1. თუშეთის ეროვნულ პარკში მოსახლეობა ტრადიციულად სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით. რესურსების მოხმარება უმნიშვნელოა, რაც ერთი მხრივ 1981 წლიდან არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმმა და რესურსების ძირითადად თუშეთის დაცული ლანდშაფტიდან ათვისებამ, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სეზონურობამ განაპირობა.
2. თუშების თანამედროვე მეურნეობა მომთაბარე მესაქონლეობას ემყარება და განთავსებულია ე.წ. თუშეთი-ალვანი-შირაქის სამეურნეო-კულტურულ არეალში. თუშეთ-შირაქის სამეურნეო კავშირების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. თუშური მეცხვარეობის საკვებ ბაზას ბუნებრივი საძოვრები წარმოადგენს, რომელსაც, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მომთაბარე მეცხვარეობა სეზონურად იყენებს.
3. ამჟამად, თუშეთში არსებული პირუტყვის აბსოლუტური უმრავლესობა სეზონურ მიგრაციას ეწევა. იჯარის ხელშეკრულებების და პირუტყვის აღრიცხვის სისტემის არქონის გამო მუდმივად ცვალებადია ინფორმაცია აქტიური ბინების და პირუტყვის რაოდენობის შესახებ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთში საძოვრების ფართობია 60,500 ჰა, საიდანაც 38,849 ჰა თუშეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს (დანარჩენი თუშეთის დაცულ ლანდშაფტში). მეცხვარის ბინების საერთო რაოდენობაა 59, საიდანაც 34 ეროვნულ პარკში მდებარეობს (დანარჩენი 25 თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე). თუშეთის ზაფხულის საძოვარზე ცხვრის საერთო რაოდენობა შეადგენს 33,578 სულს, საიდანაც 23,740 სული თუშეთის ეროვნულ პარკის ტრადიციული გამოყენების ზონას იყენებს საძოვრად (დანართი 7).
4. მეცხვარეები ძირითადად იცავენ დაცულ ტერიტორიებზე ძოვების რეჟიმის მოთხოვნებს, თუმცა საქონლის ძოვების შემთხვევები ნაკრძალისა და ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონის ტერიტორიაზეც არის. რამდენიმე ადგილას ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის საქონლის გადასარეკი ბილიკი. ძოვების სივრცული განაწილება, ფარების დაყოფა, ბინის ადგილის შერჩევა უმეტესწილად ემყარება საქმის გამარტივებას (ბინების დიდი ნაწილი სოფლის ან გზის სიახლოვესაა) და თითქმის სრულიად უგულებელყოფილია საძოვრის მდგომარეობის შენარჩუნების და/ან გაუმჯობესების საკითხი. მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველო-რუსეთის საზღვრის თუშეთის მონაკვეთზე ბევრ ადგილას ძოვების პროცესი აღარ მიმდინარეობს და მრავალი ხეობა მიტოვებულია, რაც ქმნის გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს.
5. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, საძოვრების საერთო ფართობის დაახლოებით 30% ეროზირებულია. სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – ნაკრესის კვლევის თანახმად (GIZ, 2019), მდგომარეობა იმ საძოვრებისა, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე და გზიდან მოშორებით მდებარეობს შედარებით უკეთესია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ყოფილ სახნავ-სათესებზე, რომლებიც ახლა საძოვრად გამოიყენება (მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე სახნავი და სათიბი სავარგულები). რიგ შემთხვევებში, ეროზიას შეუქცევადი ხასიათი აქვს და სასწრაფო გეოსაინჟინრო სამუშაოებს საჭიროებს (სოფელ ომალოში შესასვლელი გზა, წაროს მონაკვეთი წოვათაში, მეწყრული მონაკვეთი ჭანჭახოვანის ხეობაში და სხვა). ეროზიის მნიშვნელოვანი მაინიცირებელია ახალი გზების მშენებლობა ან ძველი გზების მოვლის სამუშაოები. ამჟამად, ტერიტორიები შემოღობილი არ არის და საკვების ძიების პროცესში საქონელი შედის ნებისმიერ ადგილზე.
6. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით, 2014 – 2018 წლებში შესრულდა კვლევითი სამუშაოები და შემუშავდა თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი. მომზადდა საძოვრის ერთეულის (ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სულ 100 ერთეული, 38,849 ჰა) პასპორტები, რომელიც მოიცავს საძოვრების სივრცულ და ხარისხობრივ მონაცემებს. კერძოდ, თითოეული საძოვრის ერთეულისთვის გაზომილია ბიომასა და პასპორტი იძლევა რეკომენდაციას მისი დატვირთვის შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდა ეროზიის რისკის რუკა (დანართი 8), რომელიც ასახავს დაზიანებულ მონაკვეთებს და კარგი ინსტრუმენტია მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის. მომზადდა, ასევე, მიწისზედა ბიომასის რუკა (დანართი 9), რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის ბიომასაა ამა თუ იმ საძოვარზე და შესაბამისად, რა რაოდენობის პირუტყვის გამოკვება შეუძლია. შემუშავებული საძოვრის პასპორტები და საძოვრის მართვის პროგრამა (ინსტრუმენტი) მნიშვნელოვანწილად ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუმცა დღის წესრიგში მაინც რჩება შესაბამისი სპეციალისტების არსებობის აუცილებლობა.
7. საძოვრების მართვის საკითხს ართულებს რიგი სხვა პრობლემები:
ა) დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების საზღვრები, ხშირია შემთხვევები, როდესაც კატეგორიებს შორის არსებული საზღვრები არ მოუყვება რელიეფის ბუნებრივ წარმონაქმნებს (ქედები, ხეობის ძირები, მდინარეები, ხევები, ტყის საზღვრები და სხვა), არამედ კვეთს კონკრეტულ საძოვარს. ეს ძლიერ ართულებს ადმინისტრირების პროცესს;
ბ) არსებული რეგულაციების მიხედვით, შეზღუდულია სხვადასხვა სატარიფო პოლიტიკის წარმოება როგორც განსხვავებული ნაყოფიერების მქონე საძოვრებისთვის, ასევე საძოვრებისთვის, რომლებზეც არსებობს ფერმერისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა (მაგ.: ფერმის შენობა, სარწყულებელი, მისასვლელი გზა და ა.შ.).
8. ჭარბი ძოვების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ცხვარში წასვლა თუშებისთვის ტრადიციულ და საამაყო საქმეს წარმოადგენს, ახალგაზრდებს შორის ეს საქმიანობა პოპულარობით აღარ სარგებლობს. ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის არა მარტო ტრადიციულ თუშურ მეცხვარეობას, არამედ მთლიანად უნიკალურ თუშურ კულტურას. გარდა ამისა, საქონლის რაოდენობის და ძოვების შემცირება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს თუშეთის ლანდშაფტებშიც. ზოგიერთ ადგილას საქონლის რაოდენობის და ძოვების შემცირების შედეგად უკვე შეინიშნება მდელოების (მათ შორის ბუნებრივი მდელოების) გატყევების ტენდენცია, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს ბიომრავალფეროვნებაზე.
9. თუშეთის ტყის ჰაბიტატი უმეტესად ფიჭვნარებითაა წარმოდგენილი, რომელსაც კაუჭკბილა (სოსნოვსკის) ფიჭვი Pinus kochiana ქმნის. შედარებით ნაკლები ფართობი უკავია არყნარებს (Betula Raddeana და Betula Litvinowi). მეტად შეზღუდულია ფართოფოთლოვანი ტყეების გავრცელება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყით დაფარული ფართობია 20,200 ჰა, რაც დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობის (82,142.2 ჰა) 25,6%-ია. ტყეების ბოლო ინვენტარიზაცია თუშეთში 1985 წელს ჩატარდა. ვადაგასულია ტყეთმოწყობის დოკუმენტაცია და არ შეესაბამება დაცული ტერიტორიების დაარსების შემდეგ არსებულ რეალობას. განახლებული ინფორმაციის არქონა ართულებს ტყის ეკოსისტემების მონიტორინგს და საშეშე მერქნის შესაბამისი კვოტების დადგენას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რესურსის მდგრადი მოხმარება.
10. GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ჩათვლით, ხორციელდება ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სარწმუნო ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს ტყის სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ინვენტარიზაცია მოიცავს კახეთის მთლიან ტყით დაფარულ ფართობს, განურჩევლად ტყის მართვისა თუ კატეგორიისა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2021 წელს.
11. თუშეთის ტყეებით დაფარული დიდი ფართობი, ასევე, ხეების სახეობათა მრავალფეროვნება თუშებს შესაძლებლობას აძლევდა თავისი საარსებო გარემოდან გაუსვლელად, ადგილზევე ჰქონოდათ მასალა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების, სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღების და ხალხური რეწვის დარგებისათვის (მატყლის დამუშავება, ქსოვა, ღებვა და სხვა) საჭირო ხელსაწყოების დასამზადებლად.
12. ტყის მერქნულ რესურსებს (შეშა, სამასალე მერქანი) მოსახლეობა ძირითადად მოიპოვებს დაცული ლანდშაფტის ტყიდან, მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. თუშეთის მოსახლეობას აქვს უფლება მოიპოვოს შეშა (წაქცეული და ზეხმელი ხეები) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონიდან, თუმცა, ადმინისტრაციის განცხადებით, დაბალი მოთხოვნის გამო ამ ეტაპზე შეშის გაცემა არ ხდება.
13. საქართველოს მთიანეთში, მათ შორის თუშეთში, დღემდე შემონახულია „ხატის ტყეების“ ფენომენი, რომლებიც რელიგიური დატვირთვის „ნაკრძალს“ წარმოადგენს. ხატის ტყეები თითქმის ხელუხლებლად შემონახული ტყის უბნებია, რომლებიც ხშირად განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებით და მდიდარი ბიომრავლფეროვნებით გამოირჩევა. „ხატის ტყეები“, ძირითადად, მოქცეულია დღევანდელი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრებში. „ხატის ტყეები“ ტყის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მაგალითია.
14. მოსახლეობა ტრადიციულად მოიხმარს არამერქნულ რესურსებს. კერძოდ, აგროვებს ჟოლოს, მოცვს, სოკოს და სამკურნალო მცენარეებს. არ არის შეფასებული მათი მარაგები და არ არის დადგენილი მოხმარების კვოტები. თუმცა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შეფასებით, ამ ეტაპზე არ ვლინდება აღნიშნული რესურსის გადაჭარბებული გამოყენება. თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ GIZ/IBiS-ის დახმარებით 2018-2019 წლებში განახორციელა კვლევა თუშეთში არსებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ველური მცენარეების გამოყენებაზე და ამის საფუძველზე მოამზადა და გამოსცა პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე „100 ველური მცენარე თუშეთიდან: ტრადიციები და გამოყენების წესები“. მომავალში ამ რესურსების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სასურველია მონიტორინგის განხორციელება ამ ველური მცენარეების მდგომარეობაზე.
15. ნადირობა თუშეთში საკვების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. თუმცა მას დიდი სოციო-კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. ნადირობა „მეკლდეურობასთან“ (კლდეზე ცოცვის ხელოვნება) იყო დაკავშირებული, მამაკაცის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების საშუალებად ითვლებოდა. ტრადიციული ნადირობა მკაცრად რეგულირდებოდა გარკვეული შეზღუდვებით და აკრძალვებით და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი იყო. ამჟამად ეს პრაქტიკა და, მასთან ერთად ის წეს-კანონები, რაც ნადირობის მდგრადობას განსაზღვრავდა, დავიწყებულია.
16. თუშეთში დღესდღეობით მოიპოვება სამშენებლო მასალა – ფიქალის ქვა (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე), რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს თუშური საცხოვრებელი სახლების ძირითად საშენ მასალას. ფიქალის ქვის მოპოვება შემცირდა არსებულ კარიერებზე მარაგის ამოწურვის გამო, ხოლო ახალი კარიერები მოძიებული და შესწავლილი ჯერ არ არის. შესასწავლად გადაცემულია 7 ახალი კარიერი.
17. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია ბუნებრივი რესურსების მოხმარების გაზრდა ვიზიტორების ზრდასთან ერთად, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული რესურსების მზარდი მოხმარება, ძირითადად სასტუმროებისა და კვების ობიექტების მიერ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ვიზიტორთა ეფექტური მართვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტური კონტროლი, არსებული საფრთხეების ჯეროვანი მონიტორინგის გზი