1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა:
ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა;
გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა;
დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა).
2. თუშეთის ეროვნული პარკის ზონებში დაშვებული ქმედებები:
ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა:
ა.ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიება;
ა.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა და გარემოს მონიტორინგი;
ა.გ) ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარება (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა);
ა.დ) ტერიტორიის პატრულირება და დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა).
ა.ე) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობა, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება.
ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისა და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლა-პატრონობისა.
გ) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
გ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა, დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
გ.დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა, მათ შორის, არქეოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ძეგლების კვლევისა;
გ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ.ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილების, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
გ.ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
გ.თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
გ.ი) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
გ.კ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 12 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და „საქართველოს ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;
გ.ლ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა;
გ.მ) საფუტკრეების მოწყობისა;
გ.ნ) საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა. ასევე, აგროტურიზმის განვითარებისათვის ცხვრის საწველი ბაკის (სიგრძე − არანაკლებ 22 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 2.5 მ-ისა) და ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწყობის (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა; სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა; სიმაღლე − არანაკლებ 5 მ-ისა) მოწყობისა;
გ.ო) გადასარეკი ტრასების მოწყობისა მცირე ინფრასტრუქტურითა (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა;
გ.პ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;
გ.ჟ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა, მათ შორის:
გ.ჟ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა);
გ.ჟ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობის (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);
გ.ჟ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა);
გ.ჟ.დ) კაფეტერიის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა);
გ.ჟ.ე) საკონფერენციოს მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა);
გ.ჟ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა);
გ.ჟ.ზ) საჯინიბოს მოწყობის (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა);
გ.ჟ.თ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ- ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა);
გ.ჟ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობის (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);
გ.ჟ.კ) „გ.ჟ.ა“ – „გ.ჟ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;
გ.რ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სახანძრო, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);
გ.ს) კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრისა;
გ.ტ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა თევზჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში, მათ შორის, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.უ) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობა, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება;
გ.ფ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
3. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ნებისმიერი დაშვებული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.