საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;
ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;
გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;
ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;
ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;
ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;
თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.1