1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, რეინჯერებთან ერთად, პასუხისმგებელია განახორციელოს და მოამზადოს ანგარიში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე.

2. ადმინისტრაციას არ აქვს ბიომრავალფეროვნების ძირითადი ფასეულობების განახლებული მონიტორინგის გეგმა. არსებული გეგმა, რომელიც შემუშავდა სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ მიერ 2011 წელს- მოძველებულია.

3. 2020 წელს, CNF-ის დაფინანსებით, 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა შორისაცაა თუშეთის დაცული ტერიტორიები, განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების ინდიკატორი სახეობები და მომზადდა შერჩეული ინდიკატორების მონიტორინგის ათწლიანი გეგმა.

4. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობები შეზღუდულია რესურსების სიმწირის გამო, მათ შორის: ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური. დღეისათვის ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და საფრთხეების შესახებ. ძირითადად, მონიტორინგი ეყრდნობა რეინჯერთა პატრულირებისას და, ასევე, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე განხორციელებულ დაკვირვებებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები აკვირდებიან მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შერჩეულ საკვანძო სახეობებს: ნიამორს, აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს, კეთილშობილ ირემს, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე წლების შემდეგ, 2010-ში გამოჩნდა და გამრავლების პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. ამ სახეობებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება დაკვირვება, ფოტოხაფანგის მასალა, მიმდინარეობს კვალისა და ექსკრემენტების დაფიქსირება, შეხვედრიანობის აღრიცხვა. ადმინისტრაცია ახორციელებს ფრინველების მონიტორინგს. ხდება გადამფრენ და მობუდარ ფრინველებზე შეხვედრიანობის აღრიცხვა. ფრინველების რაოდენობის დადგენა ხდება ფოტოხაფანგებით გადაღებული კადრებიდან და რეინჯერების ჩანაწერების მიხედვით. თუმცა, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი მონიტორინგისათვის ადამიანური რესურსი, მათი კვალიფიკაცია და აღჭურვილობა საკმაოდ მცირეა. ამასთან, აღნიშნული მეთოდები ვერ იძლევა ზუსტ ინფორმაციას პოპულაციის დინამიკისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.

5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში კვლევებს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, CNF-ის ფინანსური მხარდაჭერით, მათ შორის UNDP/GEF 6 პროექტის ფარგლებში. განხორციელებული კვლევის შედეგების გაზიარება ხდება სააგენტოსთვის. ინფორმაცია ფლორის, ფაუნისა და ჰაბიტატების შესახებ შესავსებია. გეო-ბოტანიკური კვლევები განხორციელდა საძოვრების მართვის სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, მომზადებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების მდელოების სენსიტიურობის რუკები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საძოვრების მართვა.

6. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული საძოვრების მართვის სრულფასოვნად განსახორციელებლად საჭიროა ადმინისტრაციას ჰყავდეს ამ მიმართულების შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

7. 2010 წლიდან თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარ კორომებში თავი იჩინა დაავადებების გავრცელების ნიშნებმა. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ძირითადი მავნებლები – ქერქიჭამიების ოჯახის ორი სახეობა: ფიჭვის დიდი ლაფანჭამია (Tomicus piniperda) და ფიჭვის პატარა ლაფანჭამია (Tomicus minor Hart). 2014 წლიდან დაფიქსირდა მდგომარეობის გაუმჯობესება და 2017 წლიდან მავნებლების გავრცელება ფაქტობრივად არ გამოვლენილა. ამ დროისთვის ფიჭვნარი ჰაბიტატების ვიზუალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუშეთის ფოთლოვან ტყეებში 2019 წელს ტყის მავნებლებიდან აღირიცხა შემდეგი სახეობები: უფრთო მზომელა (Eranis defoliaria), კუნელის თეთრულა (Aporia crataegi) და არყის ცილაჭამია (Scolylus ratzeburgi). თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში მოწყობილია 5 მუდმივი სანიმუშო ფართობი, რომლებზეც მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება და მონაცემების შეგროვება.

8. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ფიჭვნარების აქტიურ სუქცესიურ პროცესებს. აღნიშნული მოვლენა განიხილება მდელოს ჰაბიტატების შემცირების და ბიომრავალფეროვნების კარგვის ერთ-ერთ მიზეზად და საჭიროებს დაკვირვებას და ანალიზს.

9. 2019 წლიდან, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის მიერ ხორციელდება პროექტი „სალმონიდები სამხრეთ კავკასიაში: კონსერვაციული სტატუსი, ტაქსონომია და გამოყენება თევზაობის მენეჯმენტში". ამ კვლევის შედეგად უნდა შეფასდეს ნაკადულის კალმახის პოპულაციის მდგომარეობა.

10. ამჟამად (2020-2021 წწ.), სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური მონაცემების დამუშავება და საველე გეოლოგიური კვლევები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდება გეოლოგიური ანგარიში, რომელიც მოიცავს 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიურ, სასარგებლო ნამარხების (მინერალური რესურსები) და ტექტონიკურ რუკებს.

11. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები, აგრეთვე, აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე მტაცებლის და ადამიანების კონფლიქტის შემთხვევებს. მაგალითად, 2018 წელს მგლის თავდასხმის შედეგად განადგურდა 81 სული ცხვარი, ხოლო დათვის თავდასხმის შედეგად 7 სული ძროხა და 1 ცხენი. 2019 წელს მგლის თავდასხმის შედეგად 21, ხოლო დათვის თავდასხმის შედეგად 5 ცხვარი განადგურდა.

12. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად აგროვებს მასალებს „ბუნების მატიანესთვის“, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, სტიქიური მოვლენების შემთხვევებს, სახეობებზე დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობების და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე, გარე მკვლევარებისა და მეცნიერების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად ვერ გამოდგება დაცული ტერიტორიების ადაპტაციური მენეჯმენტისთვის.

თავი V. თუშეთის დაცული ტერიტორიების შიდა ზონირება

და დაშვებული საქმიანობე