1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მათ სტრუქტურასა და ფორმას, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხას, მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესსა და მართვის დელეგირების წესს განსაზღვრავს სამსახური.
2. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმისთვის განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.
3. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში იწყებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ვალდებულია საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.
4. საბუღალტრო ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია საბუღალტრო ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური საბუღალტრო ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
5. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი.
6. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერს/საბუღალტრო ფირმას სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის/საბუღალტრო ფირმის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024