1. საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან საქმის წარმოების დასრულებამდე მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში საარბიტრაჟო პრეტენზია დარჩება განუხილველი.
2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:
ა) საარბიტრაჟო მოსაკრებელი ქონებრივ დავებში განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1,5%-ით, მაგრამ იგი არ უნდა იყოს 500 (ხუთას) ლარზე ნაკლები, ხოლო 100 000 ლარზე მეტი დავის შემთხვევაში –1%;
ბ)
საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე შეადგენს
ლარს;
გ) კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 300 (სამას) ლარს.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარე
განსაზღვრავს საქმის
წარმოებაში მიღების
დადგენილებით.
4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) სპეციალისტისა და ექსპერტებისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
დ) ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
ე) გზავნილის ჩაბარებისა და საჯარო
შეტყობინებისათვის გაწეული ხარჯები;
ვ) სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც საქმის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე, ხოლო საქმის წარმოების სხვა ხარჯები გადაიხდება მოსარჩელის მიერ, რომელიც დაეკისრება მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. თუ საარბიტრაჟო სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და,შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
6. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან განუწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა, ან შეამციროს მისი ოდენობა.
7. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.
8. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
9. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მისი მოთხოვნით ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მხარეთა მორიგების შემთხვევაში საპროცესო ხარჯი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ მხარეები მორიგების აქტით სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
10. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს.
11. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უკან უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებელი არბიტრაჟის მიერ საქმის მომზადებისათვის გაწეული ხარჯების გამოკლებით.
12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებლის ნახევარს.