,000 | 8,500 + 500,000–ზე ზევით თანხის 1% |
| 1,000,001 2,000,000 | 13,500 + 1,000,000–ზე ზევით თანხის 0,75 % |
| 2,000,001 5,000,000 | 20,500 + 2,000,000–ზე ზევით თანხის 0,5% |
| 5,000,001 10,000,000 | 35,500 + 5,000,000–ზე ზევით თანხის 0,25%, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა |
შენიშვნა : ერთი ქვეყნის რეზიდენტებს შორის დავის შემთხვევაში DRC-ის ადმინისტრაციული საზღაურის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
(3)ჰონორარი ერთი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალისათვის და 3 არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის შეადგენს:
| დავის ღირებულება (ლარში) | ერთი არბიტრის/არბიტრაჟის თავმჯდომარის ჰონორარი ლარში (გადასახადების ჩათვლით) |
| –დან –მდე |
|
| 100,000 ლარამდე | ცხრილი №2-ის მიხედვით |
| 100,001 200,000 | 1500 + 100,000–ზე ზევით თანხის 1,5% |
| 200,001 500,000 | 3,000 + 200,000–ზე ზევით თანხის 1,25% |
| 500,000 1,000,000 | 6,750 + 500,000–ზე ზევით თანხის 1% |
| 1,000,001 5,000,000 | 11,750 + 1,000,000–ზე ზევით თანხის 0,5 % |
| 5,000,001 10,000,000 | 31,750 + 5,000,000–ზე ზევით თანხის 0,25% |
| 10,000,001–ზე მეტი თანხის შემთხვევაში | 44,250 + 10,000,000–ზე ზევით თანხის 0,01% |
შენიშვნა : ერთი ქვეყნის რეზიდენტებს შორის დავის შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჰონორარის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს (გადასახადების ჩათვლით).
ცხრილი №2
საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი)
(ცხრილი ეხება დებულების 33-ე მუხლის 33.1. პუნქტის (1)-ლი და მე-(2) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავებს)
(1) საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი) განისაზღვრება დავის ღირებულების 3,5% ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობაა 300 (სამასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, თუ:
a. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვისას ზეპირი მოსმენის გამართვა, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით;
b. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვა სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 708 (შვიდას რვა) ლარს დღგ–ს ჩათვლით და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარს დღგ–ს ჩათვლით.
(2) არბიტრის, ასევე საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვრება საარბიტრაჟო ხარჯის 10%-ის ოდენობით (მოიცავს გადასახადებს), მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (მოიცავს გადასახადებს), ხოლო ამ ცხრილის 1-ლი პუნქტის ,,a.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარისა (მოიცავს გადასახადებს). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი დაკომპლექტდება სამი არბიტრით, თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ჰონორარის 50%-ს (მოიცავს გადასახადებს), რომელიც არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები (მოიცავს გადასახადებს).
(3) DRC-ის სამდივნოს შეუძლია ამ ცხრილის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არბიტრის ჰონორარი გაზარდოს საარბიტრაჟო ხარჯის 10%-დან 25%-მდე ოდენობით კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.