1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთა გადაადგილება დაიშვება მხოლოდ თუშეთის ეროვნული პარკის ფარგლებში. ვიზიტორები არ დაიშვებიან თუშეთის ნაკრძალში იქ არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმის გამო; ნაკრძალში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით.

2. ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2014 წელს რეგისტრირებული ტურისტების რაოდენობამ 9,786 ვიზიტორი შეადგინა, ხოლო 2019 წელს გაიზარდა 16,427-მდე. 2020 წელს, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგინა 7,055 (მათ შორის, 357-მდე უცხოელი). 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა 34,8% საქართველოს, ხოლო 65,2% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე აღრიცხულ უცხოელ ვიზიტორთაგან უმეტესობას გერმანელი და პოლონელი ტურისტები წარმოადგენენ. 2021 წელს შეინიშნება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური დინამიკა, 2021 წელს თუშეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 12 197 ვიზიტორი. მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით (7 055 ვიზიტორი) 73%-ით არის გაზრდილი.

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ომალოში. სტუმართა ღამისთევის და დასვენებისთვის ფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრთან არსებული სასტუმრო (7 ნომრით, 15 ადგილიანი, 2012 წლიდან გაცემული იჯარით) და ცენტრთან ახლოს მდებარე ჰოსტელი (22 ადამიანზე), ასევე არის ალაზნისთავის ტურისტული თავშესაფარი (12 ადამიანზე). ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს არის 1 საკემპინგე და საპიკნიკე ადგილი. ალაზნისთავში არსებული ტურისტული თავშესაფრის მოვლა-პატრონობა ადმინისტრაციისათვის რთულია და სასურველია მისი იჯარით გაცემა.

4. საკარვე და საპიკნიკე ადგილები საპირფარეშოთი და საშხაპეთი მოწყობილია ალაზნისთავში, ადგილობრივ კოოპერატივზე 2015 წელს 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაცემულ 1,000 კვ.მ.-ზე, სადაც, ასევე, მოწყობილია ცხვრის საწველი ბაკი და ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწარმო.

5. სპორტული და სამოყვარული თევჭერისთვის განკუთვნილ ადგილებში (მათ შორის, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით) განსაზღვრულია რეკრეაციული თევჭერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა, დღეისათვის, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მსგავსი ადგილები არ არის გამოყოფილი.

6. ამჟამად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებობს სხვადასხვა სირთულის, მოქმედი 13 ტურისტული მარშრუტი, რომელიც ერთიან სისტემაშია თუშეთის დაცულ ლანდშაფტში არსებულ ტურისტულ ბილიკებთან (დანართი 23). ბილიკებზე განთავსებულია საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები. ყველა ბილიკი, გარდა ალაზნისთავის და აწუნთა-გირევის მონაკვეთებისა, მარკირებულია. არსებული ტურისტული მარშრუტებიდან 7 (კესელო-ქუე, დართლო-კვავლო, დაქუეხი, წოვათა, გონთა, დოჭუ, ალაზნისთავი) გარკვეულ მონაკვეთებში კვეთს ერთსა და იმავე ადგილებს. ასევე, ეს მარშრუტები არის მხოლოდ წრიული და ცალმხრივი (იწყება და ბრუნდება ერთსა და იმავე ადგილზე). ყველაზე მეტად დატვირთულია ომალო-დართლო და ომალო-შენაქო-დიკლოს მიმართულების ბილიკები, სადაც ვიზიტორთა 80% გადაადგილდება. შესაბამისად, აქ ადგილი აქვს არსებული ბუნებრივ და კულტურულ რესურსებზე ზეწოლას. არსებულ ბილიკებზე შესაძლებელია 1, 2, 3, 4-დღიანი სხვადასხვა თემატიკის ტურების მოწყობა: ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება და ფოტოგადაღება, სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, საგანმანათლებლო, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადდა თუშეთის და ფშავ-ხევსურეთის დამაკავშირებელი ტრანსრეგიონული ტურისტული მარშრუტები კვლევა და „მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარების და ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგის და თუშეთის დაცული ტერიტორიების დაკავშრების მიზნით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“.

7. მთამსვლელებისა და სამთო-მოგზაურობის მოყვარულთათვის მოთხოვნადი და საინტერესო სამოგზაურო ბილიკები ცდება თუშეთის დაცულ ტერიტორიებს. ეს ბილიკია:

ა) შატილი-მუცო-აწუნთა-გირევი-დართლო-ომალო (ყველაზე მოთხოვნადი);

ბ) ფშავი – უკანა ფშავი – ბორბალოს უღელტეხილი – თუშეთი;

გ) პანკისის ხეობა – ალაზნისთავი – ყადორის უღელტეხილი – წოვათა – ვერხოვანი – ჯვარბოსელი – ომალო. ვიზიტორებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება თუშეთიდან შირაქის ველზე (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები) და უკან მეცხვარეებთან ერთად გადაადგილება.

8. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, რა დროსაც თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა არის გახსნილი. მნიშვნელოვანი საკითხია თუშეთის კახეთთან დამაკავშირებელი გზის საიმედოობა და უსაფრთხოება, რაც სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანაა და თუშეთში ტურიზმის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პირობაა. ყოველ სეზონზე ზიანდება გზები, რაც გაწმენდა-შეკეთების სამუშაოებს მოითხოვს და ზოგ შემთხვევაში, ზღუდავს ვიზიტორთა გადაადგილებას. ზამთარში გზის ჩაკეტვის გამო ტურისტული აქტივობები არ ხორციელდება, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ტურის შეთავაზება (მაგ. ნიამორებზე დაკვირვება, თოვლის ფეხსაცმელებით გადაადგილება და სხვა). თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საკითხი განხილვის ეტაპზეა (ერთ-ერთი საკითხია გზებზე საბაგიროების მოწყობა). თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების არსებობას.

9. 2019 წელს ვიზიტორთა მომსახურებიდან ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6621 ლარი (5514 ლარი სასტუმროს იჯარიდან, 650 ლარი ქუეს ტერიტორიაზე აღნაგობით გაცემული ფართის იჯარიდან, 987 ლარი რუკების გაყიდვიდან, 45 ლარი საპიკნიკე ადგილების გაქირავებიდან, 45 ლარი საკარვე ადგილის გაქირავებიდან, 10 ლარი კარვის გაქირავებიდან, 20 ლარი საკონფერენციო დარბაზის გაქირავებიდან). 2020 წლის მონაცემებით ადმინისტრაციის შემოსავლებმა 5156 ლარი შეადგინა.

10. თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის 2011 წელს შემუშავდა „თუშეთის დაცული ტერიტორიების მარკეტინგისა და ტურიზმის განვითარების ქვეგეგმა“, რომელიც საჭიროებს განახლებას.

11. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს, როგორიცაა: სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ცხენები, გიდები, ტრანსპორტირება, კვება და სხვა.

12. ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო დახმარებით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მათგან აღსანიშნავია: ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების (GIZ/IBiS) და USAID/ZRDA-ს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მოიცავს როგორც სწავლებას, ასევე, სერვისების განვითარებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, ასევე „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერა, რომელმაც ადგილობრივი ბიზნესების განვითარებისთვის 80-ზე მეტი მცირე გრანტი გასცა თუშეთში.

13. GIZ-ის დახმარებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და თუშეთის რამდენიმე სოფლის გენერალური განაშენიანების გეგმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ურბანული, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერ და სწორ განვითარებას.

14. 2022 წელს საქართველოში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი: დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“, რომლებიც აღიარებულ იქნა UNSECO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის 34-ე სხდომის ფარგლებში. „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ ძირითადი შემადგენელი ნაწილია თუშეთის დაცული ტერიტორიები. ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ხელს უწყობს თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბუნებასა და კულტურაზე დაფუძნებული ეკოტურისტული სერვისების განვითარება