1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).

3.  საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.

5. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

6.   საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.

7.    საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე   არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

8. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვს:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულ