1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებულია აღკვეთილის ტერიტორიაზე. ნაკრძალში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით.

2. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია ლაგოდეხიდან, სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ასევე სოფელ გურგენიანიდან და მაწიმიდან, სადაც განლაგებულია რეინჯერთა სადგურები. ტურისტების შესვლა დაცულ ტერიტორიებზე უფრო ხშირად ხდება ცენტრალური შესასვლელიდან და გურგენიანიდან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად დადის ლაგოდეხში, გურგენიანში ან სხვა სოფლამდე მისასვლელად ვიზიტორები ქირაობენ ტაქსს.

3. ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ეკოტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანგარიშსწორება და ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ პატარა მაღაზიაში შესაძლებელია რუკების შეძენა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესვლა უფასოა, თუმცა განიხილება შესასვლელი გადასახადის დაწესების საკითხი.

4. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2018 წელს დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა 57,472 ვიზიტორი, 2019 წელს – 59,761 ვიზიტორი, ხოლო 2020 წელს, COVID19 სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ 6,079 ვიზიტორი. 2021 წელს ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა 75% საქართველოს, ხოლო 25% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 2021 წლის მონაცემებით 83% საქართველოს მოქალაქეა, 17% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

5. 2018 წელს SPPA-საქართველოს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ მიხედვით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა უმეტესობისთვის (94.3%) აქ სტუმრობის მთავარი მოტივი ლაშქრობაა. მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტების მონახულება, როგორც ძირითადი ტურისტული აქტივობა, მთავარ ღირსშესანიშნაობად იქნა დასახელებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა 98.6%-ის მიერ.

6. ვიზიტორთა მზარდი ტენდენციის ფონზე მნიშვნელოვანია ვიზიტორების, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითად ღირებულებებზე ტურიზმის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენა. ვიზიტორთა გამტარუნარიანობის შესწავლა ეროვნულ პარკში მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მზარდი ტენდენციის ფონზე.

7. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქ. №197 დაცული ტერიტორიების შესასვლელში. ვიზიტორთა ცენტრი მთელი წლის განმავლობაში ღიაა ვიზიტორებისთვის. აქტიური ტურისტული სეზონი არის გვიანი გაზაფხულიდან შუა ოქტომბრამდე, ივლისსა და აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორთა რაოდენობით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბილიკები ღიაა მთელი წლის მანძილზე, გარდა შავი კლდეების ტბის ბილიკისა, რომელიც მხოლოდ ივნისიდან ნოემბრამდე მასპინძლობს ვიზიტორებს.

8. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა მოიცავს შემდეგს: ვიზიტორთა ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, 2 ტურისტული თავშესაფარი – მეტეო“ და „დემიდოვის ბინა“ (თითოეული 16 ადგილიანი, სველი წერტილებით), 2 საპიკნიკე ადგილი (4-4 ცალი 8 ადგილიანი მაგიდა), ადმინისტრაციის შენობასთან მდებარე საკემპინგე „ოჩო კემპი“ (საკარვე და საპინკნიკე ადგილებით, სველი წერტილებით და სამზარეულოთი), რომელიც ამჟამად იჯარითაა გაცემული. ვიზიტორთა ცენტრის შენობაში არსებული სასტუმრო, ჰოსტელი და კაფე იჯარითაა გაცემული. ადმინისტრაციის სიახლოვეს ასევე ფუნქციონირებს სასტუმრო (ჯამში 40 ნომერი, მათ შორის 1 ადაპტირებული შშმ პირებზე), რომელიც ასევე გაცემულია იჯარით. ადმინისტრაციის შენობასთან მოწყობილია ავტოსადგომი.

9. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – გურგენიანის შესასვლელთან, იჯარით გაცემულ ნაკვეთზე უკვე მოეწყო 10 კოტეჯი, 4 ფანჩატური, 11 სველი წერტილი და დამხმარე ნაგებობები.

10. 2019 წელს, ,,ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) პროექტის ფარგლებში მოამზადა „ხის კენწეროები ბილიკის“ პროექტი და იგეგმება ამ ბილიკის მოწყობა.

11. ევროკავშირის და გაეროს განვითარების საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალენოვანი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც ვიზიტორებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ. პროექტის განხორციელება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

12. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს შემდეგი სახის ეკოტურისტულ მომსახურებებს:

ა) ტურისტული ინფორმაციის მიწოდება საინტერპრეტაციო და საინფორმაციო მასალებით (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურისტული რუკა, საინტერპრეტაციო დაფები და სხვ.);

ბ) სალაშქრო, საცხენოსნო, ეკოსაგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო ტურების ორგანიზება დაცულ ტერიტორიაზე (ერთდღიანი და რამდენიმედღიანი);

გ) გამყოლის მომსახურების უზრუნველყოფა (ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ეხმარება ვიზიტორს გამყოლთან დაკავშირებაში);

დ) სპეციალური აღჭურვილობის გაქირავება (კარვები, საძილე ტომრები, პარალონი. აღჭურვილობის ნაწილი საჭიროებს განახლებას);

ე) ტურისტული თავშესაფრების, საკარვე და საპიკნიკო ადგილების და ცხენის ქირაობა.

13. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 4 ეკოტურისტული ბილიკია – ნინოსხევის ჩანჩქერის, როჭოს ჩანჩქერის, მაჭის ციხის და შავი კლდეების ტბის ბილიკები:

ა) ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკი – საშუალო სირთულის საფეხმავლო მარშრუტი, 16 კმ სიგრძის (ბილიკის სიგრძე 8 კმ, ბილიკი იგივე გზით ბრუნდება უკან). ბილიკი იწყება გურგენიანის სარეინჯეროდან, ლაშქრობის ხანგრძლივობა 5-6 სთ. ძირითად ღირსშესანიშნაობას მდინარე ნინოსხევის 40 მ სიმაღლის ნინოსხევის ჩანჩქერი წარმოადგენს. გამონაკლის შემთხვევებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაიშვება ცხენით გადადგილება;

ბ) როჭოს ჩანჩქერის ბილიკი – რთული, საფეხმავლო მარშრუტი, 9 კმ სიგრძის. (ბილიკის სიგრძე 4.5 კმ, ბილიკი იგივე გზით ბრუნდება უკან). ბილიკი იწყება ადმინისტრაციული შენობიდან, ლაშქრობის ხანგრძლივობა – 4-6 სთ. ძირითად ღირსშესანიშნაობას მდინარე შრომისხევზე არსებული როჭოს ჩანჩქერი წარმოადგენს; გამონაკლის შემთხვევებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაიშვება ცხენით გადადგილება;

გ) მაჭის ციხის ბილიკი – მარტივი, საფეხმავლო, საცხენოსნო მარშრუტი, 10 კმ სიგრძის. ბილიკი იწყება მაწიმის რეინჯერთა სახლიდან, ლაშქრობის ხანგრძლივობა – 3-4 სთ. ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გზის გასწვრივ არსებული ხელუხლებელი ტყეები და VII ს-ით დათარიღებული მაჭის ციხე;

დ) შავი კლდის ტბის ბილიკი – რთული, 42 კმ სიგრძის საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკი. ბილიკი იწყება ადმინისტრაციული შენობიდან, მეტეოს ტურისტული თავშესაფრის გავლით შავი კლდის ტბისკენ მიემართება, ბილიკის გავლის ხანგრძლივობა 3 დღეს შეადგენს. ძირითად ღირსშესანიშნაობას ალპური მდელოებისაკენ მიმავალ გზაზე არსებული ხელუხლებელი ტყეები და შემდეგ კი მყინვარული წარმოშობის ტბა წარმოადგენს. ამ მარშრუტზე განსაკუთრებით მაღალია ველურ ბუნებაზე დაკვირვების, კავკასიურ ჯიხვთან შეხვედრის ალბათობა;

ე) გარდა აღნიშნული ეკოტურისტული ბილიკებისა ადმინისტრაციულ შენობასთან არის 600 მ-ის სიგრძის მარტივი სირთულის ბუნების შემეცნებითი წრიული ბილიკი, რომელიც გათვლილია 3-9 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. 2020 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ, ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) საქართველოს მიერ, კავკასიის კონსერვაციის (CCC) პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სერვისთან ერთად იმუშავეს არსებულ და დაგეგმილ ბილიკებზე; დაიგეგმა ახალი ბილიკი, რომელიც ლაგოდეხის რეინჯერთა ორ სადგურს დააკავშირებს ერთმანეთთან. პარკის ბილიკების ქსელის გაფართოებასთან ერთად, ბილიკი საბოლოოდ ფორმირდება TCT-ის ნაწილად.

14. აღნიშნულ ბილიკებზე ტურისტული სეზონის დაწყების წინ რეგულარულად ხდება ბილიკების გაწმენდა (მოთხრილ-მოტეხილი ხეები, ბუჩქების, ბალახოვანი საფარის გასუფთავება), საჭიროებისამებრ ხიდების კეთილმოწყობა, მარკირება, ა.შ.

15. 2020 წელს მომზადდა საინფორმაციო და მიმართულების მაჩვენებელ დაფებზე დასატანი განახლებული ტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. შეიცვალა კლიმატური პირობების შედეგად დაზიანებული სტიკერები, განახლდა მარკირება. მომზადდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე არსებული ბილიკების დეტალური აღწერილობა ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. საინფორმაციო ნიშნები განთავსებულია დაცული ტერიტორიების გარეთაც ლაგოდეხში, ასევე მაჭის ციხის მაჩვენებელი სოფელ მაწიმში და ნინოსხევის ჩანჩქერის მაჩვენებელი სოფელ ნინიგორში.

16. 2021 წლის ბოლოს დასრულდა ნინოსხევის ჩანჩქერის (გურგენიანი) ბილიკის სრული განახლება. მოეწყო 8 კმ. სიგრძის ბილიკი, საკემპინგე, საპიკნიკე ადგილები, სანკვანძები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

17. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გაფორმებულია ხელშეკრულება შპს „თრეილ ქონსთრაქშენთან“. დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების 60 კმ-ზე მეტი ბილიკი მოწყობა.

18. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია ისტორიულ-კულტურული ღირებულებები, რომლებიც ვიზიტორთა ყურადღებას იპყრობენ. ესენია: წარსულში არსებული ლაგოდეხის დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი 30-ზე მეტი სახეობის მცენარე; მაჭის ციხე, ეკლესია-მონასტრები (მაჭისციხის ეკლესია, რაჭისუბნის ეკლესია, ლაგოდეხის მონასტერი), მლოკოსევიჩის მემორიალი.

19. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 94,861 ლარი (ტურისტული თავშესაფარი – 19,620 ლარი, ცხენები – 14,700 ლარი, პარალონი – 561 ლარი, საძილე ტომარა – 2,185 ლარი, კარავი – 630 ლარი, საკარვე ადგილი – 10,095 ლარი, საკონფერენციო დარბაზი – 1,950 ლარი, საპიკნიკე მაგიდა – 3,600 ლარი, შემოწირულება – 30 ლარი, რუკა (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ქართული) – 112 ლარი, რუკა (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ინგლისური) – 1,232 ლარი, რუკა (საქართველოს დაცული ტერიტორიები, ინგლისური) – 188 ლარი, წიგნი – 30 ლარი, იჯარა – 39,928 ლარი). 2020 წელს, COVID19-ის გამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგინა 33,109 ლარი. შემოსავლების 80% (26,549 ლარი) წარმოადგენს იჯარიდან მიღებულ შემოსავალს, 12% (3,980 ლარი) საკარვე ადგილის გაქირავებიდან, დაახლოებით 7% (2,300 ლარი) ცხენით მომსახურებიდან, 1% კი ნაწილდება რუკაზე (130 ლარი) და საკონფერენციო დარბაზის (150 ლარი) გაქირავებაზე.

20. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მიმწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს, ესენია: ღამისთევა სასტუმროებში ან საოჯახო ტიპის სასტუმროებში (2010 არსებობდა მხოლოდ 3 საოჯახო სასტუმრო, დღეს კი მათი რიცხვი 40-ზე მეტია), კაფეები და რესტორნები, ცხენების ქირაობა, გიდების/გამყოლების მომსახურება, ადგილობრივი პროდუქტის შეთავაზება (ლაგოდეხის ბაზარში ან ოჯახიდან), სხვა. რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას: კვალიფიციური გიდების ნაკლებობა და გიდების მომსახურების არასტაბილურობა, მოთხოვნების შესაბამისი სერვისების გაუმჯობესება.

21. ადმინისტრაციის მიერ მომზადდა მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოგროვებულია ინფორმაცია რეგიონში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრანსპორტის განრიგზე და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო პაკეტების სახით მიეწოდება ვიზიტორებს.

22. TJS-ის III ფაზის ფარგლებში 2017 წელს შემუშავდა „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გრძელვადიან ხედვას და სტრატეგიულ მიმართულებებს, ამ მიზნების მისაღწევად დასახულ ამოცანებს და კონკრეტულ ქმედებებს. სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებულია და საჭიროებს განახლებას.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მისდევს სააგენტოს რეკომენდაციებს მარკეტინგის კუთხით. არ არსებობს მარკეტინგის პროგრამა ადმინისტრაციის დონეზე.

23. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით ადმინისტრაცია რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ბეჭდური მასალის გადაცემას ტურისტული საინფორმაციო ცენტრებისა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებისა თუ პირთათვის.

24. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მასპინძლობს მედია-ტურებს ტელევიზიების და ბლოგერებისთვის. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებ