1. ინფრასტრუქტურა:

ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისი მდებარეობს ქალაქ ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქ. №197. ადმინისტრაციის შენობა შეკეთდა 2020 წელს, სადაც შესაძლებელია შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება. ადმინისტრაციის ეზოში არის ავტოსადგომი, რომელიც გაფართოებას საჭიროებს;

ბ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საზღვრები დადგენილია „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამჟამად საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია, დარჩენილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი სოფელ ხიზასთან, სადაც სასაფლაო მოქცეულია დაცული ტერიტორიების საზღვრებში. შესაბამისად, საჭიროა ამ ტერიტორიაზე საზღვრის შეცვლა/დაზუსტება;

გ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს დღეისათვის აქვს რეინჯერთა ორი სადგური – მაწიმი და გურგენიანი. მეტეოსა და დემიდოვის ვიზიტორთა თავშესაფრები ასევე გამოიყენება ადმინისტრაციის რეინჯერების მიერ;

დ) ამჟამად მიმდინარეობს გურგენიანის და მაწიმის რეინჯერთა სადგურების რემონტი, რომელიც 2022 წელს დასრულდება;

ე) მზის ენერგიით ხდება მეტეოსა და დემიდოვის ტურისტული თავშესაფრის უზრუნველყოფა. დემიდოვის ვიზიტორთა თავშესაფარში უპრიანია წყლის გამაცხელებელი სისტემის მოწყობა, თუმცა ამას ხელს უშლის წყალმომარაგების შესაბამისი სისტემის არარსებობა;

ვ) ადმინისტრაცია მაწიმში ფლობს ცხენების თავლას. თავლა 2007-2008 წლებშია აშენებული და კარგ მდგომარეობაშია. 2022 წელს CNF-ის დახმარებით განხორციელდა თავლის და საცხენოსნო მცირე ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია;

ზ) აღკვეთილის ტერიტორიაზე ძირითადად გვხვდება ძველი სატყეო გზები. ადმინისტრაციის განცხადებით, შიდა გზები კარგ მდგომარეობაშია;

თ) რეაბილიტაციას საჭიროებს ლაგოდეხის აღკვეთილთან გურგენიანის მხრიდან მისასვლელი გზა, დაახლოებით 300 მეტრი. რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი გზა (აღმაშენებლის ქუჩა ქალაქ ლაგოდეხში);

ი) 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით შემუშავდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ნარჩენების მართვის გეგმა. დაცული ტერიტორიების საზღვრებში ნარჩენების შეგროვებას რეინჯერები ახდენენ, სეზონურად დამატებით ხდება თანამშრომელთა დაქირავება ბილიკების გასაწმენდად. შეგროვებული ნარჩენების გატანას მუნიციპალიტეტი ახორციელებს. დაცული ტერიტორიების საზღვრებში განთავსებული ნაგვის ურნების რაოდენობა ამ ეტაპისთვის საკმარისია.

2. აღჭურვილობა:

ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ არის სრულად აღჭურვილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ტერიტორიის დაცვა. საჭიროა რიგი აღჭურვილობების განახლება/შეძენა. ადმინისტრაციას აქვს 5 მაღალი გამავლობის ავტომანქანა – 3 მიცუბიში L200, 1 ფორდ რეინჯერის მარკის ავტომანქანა და BRP მარკის ბაგის ტიპის ავტროსატრანსპორტო საშუალება მოდელი TRAXTER DPS HD8. აქედან 1 მიცუბიში L200 ემსახურება დირექტორს, ფორდ რეინჯერი ემსახურება დაცვის განყოფილების უფროსს, დანარჩენები ემსახურებიან უფროს რეინჯერებს, როგორც პატრულირების განსახორციელებლად, ასევე საგუშაგოებზე ცვლაში მყოფი მორიგე რეინჯერის სარეინჯეროზე აყვანა-ჩამოყვანის მიზნით.  14 რეინჯერს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი. დამატებით საჭიროა 5 ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. 2020 წელს CNF-ის მხარდაჭერით ადმინისტრაციას გადაეცა ახალი უნიფორმები და ფეხსაცმელები. ყოველწლიურად საჭიროა მათი განახლება. გადასახედია მათი ხარისხი და სტანდარტი. ძირითადი ყოველდღიური საჭიროება, რომელიც ყველა რეინჯერს უნდა ჰქონდეს არის ე.წ. ერთდღიანი ჩანთები (დაახლოებით 30 – 35 ლიტრიანი). UNDP/GEF პროექტის მხარდაჭერით ადმინისტრაციას გადაეცა 21 SMART მოწყობილობა. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 2018 და 2021 წლებში გაიარეს SMART მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება. საჭიროებას წარმოადგენს ცეცხლმაქრების და არსებული პირველადი დახმარების პაკეტი განახლებაც.  ადმინისტრაციის განცხადებით, აუცილებელია რამდენიმე ავტომატური მეტეოსადგურის განთავსება დაცულ ტერიტორიებზე;

ბ) ადმინისტრაციას აქვს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის საჭირო ძირითადი აღჭურვილობა;

გ) არსებობს დამატებითი საოფისე აღჭურვილობის საჭიროება: ასევე არ არის სერვერი ინფორმაციის შესანახად; COVID19-ის სიტუაციიდან და SMART პატრულირების სისტემის დანერგვიდან გამომდინარე გამოვლინდა დამატებითი ლეპტოპ(ებ)ის საჭიროება თანამშრომელთათვის;

დ) ადმინისტრაციას გააჩნია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმა, რომელიც შემუშავდა ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს, CNF-ის მიერ დაქირავებული ექსპერტის ჩართულობით. ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი არიან რეინჯერებ