1. 2009 წლიდან შექმნილია და ფუნქციობს ა(ა)იპ „თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“, რომელიც დონორებისგან მიღებული გრანტების ფარგლებში რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. მეგობართა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობებში, რესურსების მდგრადი მოხმარების პრაქტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რითაც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, ასევე, საკუთრების განცდის გაძლიერებას ადგილობრივ მოსახლეობაში.

2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ფორმალურად გააჩნია საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საბჭოს წევრების შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში GIZ/IBiS-ის მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა“ ხელი შეუწყო ადგილობრივი საზოგადოებრივი მმართველობის სტრუქტურის „თუშეთის საბჭეოს“ ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება თუშეთის ხეობების არჩეული წარმომადგენლებისგან. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს „თუშეთის საბჭეოსთან“ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) მისი შექმნის დროიდან (2011 წლიდან). ურთიერთთანშრომლობით უზრუნველყოფილია დაცულ ლანდშაფტში მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობების ჰარმონიზება დაცული ტერიტორიების მიზნებსა და ამოცანებთან. დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შეიცვალა არსებული ტურისტული ბილიკების სისტემა, რამაც ხელი შეუწყო დაცული ლანდშაფტისა და ეროვნული პარკის ტერიტორიებზე მდებარე ეკოტურისტული მარშრუტების ჰარმონიზებას – ერთიან სისტემაში მოქცევას.

4. ადმინისტრაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის: საპატრულო და სასაზღვრო პოლიციასთან, ეროვნულ სამაშველო სამსახურთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ახმეტის მუნიციპალიტეტთან და სხვა.

5. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული ცხოვრების წესი – მომთაბარე მეცხოველეობა და მიწათმოქმედება, რომელიც ხორციელდება თუშეთი – ალვანი – შირაქ – სამუხის გეოსოციალურ გარემოში, განაპირობებს თუშეთისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოლოგიურ და კულტურულ კავშირებს. ამ ორ დაცულ ტერიტორიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით, საძოვრების მართვის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებითა და კოორდინირებული ქმედებებით შესაძლებელია რესურსების მდგრადი გამოყენებისა და მომთაბარე მეცხვარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ლანდშაფტური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, ვიზიტორებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება მარშრუტი თუშეთიდან ვაშლოვანამდე, მეცხვარეებთან ერთად, რაც დამატებით თანამშრომლობის საჭიროებას უსვამს ხაზს.

6. ეკოტურიზმის გაუმჯობესების მიზნით, მთამსვლელებისა და სამთო-მოგზაურობის მოყვარულთათვის მოთხოვნადი ტურებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებთან.

7. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ნაყოფიერად თანამშრომლობს მრავალ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციასთან. 2012-2020 წლებში დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ხელი შეეწყო თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარებას. მათ შორის იყო: ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კავკასიის თანამშრომლობის ცენტრი (IUCN CCC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB), თუშეთის განვითარების ფონდი, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, TBC ფონდი, ფონდი „ქართუ“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი და სხვ