1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი რეკომენდაციები უვნებელ კვებასთან დაკავშირებით:
ა) სისუფთავის დაცვა;
ბ) მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;
გ) სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;
დ) სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;
ე) უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.
2. კვების ბლოკის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სამზარეულო, კერძების მოსამზადებელი და სამრეცხაო ზონით, საწყობი მშრალი პროდუქტებისთვის მაცივარ-დანადგარებით და საწყობი ბოსტნეულისთვის.
3. სამზარეულოში უნდა იყოს გამწოვი ვენტილაცია.
4. სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის (ოთახის) კედლების მოპირკეთება უნდა განხორციელდეს სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე.
5. კვების ბლოკში გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. კვების ბლოკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭლით, რომელიც ინახება დახურულ კარადაში ან თაროებზე იატაკიდან არანაკლებ 0,3 მ სიმაღლეზე.
7. კვების ბლოკი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო ტევადობის მაცივრ(ებ)ით.
8. კვების ბლოკში გამოსაყენებლად შემოსული ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
9. ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი უნდა ინახებოდეს სათავსში, რომელიც აღჭურვილია თაროებით, სტელაჟებითა და კარადებით. სათავსი უნდა იყოს მშრალი და კარგად ნიავდებოდეს. მაგიდების ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და მთლიანი, ზედაპირები დამზადებული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი მდგრადი მასალისგან.
10. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში –
დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით.
11. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მათი თანმხლები ინსტრუქციების მკაცრი დაცვით. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამამზადებლის მიერ მოწოდებულ ტარაში. გამოყენებული სარეცხი ან/და სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა იყოს ტოქსიკური ადამიანისათვის და საზიანო – სურსათისათვის.
12. დაწესებულების კვების ბლოკში უნდა ხორციელდებოდეს სადეზინფექციო ხსნარებისა და სხვა საშუალებათა გამოყენების აღრიცხვა.
13. სურსათის შენახვა უნდა განხორციელდეს ეტიკეტზე მითითებული წესების დაცვით, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით.
14. შეფუთვის თითოეული ერთეულის ეტიკეტი, რომელზეც დატანილია პროდუქციის შენახვის ვადები, უნდა იქნეს შენახული პროდუქციის სრულ მოხმარებამდე.
15. დაწესებულებაში სურსათით მოწამვლის შემთხვევაში, პერსონალსა და ბავშვებს შორის მწვავე ნაწლავური ინფექციების აფეთქებისას, აუცილებელია დროულად ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ/საქალაქო ცენტრს.
16. ხორცის, თევზის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების დასაჭრელ-დასაცალკევებლად სავალდებულოა სპეციალური ნიშანდებული დანებისა და დაფების გამოყენება (მაგ.: "ახ" –
ახალი ხორცი, "მხ" –
მოხარშული ხორცი, "უთ"–უმი თევზი, "მთ"–მოხარშული თევზი, "ბ" –
ნედლი ბოსტნეული, "მბ" –
მოხარშული ბოსტნეული). დაფები და დანები უნდა ინახებოდეს სამუშაო ადგილას, სპეციალურ კასეტებში.
17. ყველა ჭურჭელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ თაროებზე, ხოლო წვრილი ინვენტარი – კარადებში.
18. სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში.
19. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა:
ა) ჭურჭელი მექანიკურად გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
ბ) გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, პირველ როფში;
გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე როფში;
დ) გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე.
20. წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 650C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს თაროებზე. ხორცის საჭრელი მანქანა უნდა დაიშალოს, გაირეცხოს მდუღარე წყლით, გამშრალდეს.
21. სამზარეულოსა და საკუჭნაოში საჭიროა ფართოდ გამოიყენებოდეს მწერებთან ბრძოლის საშუალებები.ფანჯრები და სინათლის სხვა ღიობები (მათ შორის, სარკმლები, სანათი მოწყობილობები) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება. ის ფანჯრები, რომლებიც გადის გარეთ, უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი და ადვილად გასაწმენდი ბადით. თუ ღია ფანჯრები შეიძლება გახდეს დაბინძურების წყარო, წარმოების დროს ისინი უნდა იყოს დახურული; მღრღნელების გამრავლების პროფილაქტიკისთვის საჭიროა პროდუქტების სწორი შენახვისა და ნარჩენების მართვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა.
22. ნედლეული და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე, უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე. თუ ხორცი, რძე, თევზი ერთ მაცივარში ინახება, აუცილებელია მათი დახურულ ჭურჭელში მოთავსება. არ შეიძლება კარაქი ინახებოდეს მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ერთად. ყველი რეკომენდებულია ინახებოდეს ღია სტელაჟებზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შენახულ ყველზე გაჩენილი ნადები უნდა მოშორდეს 3%-იან მარილხსნარში დასველებული სუფთა ხელსახოცით.
23. ბოსტნეული და ხილი უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად სათავსში. ფხვიერი პროდუქტები უნდა ინახებოდეს თავდახურულ ჭურჭელში ან ტომრებში სტელაჟებზე, იატაკიდან 15 სმ სიმაღლეზე. კედელსა და პროდუქტებს შორის მანძილი უნდა იყოს 20 სმ. თეთრი და შავი პური უნდა ინახებოდეს თაროებსა და კარადებში ცალ-ცალკე. თარო იატაკიდან 35 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. პურის შესანახ ადგილას ნამცეცები უნდა გადაიწმინდოს სპეციალური ჯაგრისითა და თეთრი ნაჭრით, რომელიც დასველებული იქნება 1%-იანი სუფრის ძმრის ხსნარში.
24. სამზარეულო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ხორცსაკეპი მანქანით, ერთი – უმი, ხოლო მეორე – მოხარშული პროდუქტებისთვის.
25. კატლეტი, გუფთა, ხორცისა და თევზის ფარში უნდა შეიწვას ორივე მხრიდან 10 წუთის განმავლობაში: ადუღებამდე გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ კი 5-8 წუთი მოთავსდეს ჰაერღუმელში.
26. მოხარშული ხორცისგან მეორე თავი საჭმლის მომზადებისას დაჭრილ ხორცს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს მეორეული დამუშავება 5-8 წთ-ის განმავლობაში 220-2500C ტემპერატურაზე.
27. ნედლეულის კულინარიული დამუშავებისას საჭიროა ვიტამინების შენარჩუნების წესის დაცვა: ბოსტნეულს თხელ ფენად გაეცალოს კანი და ჩაიდოს ადუღებულ წყალშ