11. საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩუქრის ან მომსახურების მიღებისა, უფლება აქვს, იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

2. თუ გაურკვეველია, აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს.

3. საჯარო მოსამსახურისათვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების შემთხვევაში იგი ვალდებულია:

ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

ბ) შეეცადოს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა;

გ) შეზღუდოს იმ პირთან კონტაქტი, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა, და შეეცადოს მისი შეთავაზების საფუძვლის დადგენას;

დ) თუ საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, ეს საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5991 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №396 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025