1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დამოკიდებულია დაცული ტერიტორიის ბუნებრივ რესურსებზე. ადგილობრივები სარგებლობენ ტყის მერქნული და არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების და წყლის რესურსებით. ლაგოდეხის ალპური საძოვრები ადგილობრივების მიერ საზაფხულო საძოვრებად გამოიყენება.
2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგი დასახლებები: ქ. ლაგოდეხი, სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ხიზა, გურგენიანი, ხიზაბავრა, ბაისუბანი, მსხალგორი, განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა და კაბალი.
3. ლაგოდეხის აღკვეთილი ყოველწლიურად შეშით ამარაგებს მიმდებარე მოსახლეობას. ძირითადად ხდება მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი მერქნის გაცემა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების უმეტესობა გაზიფიცირებულია, იგეგმება მუნიციპალიტეტის სოფლების სრულად გაზიფიცირება. ამან გარკვეულად შეამცირა ტყეზე ზეწოლა – შეშის გამოყენება საჭმლის მოსამზადებლად აღარ ხდება. ტყის რესურსზე დამოკიდებულია 6 დასახლებული პუნქტი (ქ. ლაგოდეხი, სოფლები მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ხიზაბავრა, ხიზა, გურგენიანი). თითო კომლზე ხდება 2- 5 მ3 საშეშე მერქნის გაცემა. 2018 წელს გაცემულია 1,901.43 მ3, 2019 წელს – 1,628 მ3, 2020 წელს – 1,312 მ3, ხოლო 2021 წელს – 1,457მ3 საშეშე მერქანი.
4. 2014 წელს აღკვეთილის ტყეებისთვის განხორციელდა გამარტივებული ინვენტარიზაცია და ტაქსაცია, რათა დადგენილიყო წლიურად გასაცემი საშეშე მერქნის რაოდენობა. ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული მასალები არასრულყოფილია და არ შეესაბამება არსებულ რეალობას. განახლებული ინფორმაციის არქონა ართულებს ტყის ეკოსისტემების მონიტორინგს და საშეშე მერქნის შესაბამისი კვოტების დადგენას აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რესურსის მდგრადი მოხმარება. არსებულ სიტუაციაში ხე-ტყის გაცემა ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. ადმინისტრაცია ცდილობს თავიდან აიცილოს ტყეზე ზეწოლა, განსაკუთრებით აღკვეთილის უშუალო მოსაზღვრე მოსახლეობისაგან და არსებული მარაგის გათვალისწინებით მოახდინოს მოსახლეობაზე შეშის გაცემა ისე, რომ არ გამოიწვიოს ნეგატიური დამოკიდებულება დაცული ტერიტორიების მიმართ. ამის გამო, დღესდღეობით შეშა მიეწოდება მხოლოდ აღკვეთილის უშუალო მოსაზღვრედ განლაგებულ უბნებში მცხოვრებ კომლებს – ქ. ლაგოდეხისა და რამდენიმე სოფლის შერჩეული უბნები/ქუჩები.
5. 2022 წელს დაგეგმილია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტყეების ინვენტარიზაცია და შემუშავდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტყის მართვის გეგმა.
6. ლაგოდეხის აღკვეთილიდან ხდება წაბლის, სოკოს, რკოს, მინდვრის მხლის, მოცვის, მაყვლის, კაკლის, თეთრყვავილას და სამკურნალო მცენარეებს შეგროვება. რესურსებით სარგებლობა ხდება, ძირითადად, ოჯახების პირადი მოხმარების მიზნით, თუმცა ხდება ასევე წაბლისა და სოკოს, ასევე მცირე ოდენობით კაკლისა და თეთრყვავილას შეგროვება რეალიზაციის მიზნითაც. დღეისათვის არ არის შეფასებული ამ არამერქნული რესურსების მარაგები და არ არის დადგენილი მოხმარების კვოტები. არ არის შეფასებული არამერქნული რესურსით სარგებლობის არსებული პრაქტიკის გავლენა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
7. ლაგოდეხის აღკვეთილის ალპური საძოვრები მაისი – სექტემბრის პერიოდში ძირითადად ცხვრის საძოვრად გამოიყენება. ზოგიერთ ფერმერს ასევე ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი. საძოვრებზე დამოკიდებულია ძირითადად სოფლები კაბალი და მსხალგორი, მეცხვარეები ძირითადად აზერბაიჯანული ეროვნების არიან. 2019 წლის მდგომარეობით, ლაგოდეხის აღკვეთილის ალპურ საძოვრებზე სულ გაიჯარებულია 1,017.26 ჰა საძოვარი. იჯარები გაცემულია 2017 და 2019 წლებში, 5 წლის ვადით. იჯარის ხელშეკრულებები გაცემულია 13 ადგილობრივზე (კაბალის, ყარაჯალის, უზუნთალას, მსხალგორის, განჯალისა და ლაგოდეხის მაცხოვრებლები). ადგილზეა 4090 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცხვარი, თხა), 37 ცხენი და 52 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. გაცემული იჯარების საზღაურმა 2019 წელს შეადგინა 17,798.5 ლარი.
8. 2003 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით დაახლოებით 6000 ჰა-თი და მოიცვა ის ტერიტორიები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ცხვრის საზაფხულო საძოვრებად. 2013 წელს ტრადიციული საძოვრის დიდმა ნაწილმა, რომელიც 2003 წელს გადაეცა ნაკრძალს, განიცადა რეკატეგორიზაცია და გადავიდა აღკვეთილში, იმ მოტივით, რომ დასაშვები ყოფილიყო ძოვება გარკვეული პირობების დაცვით და გატარებულიყო აღდგენითი ღონისძიებები ეროზიებთან და ნიადაგების დეგრადაციასთან საბრძოლველად, რაც გადაჭარბებულმა ძოვებამ გამოიწვია (წარსულში ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 35,000-40,000-მდე ერთეული ცხვარი ძოვდა).
9. 2014 წელს დაიწყო USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა მცენარეულობის რუკა და შესწავლილ იქნა საძოვრების მდგომარეობა. პროექტი შეწყდა საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებამდე. ლაგოდეხის აღკვეთილის საძოვრების მართვის გეგმა შემუშავდა სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – ნაკრესის მიერ 2016 წელს.
10. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს მიმდებარე სოფლების წყლით მომარაგების წყაროს. ლაგოდეხის აღკვეთილიდან შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ხდება წყალაღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგებისათვის. წყალს იღებენ კერძო ბიზნესებიც, როგორიცაა საკალმახე მეურნეობა. დიდია წყლის რესურსების საირიგაციო მნიშვნელობა. კონსერვაციის თვალსაზრისით წყლის მოპოვება ზეგავლენას არ ახდენს ბუნებაზე. თუმცა ზაფხულის თვეებში წყლის დებეტი იკლებს და მოსახლეობას ექმნება როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყლის დეფიციტ