1. ეკოგანათლება:

ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო აქტივობები შეესაბამება სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო სტრატეგიის ზოგად მიმართულებებს – ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამით უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება;

ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ ჰყავს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ცალკე კადრი. ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულები არიან: ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, ვიზიტორთა სპეციალისტი (ძირითადად ვიზიტორებთან), უბნის უფროსი რეინჯერები და ერთი რეინჯერი თუშეთის კულტურული ფასეულობების კუთხით;

გ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომზადებულია საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების მიერ ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში, სეზონის განმავლობაში;

დ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ატარებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებას სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში ჩართული იყო 620 მოსწავლე და 18 მასწავლებელი. საგანმანათლებლო საქმიანობა ძირითადად მოიცავს; სემინარებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს, საგანმანათლებლო შეჯიბრება-თამაშებს, დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს, ეკოტურებს და სხვა. სასწავლო პერიოდში საგანმანათლებლო ღონისძიებები, ძირითადად, ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში და 2 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში. სკოლებთან არსებული ეკოკლუბები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში: ბუნებრივი რესურსების სპეციალისტთან ერთად მოამზადეს და მიიღეს გრანტი გარემოსდაცვითი მცირე პროექტის განსახორციელებლად. საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება, ასევე, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. სხვა სამიზნე ჯგუფები (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სხვა სკოლები და თელავის მუნიციპალიტეტის სკოლები) არ არიან სრულყოფილად დაფარული, თუმცა დაგემილია მათთანაც მუშაობა;

ე) ბოლო წლების განმავლობაში ფუნქციონირებს გიდების მოსამზადებელი სამთვიანი კურსი უფროსკლასელთათვის. კურსი სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მომზადდა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინიციატივით. ყოველწლიურად 12-14 მოზარდი კურსის ფარგლებში ეცნობა და სწავლობს ინფორმაციას თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და მის ფასეულობებზე;

ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ზაფხულის პერიოდში ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, უშუალოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. ადმინისტრაციის თანამშრომლები ატარებენ სემინარებს, ლექციებს, საველე გასვლებსა და სხვადასხვა ტიპის ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სხვადასხვა ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ („ეკოვიჟენი“, თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, თავისუფალი უნივერსიტეტი) სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მოწყობილი ეკობანაკების და საველე პრაქტიკების ფარგლებში. 2019 წელს მოეწყო 4 ეკობანაკი, რომელშიც ჯამში მონაწილეობდა 15 მოსწავლე და 90 სტუდენტი;

ზ) 2019 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ეკოსაგანმანათლებლო-ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობაში სულ ჩართული იყო 1457 ადამიანი, 2020 წელს – ჩართული იყო 693, ხოლო 2021 წელს – 247 მონაწილე;

თ) 2020-2021 წლებში ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულ მონაწილეთა შემცირებული რაოდენობა განპირობებულია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილი მდგომარეობის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვებით;

ი) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილი საინფორმაციო და საინტერპრეტაციო ექსპოზიცია. სხვა დაცულ ტერიტორიებზე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სასურველია დამატებითი ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის (მაგ. ეკოსაგანმანათლებლო ბილიკები და სხვა) მოწყობა ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობა:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით იზრდება დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობა და ცნობიერება დაცული ტერიტორიების შესახებ, ხელი ეწყობა დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ჩართულობით;

გ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკომუნიკაციო საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას, ვიზიტორებს, მესაქონლეებს და ტურისტული სერვისების მომწოდებლებს. კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ძირითადად, პირდაპირი კონტაქტით, ზეპირი ფორმით ხდება საკმაოდ ინტენსიურად, ყოველდღიურად, მუშაობის პროცესში ან სპეციალურად მოწყობილი შეხვედრებისას;

დ) თუშეთის მოსახლეობის ცნობიერების დონე დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესახებ საშუალო დონისაა და საჭიროებს გაუმჯობესებას. თუმცა, თუშეთის მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერება საკმაოდ მაღალია – თუშეთში ტრადიციულად იყო დაცული ტერიტორიები (ე.წ. „ხატის ტყეები“) და თუშური ტრადიციები თავისთავად გულისხმობდა ბუნებრივი რესურსების დაცვას და მდგრად გამოყენებას;

ე) თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აქვს საკუთარი ფეისბუქგვერდი. სიახლეების, ფოტოებისა და ვიდეომასალის გავრცელება რეგულარულად ხორციელდება სოციალური ქსელით, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ გვერდზე https://www.facebook.com/TushetiNationalPark/;

ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამზადებს წლიურ ანგარიშს სააგენტოსთან ანგარიშგებისთვის და „ბუნების მატიანეს”. მოსახლეობისთვის ამ დოკუმენტების რაიმე ფორმით მიწოდება არ ხდება;

ზ) დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცისაგან, ვიზიტორთა სეზონის პერიოდში, სოფელ ომალოში განთავსებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო მთელი წლის მანძილზე სოფელ ქვემო ალვანში მდებარე ოფისში;

თ) თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის 2010 წელს შემუშავებული კომუნიკაციისა და თემთან ურთიერთობის სტრატეგია მოძველებულია. CNF-ის მხარდაჭერით იგეგმება ერთობლივი კომუნიკაციის გეგმის შემუშავება თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტისთვის, რომლიც შემუშავების პროცესშიც ჩართული იქნება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაც. კომუნიკაციის გეგმამ უნდა გააუმჯობესოს თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ ცნობადობა, აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში საზოგადოების ცნობიერება და გააღრმავოს დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან;

ი) 2020 წლის ივნისში UNDP/GEF/CNF პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემუშავდა „საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია სამიზნე დაცული ტერიტორიების (მათ შორის, თუშეთის დაცული ტერიტორიები) ცნობიერების ასამაღლებლად აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ისეთი სამოქმედო გეგმის თანამონაწილეობრივი შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც საზოგადოებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თვალნათლივ დაანახებს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების ეკონომიკურ სარგებელს და, ბუნებრივია, გააძლიერებს ეროვნული საგანძურის ფლობის განცდას, უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მზაობას დამოუკიდებლად განაგრძონ ცნობიერების ამაღლების ეფექტური ქმედებების დანერგვა CNF/UNDP პროექტის დასრულების შემდეგა