,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №198
2009 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყით სარგებლობის გეგმა – კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და შეიცავს: ზოგად მონაცემებს არსებულ მდგომარეობაზე, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყით სარგებლობის დაპროექტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის ღონისძიებებს. ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
2. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – დოკუმენტი, რომელიც შედგენილია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის და შეიცავს: სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში გარეულ ცხოველთა აღწერის, დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებებს, არსებული ჰაბიტატების ტიპებს, მათი ფართობების განსაზღვრას, აღწერასა და დახასიათებას, ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ტყის დაცვის ღონისძიებებს; გეგმას თან ახლავს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის GIS ფორმატში, პროფესიული კარტოგრაფიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფერადი რუკა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
3. 21 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტყეთმოწყობის მასალები წარმოადგენენ ტყით სარგებლობის გეგმის საფუძველს.“.
4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. 5 წლამდე ვადით გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;
ბ) ტყეკაფების გამოყოფის დაწყებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად;
გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალ გარემოებათა გამოვლენისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე;
დ) ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
ე) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;
ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიატები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური