1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. თუშეთის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:

ა) უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა;

ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება;

გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;

დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება.

3. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:

ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა;

ბ) მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;

დ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

ზ) (
ამოღებულია – 25.03.2013, №477).

4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5298 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2633 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.

საქართველოს 2025 წლის 18 თებერვლის კანონი №292 – ვებგვერდი, 21.02.2025