„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2007 ბოლო ცვლილება 08.10.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.844
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2007 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე და 49-ე მუხლების საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 8. სალიცენზიო პირობები

1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადააბაროს ეს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით;

ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს დეტალური ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;

ე) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 10 თვისა სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა;

ვ) ტყით სარგებლობის გეგმასთან ერთად წარადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა;

ზ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;

თ) პასუხისმგებელია დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;

ი) ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე არ გაასხვისოს ლიცენზია ან მისი ნაწილი;

კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეოების ბუნებრივ საზღვრებს;

ლ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ტყით სარგებლობის გეგმაში;

მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყეკაფი;

ნ) შემდგომი წლის ტყეკაფების ათვისება დაიწყოს მას შემდეგ, რაც სამინისტრო შეამოწმებს მიმდინარე/წინა წლის ჭრაგავლილ ტყეკაფებს;

ო) „წითელ წიგნში“ შეტანილი დაავადებული ხე-ტყით სარგებლობა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ იქნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების განმსაზღვრელი კომისიის დასკვნა;

პ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა;

რ) უზრუნველყოს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

ტ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ტრადიციული უფლებების განხორციელებას;

უ) ხელი არ შეუშალოს ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის მოსახლეობის ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ყოფნას;

ფ) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;

ქ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს ლიცენზიატთან შეთანხმებით;

ღ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;

ყ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში ხელი არ შეუშალოს ლიცენზიატს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში.

2. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადააბაროს ეს ტერიტორია (მიღება-ჩაბარების აქტით) საკვარტალე სქემის მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შესაბამისი დასაბუთებით შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირება;

ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს ამორჩევითი ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 10 თვის ვადაში წარმოადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა;

ე) ტყით სარგებლობის გეგმასთან ერთად წარმოადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა;

ვ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;

ზ) პასუხისმგებელია დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;

თ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;

ი) ყოველწლიურად წარადგინოს სამინისტროში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები და დაიცვას დადგენილი კვოტები;

კ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

მ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის სახეობების დაავადების შესახებ;

ო) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;

პ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ტრადიციული უფლებების განხორციელებას;

ჟ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება წარმოებს ლიცენზიატთან შეთანხმებით;

რ) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;

ს) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებას და ფუნქციონირებას.

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

1. ტყით სარგებლობის გეგმის შედგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება ტყით სარგებლობის გეგმის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

3. ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი აღრიცხვის მასალების (მათ შორის, აღრიცხვის ჩატარების მეთოდის დეტალური აღწერით) საფუძველზე სამონადირეო მეურნეობებში სანადირო სახეობების მოპოვების კვოტები ყოველწლიურად მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

4. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემულ ხანგრძლივვადიან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებზე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარგებლობის ლიცენზიებსა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალურ ლიცენზიებზე ამ დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები გავრცელდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი სპეციალური ლიცენზიების მფლობელებმა 2008 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამ ტერიტორიის გადაბარება (მიღება-ჩაბარების აქტით) საკვარტალე სქემის მიხედვით.

6. ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, ლიცენზიატი ვალდებულია მიმართოს სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.

7. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი სპეციალური ლიცენზიების მფლობელებმა 2008 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი ხე-ტყის პროგნოზული წლიური მოცულობის თანახმად (როგორც სამასალე, ასევე საშეშე მერქნისათვის) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული სამასალე მერქნის მოსაკრებლის გადახდა.

8. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი სპეციალური ლიცენზიების მფლობელებმა 2008 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ მათი ლიცენზიებით გათვალისწინებული მომდევნო (მეორე) წლის რესურსის ასათვისებლად დადგენილი წესის მიხედვით ტყეკაფის გამოყოფა.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი