1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 4 500 ჰექტარ ფართობს.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა შემდეგი საქმიანობებისა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვა და მონიტორინგი; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) ადგილობრივი მოსახელეობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვა,  ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის  37-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;

მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა;

ნ) საფუტკრეების მოწყობა;

ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

პ) გადასარეკი ტრასების მოწყობა მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა;

ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა, მათ შორის:

რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა);

რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე -არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);

რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა);

რ.დ) კაფეტერიის მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე −არანაკლებ 3,5 მ-ისა);

რ.ე) საკონფერენციოს მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე −არანაკლებ 3 მ-ისა);

რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა);

რ.ზ) საჯინიბოს მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე −არანაკლებ 6 მ-ისა);

რ.თ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე- არანაკლებ 2,5 მ-ისა);

რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

რ.კ) „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;

ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ტ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

თავი VI. მენეჯმენტის გეგმის პროგრამე