აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება № 11
2017 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
1. დაწესდეს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტისათვის.
2. დამტკიცდეს „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესით“ გათვალისწინებული სახსრების გათვალისწინება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
მუხლი 2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიანტის დიპლომის დამზადება უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი).
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდგომ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
დანართი
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურის სტუდენტისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს.
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური.
1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია (შემდგომში – სტიპენდია) ენიჭება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს (შემდგომში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
2. სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
1. სტიპენდიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, კანდიდატთა წარდგენისა და სტიპენდიანტის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან იქმნება კომისია.
2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიას 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ წესის შესაბამისად სტიპენდიანტის გამოვლენის შემდგომ.
6. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
7. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არაუმეტეს 3 თანამშრომლისაგან იქმნება კომისიის აპარატი.
1. სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.
3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ.
4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.
9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
11. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით.
12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სტიპენდიის დანიშვნამდე კომისიის საქმიანობაში ისეთი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რამაც შედეგებზე შესაძლო გავლენა მოახდინა, უფლებამოსილია უარი თქვას კომისიის გადაწყვეტილების მოწონებაზე და მისცეს კომისიას 10 დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო ოქმის წარმოსადგენად. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
13. სტიპენდიანტს გადაეცემა შესაბამისი სტიპენდიანტის დიპლომი.
14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე