1. ეკოგანათლება:

ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო აქტივობები ესადაგება სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო სტრატეგიის ზოგად მიმართულებას – ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამით უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ძირითადად მენეჯმენტისა და სამოქმედო გეგმით გაწერილ ქმედებებს ეყრდნობა და ცალკე საგანმანათლებლო სტრატეგია არ გააჩნია;

ბ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციას არ ჰყავს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ცალკე კადრი. აღნიშნულ საქმიანობაში ძირითადად ჩართულია ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი და ვიზიტორთა სპეციალისტი (ძირითადად ვიზიტორებთან). საველე გასვლების დროს ჩართული არიან რეინჯერებიც;

გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სამიზნე ჯგუფებს ძირითადად წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა. წლების მანძილზე ადმინისტრაცია ასევე მასპინძლობს სტუდენტთა ჯგუფებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (მაგ.: 2020 წელს საველე პრაქტიკა ჩაუტარდათ GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს). გასული 4 წლის განმავლობაში ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელი – 1,552 მონაწილე, 2018 წელი – 1,493 მონაწილე, 2019 წელი – 1,699 მონაწილე, 2020 წელი – 584 მონაწილე, 2021 წელი – 537 (2020 და 2021 წელს მონაწილეთა შემცირებული რაოდენობა განპირობებულია პანდემიის გავრცელების შედეგად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით);

დ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა ძირითადად მოიცავს ლექცია-სემინარებს და პრეზენტაციებს სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემატიკით, დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს და ეკოტურებს დაცულ ტერიტორიებზე, ასევე შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. დაინტერესებულ პირებს საგამოფენო დარბაზში შეუძლიათ ნახონ ფილმი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის მიერ აღინიშნება ე.წ ,,მწვანე კალენდრის” დღეები. ჩატარებულ აქტივობებში ჩართული არიან სკოლამდელი და სასკოლო ასაკის მოსწავლეები;

ე) 2020 წელს განახლდა „ნორჩ რეინჯერთა“ პროგრამა, რომელშიც ჩაერთნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები. პირველი აქტივობები ამ პროგრამის ფარგლებში 2009 წელს ლაგოდეხის მეგობართა ასოციაციის ხელშეწყობით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთათვის განხორციელდა სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა: ერთი დღე რეინჯერთან, ბილიკების მარკირება, დასუფთავების აქცია, სხვა;

ვ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს ვიზიტორთა ცენტრში არსებული საგამოფენო-საინფორმაციო დარბაზი, რომლის განახლებაც დაგეგმილია 2022 წელს;

ზ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ადმინისტრაციის შესასვლელში, მოწყობილია ბუნების შემეცნებით-საგანმანათლებლო 600 მ-იანი ბილიკი დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ამჟამად ბილიკი  საჭიროებს განახლებას;

თ) 2020 წელს სხვადასხვა ასაკის სამიზნე ჯგუფისთვის მომზადდა 3 თემატური პრეზენტაცია, რომლებიც ძირითადად მოიცავს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისების საკითხებს. ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და შესაბამისი მასალების/აღჭურვილობი/ინფრასტრუქტურის არსებობა, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეკოსაგანმანათლებლო კუთხით.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობა:

ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდასა და დაცული ტერიტორიების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ეს თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად  სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ჩართულობით;

გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ძირითადად პირდაპირი კონტაქტით ზეპირი ფორმით ხდება ყოველდღიური მუშაობის პროცესში ან სპეციალურად მოწყობილი შეხვედრებისას, რომლის დროსაც  მათ მიეწოდებათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის, დაცული ტერიტორიების წესების და რეგულაციების შესახებ. შეხვედრები ტარდება მწყემსებთან ალპურ საძოვრებზე, სასტუმროს მეპატრონეებთან და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან;

დ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამზადებს წლიურ ანგარიშს სააგენტოსთან ანგარიშგებისთვის და ,,ბუნების მატიანეს”;

ე) დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან, ქ. ლაგოდეხში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში და ასევე, უშუალოდ რეინჯერებისგან;

ვ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს აქვს საკუთარი ფეისბუქგვერდი. სიახლეების, ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება რეგულარულად ხორციელდება სოციალური ქსელის საშუალებით: https://www.facebook.com/LagodekhiProtectedAreas. გვერდს ამ დროისთვის 24,000 მოწონება და ყოველდღიურად 70 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს;

ზ) მოსახლეობის ცნობიერების დონე დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესახებ დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროებს გაუმჯობესებას;

თ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ადმინისტრაციას არ აქვს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ჯგუფებში და დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობის გაღრმავებას მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში;

ი) 2020 წლის ივნისში UNDP/GEF/CNF პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემუშავდა „საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია სამიზნე დაცული ტერიტორიების (მათ შორის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები) ცნობიერების ასამაღლებლად აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ისეთი სამოქმედო გეგმის თანამონაწილეობრივი შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც: საზოგადოებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თვალნათლივ დაანახებს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების ეკონომიკურ სარგებელს და, ბუნებრივია, გააძლიერებს ეროვნული საგანძურის ფლობის განცდას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მზაობას დამოუკიდებლად განაგრძონ ცნობიერების ამაღლების ეფექტური ქმედებების დანერგვა CNF/UNDP პროექტის დასრულების შემდეგაც. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია 2020-2023 წლებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები: საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა, მულტიმედია კლიპების და ბლოგების მომზადებ