1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორის წარმომადგენელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
2. საბჭოს არ აქვს უფლება განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია.
3. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – საბჭოს იმ წევრის ხმა, რომელიც ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
4. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თითოეული წევრი მონაწილეობს პირადად. საბჭოს წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში წარმოადგენს შესაბამის უწყებას/სექტორს და უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას.
6. საბჭოს წევრი არ მონაწილეობს განსახილველი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, თუ დავის საგანთან მიმართებით ინტერესთა შეუთავსებლობა ან სხვა ობიექტური გარემოება არსებობს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს წევრის მიუკერძოებლობაზე.
7. პირი, რომლის საქმეც იხილება უფლებამოსილია, აცილება მისცეს საბჭოს შესაბამის წევრს, თუ ეს პირი პირადადაა დაინტერესებული განსახილველი საკითხით.
8. საბჭოს წევრი ვალდებულია აცნობოს საბჭოს აცილების საფუძვლების თაობაზე და მოითხოვოს თვითაცილება.
9. აცილების/თვითაცილების საკითხს განიხილავს საბჭოს (სხდომის) თავმჯდომარე ერთპიროვნულად.
10. საბჭოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან, სპეციფიკიდან ან სირთულიდან გამომდინარე, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომაზე, მათ შორის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ან/და სხვა სათანადო პირი.
11. სხდომაზე მოწვეული ექსპერტი, სპეციალისტი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ან/და სხვა სათანადო პირი ვალდებულია დაიცვას სხდომაზე მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება. საკითხით დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საბჭოს სხდომას შესაძლებელია დაესწროს პირის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტი/სპეციალისტი.